ნატკორის ეკლესია — არქიტექტურული, არქეოლოგიური ძეგლი სოფელ გულგულის სამხრეთით, სამიოდე კილომეტრზე, ნასოფლარ ნატკორის ტერიტორიაზე. თარიღდება VI საუკუნით.

ძეგლი სამნავიანი ბაზილიკაა (22x11 მ). აგებული იყო რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით, გარეთა კუთხეები, ნავების გამმიჯნავი ბოძები და თაღები - შირიმით. ნაგებობის გეგმის სწორკუთხედში ჩაწერილია საკმაოდ ვრცელი, შუა ნავი და ვიწრო, გვერდის ნავები, რომლებიც ერთმანეთისგან გეგმით ჯვრული ფორმის ბოძების სამი წყვილით იყო გამიჯნული. ბოძებზე გრძივი მიმართულებით გადაყვანილი იყო სუფთად ნათალი შირიმის კვადრებით გამოყვანილი, ნალისებრი თაღები. თაღები ეყრდნობოდა შირიმისავე იმპოსტებს (შემორჩენილია რამდენიმე იმპოსტი, რომელთა პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს).

ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს : სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით. შუა ნავი, აღმოსავლეთით, ნალისებრი აფსიდითაა დასრულებული. აფსიდი ორივე მხრიდან ფლანკირებულია გვერდის ნავების აღმოსავლეთ ბოლოში მოწყობილი, გეგმით სწორკუთხა, მცირე სათავსებით, რომლებიც სამკვეთლის და სადიაკვნის ფუნქციას ასრულებდნენ. თითოეულ მათგანში მთავარი ნავის აფსიდის მხარეს მოქცეულ კედელში, თითო ღრმა ნიშაა. ბაზილიკის აგებიდან მოკლე დროში (როგორც ჩანს, VII-VIII საუკუნეებში), მისთვის სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან, მთელ სიგრძეზე, მიუშენებიათ ნალისებრაფსიდიანი თითო ნავი, რომლებსაც შესაბამისი მხარეების მხრიდან, ორ-ორი შესასვლელი ჰქონია. მათგან სამხრეთი ნავის სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში არსებული შესასვლელი მოგვიანებით ამოუშენებიათ. შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესიის კედლები დასრულებული ყოფილა ნალისებრი თაღების მწკრივით გაფორმებული, თაროსებრი ლავგარდნით (სიმაღლე- 20 სმ).

ეკლესია არაერთხელ ყოფილა დაზიანებული (როგორც ჩანს, მიწისძვრებით) და განახლებული. X-XI საუკუნეებში, პირველი ნგრევის შემდგომ, ნავების გამმიჯნავი ბოძების დასავლეთი წყვილის ხაზზე, ბაზილიკის მთელ სიგანეზე, აუგიათ ყრუ კედელი, რომელშიც ნავების გამმიჯნავი, ორივე ბოძი იყო ჩართული (ერთ-ერთი ბოძი მთელ სიმაღლეზეა შემორჩენილი). შუა ნავის ფარგლებში, ამ კედლის ზედა ნაწილში, მოწყობილია მცირე ზომის სარკმელი. მომდევნო ხანებში (სავარაუდოდ, XIV საუკუნეში), ასეთივე კედელი, მაგრამ პირველზე ბევრად დაბალი, ჩააშენეს ბოძების შუა წყვილს შორისაც. ამავე დროს, შუა ნავის სამხრეთ თაღებიდან , აღმოსავლეთიდან პირველ და მეორე, ხოლო ჩრდილოეთ თაღებიდან - აღმოსავლეთიდან მეორე - მთლიანად ამოუშენებიათ და შუა ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მცირე სამლოცველო მოუწყვიათ, რომელშიც შესვლა მხოლოდ ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავიდან, აღმოსავლეთით მდებარე თაღიდან იყო შესაძლებელი.

2002 და 2005 წლებში ძეგლზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს ეკლესიაში აღმოჩნდა რამდენიმე სამარხი. ბაზილიკის სამკვეთლოსა და სადიაკვნეში მოწყობილი ორი სამარხი XI-XII საუკუნეეს განეკუთვნება, დანარჩენები კი - XIV-XV საუკუნეებს. სადიაკვნეში არაებული სამარხის ჩრდილოეთ კედელში ჩართული იყო ბაზილიკის თანადროული კედელის მოჩუქურთმებული, ორი ფილა, მინაშენის აფსიდში, ტრაპეზის ორივე მხარეს, აღმოჩნდა კირქვის იმავე პერიოდის, ასევე მოჩუქურთმებული სცეტისთავი. შუა ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მოწყობილი სამლოცველოს თავდაპირველ იატაკზე დადასტურდა XIV საუკუნის მოღოლური მონეტა. გვიანდელ, მიწურ იატაკზე კი - ნახანძრალ ფენაში- XVII საუკუნის ირანული მონეტა და 1684 წლით დათარიღებული, მხედრულწარწერიანი სპილენძის ზარი. სავარაუდოა, რომ ეკლესია სწორედ ირანელთა შემოსევის დროს დაინგრა და მომდევნო ხანებში აღარ აღდგენილა.

ეკლესიასთან ახლოს, ჩრდილოეთით, შეინიშნება ნაგებობების კვალი. მათ შორის ერთ-ერთი გეგმით სწორკუთხაა და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა სამხრობილი. იქვე, მიწაში ჩაფლულია შირიმის ქვის მოზრდილი ბლოკი. ეკლესიის ნამგრევებთან სოფელი ვარდისუბნისა და გულგულის მისახლეობა აღდგომის მეორე დღეს "ნატკორობას" დღწაასწაულობს, რამაც ძეგლის გამოკვლევის დროს, აკადემიკოს გ. ჩუბინაშვილს აფიქრებინა, რომ იგი ღვთისმშიბლის სახელზე უნდა ყოფილიყო აგებული.

ლიტერატურა

რედაქტირება