ნიადაგის რეგრესი და დეგრადაცია

ნიადაგის რეგრესი და დეგრადაცია — პროცესი, რომლის შედეგად (დეგრადაციის შემთხვევაში) ნიადაგი კარგავს ადრე დაგროვილ ორგანულ ნივთიერებებს, რის შედეგადაც ნიადაგი განიცდის ნოყიერების დეგრადაციას, ე.ი. დაქვეითებას, ხოლო რეგრესის შემთხვევაში ნიადაგი იშლება და განიცდის გადატანას. აღნიშნული პროცესი ან ბუნებრივია ან ანთროპოგენური.

ნიადაგის ორგანული ნაწილის რეგრესი და დეგრადაცია

ნიადაგის დეგრადაცია იყოფა ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ ფაქტორებად. ფიზიკური დეგრადაციის შემთხვევაში ნიადაგის ჰიდროფიზიკური შემადგენლობა უარესდება და ირღვევა ნიადაგის პროფილი; ქიმიური დეგრადაციის შემთხვევაში უარესდება ნიადაგის ქიმიური შედგენილობა, იცვითება მკვებავი ელემენტების მარაგი და აგრეთვე მიმდინარეობს დაბინძურება; ბიოლოგიური დეგრადაციის შემთხვევაში იკლებს წყლის მრავალფეროვნება, ირღვევა სხვადასხვა ტიპის ნიადაგის მეზოფაუნისა და მიკროორგანიზმების ოპტიმალური შეხამება და უარესდება სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მონაცემები და ა.შ.

ნიადაგის დეგრადაციას განაპირობებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, ნიადაგის ზედა ფენის მასის ჭარბი მოხმარება, ტყის გაკაფვა და ა.შ.

ნიადაგის რეგრესი – ეწოდება ნიადაგის დაშლასა და ჩამორეცხვას წვიმისა და გამდნარი თოვლის წყლით ან დაშლა და გადატანა ძლიერი ქარით. წყლისმიერ რეგრესს ხელს უწყობს მთაგორიანი რელიეფი და ხშირი კოკისპირული წვიმები, ხოლო ქარისმიერ რეგრესს – ძლიერი ქარი, ტყის გაჩეხვა, ნიადაგის არასწორი დამუშავება და სხვა.

რეგრესის შედეგად უარესდება ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, სტრუქტურა, საერთოდ მცირდება ნიადაგის ნაყოფიერება, 2-3-ჯერ კლებულობს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა. წყლისმიერი რეგრესის დროს ნიადაგის ზედაპირზე ჩნდება წყალნაღარები, ხრამები, ღარტაფები, რის გამაოც მცირდება სახნავ-სათესი ფართობი და სხვა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, უარესდება ნიადაგის ჰიდროლოგიური რეჟიმი.

ქარისმიერი რეგრესის დროს ძლიერი ქარი დამუშავებული ფართობიდან რამდენიმე დღეში ნიადაგს აცლის 5-7 სმ სისქის ნაყოფიერ ფენას და აზიანებს ნათესებს, აშრობს ნიადაგს. ნიადაგის რეგრესის წინააღმდეგ იყენებენ ბრძოლის ღონისძიებათა კომპლექსს, რომელიც მოიცავს ტერიტორიის სწორ ორგანიზაციას, ნიადაგთდაცვით თესლბრუნვას, საძოვრებზე ნაკვეთმორიგეობით ძოვებასა და სხვა. მცირე ქანობებზე დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე წყალამრიდი და წყალგამყვანი კვლებით ჩამონადენის რეგულირებას, ნიადაგის სწორ დამუშავებას. 12° -ზე მეტი დაქანების ფერდობებზე ეწყობა ხელოვნური ტერასები, აშენებენ ბაღ-ვენახებს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება