ნიადაგის სტრუქტურა
ნიადაგის სტრუქტურა — ნიადაგის მკვრივი ფაზის მექანიკური ელემენტების შეწებების შედეგად წარმოქმნილი სხვადასხვა ფორმისა და ზომის ერთეულები. განარჩევენ ნიადაგის მიკრო- (<0,25 მმ) და მაკროსტრუქტურას (> 0,25 მმ).
ნიადაგის სტრუქტურა ნიადაგის წარმოქმნისა და მასზე ადამიანის საწარმოო ზემოქმედების შესაბამისად, სხვადასხვაა. მაგალითად :
- შავმიწებს აქვთ მტკიცე მარცვლოვანი სტრუქტურა;
- კორდიან-ეწერ ნიადაგებს — თხელი ფიქალისებრი სტრუქტურა;
- ყომრალ, ყავისფერ და მდელოს ყავისფერ ნიადაგებს — მტკიცე კაკლოვანი სტრუქტურა და ა.შ.
სახნავი ფენისათვის კარგია მარცვლოვან-კოშტოვანი სტრუქტურა. აგრონომიულად მაღალი ღირსებებისაა ისეთი სტრუქტურული ნიადაგი, რომლის კოშტების სიდიდეა 0,5-10 მმ და მტკიცე აგრეგატების რაოდენობა 75% აღემატება. ნიადაგის სტრუქტურის სიმტკიცე განისაზღვრება წყლის დამშლელი მოქმედებისადმი წინააღმდეგობის უნარით. ნიადაგის სტრუქტურის შექმნა და დაშლა მტკიცედაა დაკავშირებული მექანიკურ, ფიზიკურ-ქიმიურ და ბიოლოგიურ მოვლენებთან.
ნიადაგური სტრუქტურის წარმოქმნის ერთ-ერთი პირობაა ნიადაგში წვრილდისპერსიული ფრაქციების (კოლოიდური ფრაქციების), ახალდალექილი ჰუმუსის (ჰუმინისა და ულმინის მჟავას) Ca-თან ერთად არსებობა და მცენარის ფესვთა სისტემა. ნათესბალახიანი სისტემა ნიადაგის სტრუქტურის წარმოქმნის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.
ნარევი ბალახები (მარცვლოვანები და პარკოსნები) ქმნის ხელოვნურ კორდს, რომელიც მტკიცე სტრუქტურის შექმნა-შენარჩუნებას განაპირობებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლატარია ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 405.