ნემსიყლაპიები (ლათ. Odonata) — მტაცებელი მწერების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 13 სმ-ს აღწევს. აქვთ მოძრავი თავი, დიდი თვალები, უხვად დაძარღვული, გამჭვირვალე 4 ფრთა, კოპულირებენ ფრენის დროს. კვერცხებს დებენ წყალში ან წყლის მცენარეების ქსოვილებში. მატლები ვითარდებიან წყალში, სუნთქავენ ლაყუჩებით. ახასიათებთ არასრული გარდაქმნა. ნემსიყლაპიების მატლს აქვს ძლიერ წაგრძელებული ქვედა ტუჩი, რომელიც მსხვერპლის დასაჭერ ორგანოს — ნიღაბს ქმნის. პირის აპარატი მღრღნელია. იკვებებიან წყლის მწერების მატლებით. რიგში 4500 სახეობაა. ჩვენში, უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოში, ნემსიყლაპიები საკმაოდ ფართოდ არიან გავრცელებული. დასავლეთ საქართველოში უმეტეს შემთხვევაში დაბლობებსა და ზეგნების ზონაში გვხვდება, მაგრამ სახეობათა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია. ანადგურებენ კოღოებს, მუმლს და სხვა მავნე მწერებს, ავრცელებენ პროტოგონიმოზს — შინაური ფრინველის საშიშ დაავადებას.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, , 1984. — გვ. 377.
- საქართველოს ცხოველთა სამყარო, ტ. 2, თბ., 1964;
- ყურაშვილი ბ., უხერხემლოთა ზოოლოგია, გამოც. მე-2, თბ., 1980;