ნელი ეშბა
ნელი რაჟდენის ასული ეშბა (დ. 25 აპრილი, 1928, ოჩამჩირე, — გ. 15 მარტი, 2015) — აფხაზი რეჟისორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1971).
დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (1961). 1961 წლიდან სოხუმის ს. ჭანბას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის აფხაზური დასის რეჟისორი იყო, 1963-1964 წლებში — მთავარი რეჟისორი. 1963-1964 წლებში სტაჟირებას გადიოდა პეტერბურგის მ. გორკის სახელობის აკადემიურ დიდ თეატრში გ. ტოვსტონოგოვის ხელმძღვანელობით. 1964-1968 წლებში რეჟისორად მუშაობდა თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრში. 1968-1974 წლებში იყო სოხუმის სახელმწიფო თეატრის დირექტორი და აფხაზური დასის მთავარი რეჟისორი. 1973 წლიდან მუშაობდა რუსეთის სხვადასხვა თეატრში, მ. შ. 1974-1977 წლებში იყო ასტრახანის თეატრის დირექტორი და მთავარი რეჟისორი, 1988 წლიდან — მისივე თაოსნობით მოსკოვში შექმნილი თეატრ „ვრემიას“ დირექტორი და მთავარი რეჟისორი. საუკეთესო დადგმები: დ. გულიას „აჩრდილები”, პ. კოჰოუტის „როცა ასეთი სიყვარულია”, რ. ებრალიძის „თანამედროვე ტრაგედია”, ე. შვარცის „შიშველი მეფე”, მ. გორკის „მოაგარაკენი”, ა. დიუმას „კლოდის ცოლი”, დ. ჟოტევის „ვენერას შემოსვა”, ბ. შინკუბას „სიმღერა კლდეზე”, ფ. შილერის „დონ კარლოსი” და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ცუცქირიძე შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 121.