ნასადგომარის სამაროვანი, გადრეკილის სამაროვანი, — გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანისსამაროვანი ადგილ ნასადგომარზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო კაჭრეთთან (ყოფილი სოფ. გადრეკილი ან მახარაძე). არქეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს 1970 წლიდან (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). სამაროვნის ფართობია დაახლოებით 200×50 მ2. შესწავლილია 105 სამარხი და სამარხის ნაშთი. სამაროვანზე დადასტურდა 3 იარუსად განლაგებული ორმოსამარხები. ქვედა იარუსზე ორმოსამარხებთან ერთად მიწაყრილიანი და ორმოიანი გორასამარხებიც გვხვდება. სამაროვანზე აღმოჩნდა ბრინჯაოს იქრაღი და სამკაული, ობსიდიანის ისრისპირები, ძვლის სხვადასხვა ნივთი. დიდი რაოდენობით აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი საშუალებას იძლევა თვალი გავადევნოთ ადგილობრივ მატერიალური კულტურის თანამიმდევრულ ეტაპობრივ განვითარებას ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრიდან ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისამდე. ქვედა სართულის სამარხეული მასალა იმ დროის ცენტრალურ ამიერკავკასიაში გავრცელებული მატერიალური კულტურის იდენტურია. რამდენიმე სამარხში ფირფიტოვანი ბრინჯაოს აბჯრის ნაწილები აღმოჩნდა, რომლებიც წინააზიური წარმომავლობისა უნდა იყოს. თარიღი იქაური წარწერებითაა დადგენილი (ძვ. წ. XIV-XIII სს.), ზედა იარუსის სამარხულ მასალაში კი აშკარად ჩანს ადგილობრივი, კახური ლოკალური ვარიანტის ჩამოყალიბების ნიშნები.

ლიტერატურარედაქტირება

  • ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV-VII სს.), თბ., 1973;