ნეირე ნეირი

თურქი მსახიობი

ნეირე ნეირი (თურქ. Neyyire Neyir; დაიბადა მიუნირე ეუპი (Münire Eyüp); დ. 1902, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია — გ. 13 თებერვალი 1943, სტამბოლი, თურქეთი), ცნობილია, როგორც მიუნირე ეუპ ერთუღრული (Münire Eyüp Ertuğrul) — თურქი სცენისა და კინოს მსახიობი, ასევე ხელოვნების მწერალი. ცნობილია, როგორც ერთ-ერთი პირველი მუსლიმი კინოს მსახიობი თურქეთში, რომლის დებიუტი შედგა 1923 წელს. დაქორწინებული იყო მსახიობსა და რეჟისორ მუჰსინ ერთუღრულზე.

ნეირე ნეირი
მშობლიური სახელი Neyyire Neyir
დაბადების თარიღი 1902
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 13 თებერვალი 1943
სტამბოლი, თურქეთი
დაკრძალულია ზინჯირლიქუიუს სასაფლაო
ეროვნება თურქეთის დროშა თურქი
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
ალმა-მატერი სტამბოლის გოგონათა ამერიკული კოლეჯი
საქმიანობა სცენისა და კონოს მსახიობი, ხელოვნების მწერალი
აქტიური 1923-1943
მეუღლე(ები) მუჰსინ ერთუღრული
(ქ. 1929-1943)

ადრეული წლები

რედაქტირება

დაიბადა 1902 წელს სტამბოლში, როგორც მიუნირე ეუპი. დაამთავრა გოგონათა სკოლა სტამბოლში და შემდეგ ჩაირიცხა სტამბოლის გოგონათა ამერიკული კოლეჯში, რომელიც არ დაასრულა.[1] კოლეჯში სწავლის დროს, იგი სკოლის თეატრალურ კლუბს ესწრებოდა.

1929 წელს დაქორწინდა მუჰსინ ერთუღრულზე (1892-1979), რომელსაც 1923 წელს, მისი პირველი ფილმის დროს შეხვდა.

ნეირე ნეირი 1942 წლის ოქტომბერში, ინტენსიური გულმკერდის ტკივილის გამო, რომელსაც განიცდიდა სცენაზე რეპეტიციის დროს, გადაიყვანეს საავადმყოფოში. გულის დაავადებით, ნეირე 41 წლის ასაკში, 1943 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა.[2] დაკრძალეს სტამბოლში, ზინჯირლიქუიუს სასაფლაოზე.

მისი პროფესიული სამსახიობო კარიერა ფაქტობრივად დაიწყო 1923 წელს, როდესაც იგი გადაიღეს ფილმში „Ateşten Gömlek“ (ცეცხლოვანი მაისური), რომლის რეჟისორი მუჰსინ ერთუღრული იყო. მუჰსინ ერთუღრული აპირებდა გადაეღო ფილმი, ედიფ ადივარ ჰალიდეს (1884-1964) მიერ დაწერილ პოპულარულ რომანზე, რომელშიც აღწერილია თურქეთის დამოუკიდებლობის ომის (1919-1922) დრამატული მოვლენები. ქალთა უფლებების დამცველი ადივარი, რომელიც მონაწილეობდა თურქეთის დამოუკიდებლობის ომში, უფლებას მისცემდა თავისი რომანის ეკრანიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავარ როლს შეასრულებდა თურქი მუსლიმი ქალბატონი. ოსმალეთის იმპერიაში, მუსლიმ ქალს, რელიგიური მიზეზების გამო, ფილმში გადაღების უფლებას არ აძლევდნენ. ფილმებში, ქალის როლს ასრულებდნენ თურქეთის უმცირესობათა წარმომადგენლები, ქრისტიანი ან ებრაელი ქალები. მთავარი როლის შესრულებას, ერთუღრულის მეგობრის ახლად დაქორწინებული მეუღლე, ბედია მუვაჰითი (1897-1994) დათანხმდა. სხვა ქალის როლის შესასრულებლად, გაზეთში სარეკლამო განცხადება გამოქვეყნდა. შედეგად მხოლოდ ერთი გამოხმაურება მოვიდა მიუნირე ეუპისგან, რომელიც ჯერ კიდევ კოლეჯის სტუდენტი იყო. ფიმში ითამაშა ფსევდონიმით ნეირე ნეირი და გახდა ერთ-ერთი პირველი კინოს და თეატრის მსახიობი მუსლიმი ქალი თურქეთში.[1][2][3]

იმავე წელს ნეირე ნეირმა ითამაშა მუჰსინ ერთუღრულის კიდევ ერთ ფილმში Kız Kulesinde Bir Facia (ყიზქულესის ტრაგედია). იზმირში მოკლე თეატრალური მოღვაწეობის შემდეგ, იგი 1924 წელს დაბრუნდა სტამბოლში და შეუერთდა მუჰსინ ერთუღრულის თეატრს. მოგვიანებით, იგი თავისი ნამდვილი სახელით მონაწილეობდა ფილმებში.

მონაწილეობდა სტამბოლის მუნიციპალურ თეატრში, რომლის დირექტორიც რეჟისორი მუჰსინ ერთუღრული იყო. ნეირე ნეირმა მონაწილეობა მიიღო თეატრალურ სპექტაკლებში ეგვიპტესა და კვიპროსში.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
  • Ateşten Gömlek (1923) ქეზბანის როლით
  • Kız Kulesinde Bir Facia (1923)
  • Ankara Postası (1928) (თვითონ)

აღიარება

რედაქტირება

სტამბოლის ბაჰჩელიევლერის რაიონში ერთ-ერთი ქუჩა მის პატივსაცემად დასახელდა.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Neyyire Neyir Turkish. İstanbul Kadın Müzesi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-02. ციტირების თარიღი: 2013-03-09.
  2. 2.0 2.1 Women of Us:Neyyire Neyir. Anatolian Storm (2008-02-14). ციტირების თარიღი: 2013-03-09.
  3. „Türk sinemasının serüveni“. Hürriyet (Turkish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-03. ციტირების თარიღი: 2013-03-09.