ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
თბილისის ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი — ინსტიტუტი საქართველოში. დაარსდა 1993 წელს. 1981 წელს ნარკოლოგიური დისპანსერის (შეიქმნა 1976 წელს) ბაზაზე ჩამოყალიბდა ნარკოლოგიური რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც ასეთი ტიპის პირველი დაწესებულება იყო სამხრეთ კავკასიაში. 1985 წელს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში შეიქმნა ნარკოლოგიის სამედიცინო-ბიოლოგიურ პრობლემათა განყოფილება. 1993 წელს აღნიშნული განყოფილების და რესპუბლიკური ნარკოლოგიური საავადმყოფოს ბაზაზე შეიქმნა ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევის და პრაქტიკული საქმიანობის მიმართულებებია: ნარკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის რაციონალური მეთოდების შემუშავება; ნარკომანიით, ალკოჰოლიზმით დაავადებულთა და ნარკოლოგიური პროფილის სხვა ავადმყოფოთა სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობა; ნარკოლოგიური სამსახურის საორგანიზაციო-მეთოდური ხელმძღვანელობა ქვეყანაში.
ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში არის 2 კლინიკური განყოფილება, პოლიკლინიკა და საექსპერტო განყოფილება, კლინიკურ-ბიოქიმიური და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური განყოფილება; საორგანიზაციო, საინფორმაციო, პრევენციის განყოფილება და სამეცნიერო ნაწილი. უკანასკნელი წლების განმავლობაში ინსტიტუტში გამოქვეყნებულია მრავალი სამეცნიერო შრომა.
ლიტერატუა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 706, ISBN 99928-20-32-2.