ნებროთის წიგნი
ნებროთის წიგნი, ნებროთიანი — ქურუმთა წიგნი.
ნებროთის წიგნი პირველად ქართულ მატიანეებში გვხვდება ლეონტი მროველის ქართლის ცხოვრებაში მირიან მეფის დროს, როდესაც იწყება გამოკვლევა წმინდა ნინოს მიერ ნაქადაგები ახალი სჯულის — ქრისტიანობა.
„მაშინ მირიან მეფე განკჳრდა და იწყო გამოძიებად სჯულსა ქრისტესსა და მრავალ-გზის ჰკითხავნ ჰურია-ყოფილსა მას აბიათარს ძუელთა და ახალთა წიგნთასა, და იგი აუწყებდა ყოველსა. და წიგნი-ცა რომელი ჰქონდა მირიან მეფესა ნებროთისი, და მას-ცა წიგნსა შინა პოვა წერილი ესრეთ: აღშენებასა მას გოდლისასა ჴმა იყო ზეცით ნებროთის მიმართ, რომელი ეტყოდა: „მე ვარ მიქაელ, რომელი დადგინებულ ვარ ღმრთისა მიერ მთავრობასა ზედა აღმოსავალისასა; განვედ ქალაქით მაგით, რამეთუ ღმერთი ჰფარავს ქალაქსა მაგას. ხოლო უკუანასკნელთა ჟამთა მოვიდეს მეუფე იგი ცისა, რომლისა-იგი შენ გნებავს ხილვა ერსა შორის შეურაცხსა. შიშმან მისმან განაქარვნეს გემონი სოფლისანი; მეფენი დაუტეობდენ მეფობასა და ეძიებდენ სიგლახაკესა; მან გიხილოს ჭირსა შინა და გიჴსნეს შენ“. მაშინ გულის-ხმა ყო მეფემან მირიან, რამეთუ ძუელნი წიგნნი და ახალნი ეწამებოდეს და ნებროთის წიგნი-ცა დაამტკიცებდა, და შეექმნა სურვილი ქრისტეს სჯულისა.[1]“
|
ასევე გვხდება ჯუანშერის ქართლის ცხოვრებაში, როდესაც აღნიშნულ წიგნზე და მისი შინაარსის რაობაზე გაკვრით საუბრობს ვახტანგ გორგასალი.
„ხოლო ნებროთს ენითა სპარსულითა რქუა: მე ვარ მიქაელ ანგელოზი, რომელი დადგინებულ ვარ ღმრთისა მიერ მთავრობასა ზედა აღმოსავლისასა. განვედ ქალაქით მაგით, რამეთუ ღმერთი ჰფარავს ქალაქსა მაგას ვიდრე გამოჩინებადმდე სამოთხისა, რომელი-ესე დგას მახლობელად ნაშენებსა მაგას შენსა, რომელსა შორის არს მთა ესე, რომლისაგან აღმოვალს მზე და გამოვლენ მისგან ორნი მდინარენი: ნილოსი და გეონი. რამეთუ გეონსა გამოაქუს სამოთხით ხე სულნელი და თივა, რომელი შეეზავების მუშკსა. აწ წარვედ შენდა. და დაჯედ ორთა-ვე მდინარეთა შორის, ევფრატსა და ჯილასა, და განუტევენ ნათესავნი ესე, ვითარცა ვინ ინებოს, რამეთუ წარუვლენიან უფალსა. ხოლო მეფობა შენი მეფობდეს ყოველთა ზედა მეფეთა, არამედ ჟამთა უკანასკნელთა მოვიდეს მეუფე ცისა, რომლისა შენ გნებავს ხილვა მისი, ერსა შორის შეურაცხსა; შიშმან მისმან განაქარვნეს გემონი სოფლისანი, მეფენი დაუტეობდენ მეფობასა და ეძიებდენ სიგლახაკესა. მაშინ გიხილოს შენ ჭირსა შინა და გიჴსნეს ღმერთმან. და დაუტევეს ყოველთა ქალაქი და წარვიდეს. და დაუტევნა ჰინდურად მზრახველნი ჰინდოეთს, სინდნი სინდეთს, ჰრომნი ჰრომს, ბერძენნი - საბერძნეთს, აგ და მაგუგ - მაგუგეთს, სპარსნი - სპარსეთს; ხოლო პირველი ენა ასურებრი იყო, და ესე არიან შჳდნი ენანი, რომელნი ნებროთისამდე ზრახვიდეს. ამისთჳს მოგითხარ, რომელ მამათა ჩუენთა დაფარულად ეპყრა წიგნი ესე, ხოლო მე შურმან საღმრთომან მაიძულა თქმად ამისსა, ამის მიერ შეიწყნარა მამამან ჩუენმან მირიან სახარება ქრისტესი ნინოს მიერ.[2]“
|
XIX საუკუნეში დაიწყო აღნიშნული წიგნის ძიება და გამოვლინდა მისი ერთი პირი, რომელიც ხანძრის დროს განადგურდა.
„ჩვენი მწერლობის წარჩინებულმან მეცნიერმან, თ. ნიკოლოზ ტარიელის ძე დადიანმა მიამბო მე, რომ მას ჰქონია დედის მზითევში (რაჭიდამ) მოყოლილი ერთი ცალი ამ შესანიშნავის წიგნისა ტყავზე ნაწერი მეტად უცხო ასოებითა, რომელნიც ხუცურითგანაც განირჩევიან და მხედრულიდამაც, თუმცა კი ორსავე ემსგავსებიან. ნ. დადიანს სრულად წაუკითხავს ის წიგნი, შინაარსი მისი კარგად ახსოვს და რამდენიმე ადგილი (უფრო კი შელოცვები უცნობს ენაზე დაწერილები) ზეპირად სცოდნია. ბ-ნის ნ. დადიანის ნაამბობი არა თუ არ ეწინააღმდეგება მაგ წიგნზე ჩვენამდე მოღწეულ ცნობებს, არამედ შუქსა ჰფენს და ავსებს მას. წიგნში ყოფილა მოთხრობილი ნებროთ მეფის და მისთა ნათესავთ გმირობანი და თავგადასავალნი, ნოეს შთამომავალთა მტრებთან და ერთმანეთში ბრძოლა, ბუმბერაზობანი და ლაშქარ-ნადირობანი. ერთი ნაწილი წიგნისა საკერპო წიგნი ყოფილა, სადაც უცნობს ენაზე ქართულის ასოებით დაწერილი ლოცვები ყოფილა შთაწერილი. გარდა ამისა წიგნში ყოფილა მესიაზე (მაცხოვარზე) მოთხრობაცა, რომლისაგან რამდენიმე ნაწილი განგებ ამოფხეკილი ყოფილა. ეს წიგნი, სამწუხაროდ ცეცხლს შთაუნთქამს 1871 წელს, როდესაც მთელი სახლი და მდიდარი წიგნთსაცავი სიბრძნის მოყვარის კაცისა მოულოდნელად ღამის ძილში ცეცხლით გადამწვარა დაბა ყვირილაში. ახლა დაგვრჩენია მხოლოდ ვევედრნეთ და დავავალოთ ბ-ნს ნ. ტ. დადიანს აღგვიდგინოს დაკარგული წიგნის შინაარსი და თვით პალეოგრაფიული მისი ხასიათი იმდენად, რამდენადაც შესძლებს მისი მეხსიერება[3].“
|
დიმიტრი ბაქრაძეს აღნიშნულ წიგნთან დაკავშირებით ჰქონდა თავისი მოსაზრება:
„ეს ნებროთის წიგნი დიმიტრი ბაქრაძეს მიაჩნია „ადამის წიგნად“. ეს წიგნი მისივე თქმით ასევე იხსენიება გიორგი მთაწმინდელისაგან აპოკრიფულ შრომად, ხოლო დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ გიორგიზედაც ადრე ამ "ადამის ცხოვრებას" აპოკრიფულად ჰხადის წმინდა ექვთიმეც[4].“
|
ზაქარია ჭიჭინაძე გაკვრით საუბრობს აღნიშნულ წიგნზე.
„"ნებროთიანი" სარწმუნოებრივი წიგნია. ასე შემიტყვია, თორემ "ნებროთიანი" მე თვით თვალითაც არ მინახავს. "ნებროთიანის ერთი ეგზემპლიარი იოსელიანს ჰქონია. იოსელიანმა გადმომცა რომ, „ნებროთიანი, მეთოთხმეტე საუკუნის ნახევარს უნდა იყოს დაწერილი. დამწერის სახელი არ სჩანს. „ნებროთიანის“ ხელნაწერები ერთობ მცირეა, მთელს საქართველოში მხოლოდ ორი წიგნი მოიპოვება და ეს ორივეც ხუცურად არის ნაწერი“[5].“
|