ნეზვი
ნეზვი, ქუბი — 9 თვეზე უხნესი გოჭნაყოლი დედალი ღორი. საწარმოო დანიშნულებისა და ასაკის მიხედვით განასხვავებენ ნეზვის 3 ჯგუფს: ძირითადს, გამოსაცდელსა და ერთჯერადს.
ძირითად ნეზვს წარმოებაში 5-6 წელს იყენებენ. მისი ხვედრითი წონა სანაშენე მეურნეობაში შეადგენს 10-12%-ს, სამრეწველო მეურნეობაში - 7-8%-ს, წელიწადში 1,8-ჯერ ყრის გოჭებს, 6-8 მაღალი კლასის ბურვაკს ზრდის და 1,5-2 ტ ხორცს იძლევა.
გამოსაცდელი ნეზვი ძირითადის შემცვლელია. მისი რაოდენობა სადედე სულადობის (ძირითადის) 25-30%-ს შეადგენს.
ერთჯერადი ნეზვი საწარმოო დანიშნულების ერთნაყოლი ღორია (9-16), რომელსაც გოჭების ასხლეტის შემდეგ გოჭებიანად გასასუქებლად იყენებენ. მისი გოჭი ძირითადი ნეზვის გოჭზე 10-15%-ით იაფი ჯდება. გამოსაცდელი და ერთჯერადი ნეზვი საბრუნავ საშუალებებს განეკუთვნება.
ლიტერატურა
რედაქტირება- მელითაური ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 366.