ნახშირგორის წმინდა გიორგის ეკლესია

ნახშირგორას წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირგორაში, აგებულია XX-XXI საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია ბეტონის სუბსტრუქციაზეა აღმართული და აგურით არის ნაშენი. ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა, ამავე მხარეს მიდგმული აქვს სამრეკლო-კარიბჭე. მის წინ, რელიეფს მიმყოლი რამდენიმე საფეხურია მოწყობილი. ქვედა სართულზე, ფასადები სამ მხარეს თაღებით არის გახსნილი, რომლებიც ორ სვეტსა და კედელზე დართულ პილასტრებს ეყრდნობა. მათ შიდა წახნაგზე, ორ-ორი აგურისაგან შედგენილი კაპიტელები ერთვის და ბაზალტით მოპირკეთებულ ბაზისებზე დგას. ბაზალტითვეა მოპირკეთებული ნაგებობის ერთსაფეხურიანი ცოკოლი. კარიბჭეს ბეტონის ბრტყელი გადახურვა აქვს. მეორე სართულზე ლითონის ფანჩატური-სამრეკლოა დაშენებული. მისი საფუძველი წახნაგოვანია, შედგება ლითონის წვრილი ბოძების, მათ შორის ჩართული უბრალო მოაჯირისა და მასზე დაყრდნობილი სახურავისაგან. კარიბჭის სამხრეთ კედელზე ფანჩატურზე ასასვლელი კიბეა მიმაგრებული. მართკუთხა შესასვლელის თავზე ტიმპანში, ლითონის ფირფიტაზე ნაჭედი წმ. გიორგის გამოსახულებაა მოთავსებული. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, ფროტნტონში აგურის წყობით ჯვარია გამოსახული. ამავე მხარეს, გადახურვის კეხზე ლითონის ჯვარია აღმართული. კედლებს რამდენიმესაფეხურიანი კარნიზი ასრულებს. ნაგებობა გადახურულია თუნუქის სახურავით. ინტერიერი ერთიან სივრცეს წარმოადგენს. აღმოსავლეთით ერთი საფეხურით შემაღლებული ნახევარწრიული აფსიდის შუა ღერძზე სარკმელია გაჭრილი. მის ორივე მხარეს მოზრდილი მართკუთხა ნიშებია განთავსებული. გვერდით კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია დატანილი. კარიბჭისა და დარბაზის იატაკი მეტლახით არის მოპირკეთებული. კედლების ნაწილზე კაფელია გაკრული, ზედა რეგისტრები, კამარა და კონქი კი მოხატულია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 30933