ნარეკვავის სამაროვანი
ნარეკვავის სამაროვანი — ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის (ძვ. წ. XIII-VI საუკუნეები) სამაროვანი ადგილ ნარეკვავთან, მუხრანის ველზე, მცხეთის ჩრდილოეთით 5-6 კმ-ზე. აღმოჩნდა შემთხვევით (1938-1940). 1960 წელს გათხრების შედეგად (ხელმძღვანელი ა. კალანდაძე) გამოვლინდა რამდენიმე ორმოსამარხი და სამარხი ნაშთი. მიცვალებულები იწვნენ მარცხენა გვერდზე მოკრუნჩხულად, თავი ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ ჰქონდათ. სამარხებში აღმოჩნდა საქონლის ძვლებიც (მათ შორის ცხენის თავის ქალა). ნაპოვნია შედარებით ადრეული საფეხურის (ძვ. წ. XIII-X სს.) მასალა:ბრინჯაოს სატევრები, კოლხური ცული, შუბისპირები, მახვილი, აკინაკი, ცულები, ბრინჯაოს ისრისპირები, ბუნიკები, ლაგმები, ქარქაში. კერამიკა შავპრიალა, ლეგა და მოვარდისფროა, უმრავლესობა ჩარხზეა ნაკეთები. შემკულია გრავირებითა და პრიალა ხაზებით. ჭურჭლის ფორმათა მრავალსახეობა მოწმობს სხვადასხვა სამეურნეო დარგის დაწინაურებას. კერამიკა გამოირჩევა ფორმათა მდგრადობით. აღმოჩენილია აგრეთვე ძვ. წ. XVI-XV საუკუნეების თრიალეთური ტიპის თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს მოგრძო სატევარი, რაც იმას მოწმობს, რომ სამაროვანი აქ ადრეულ ხანაშიც არსებობდა.
ნარეკვავის სამაროვანის მასალა სამთავროს სამაროვნის „ქვედა სართულზე“ ნაპოვნი მასალის ანალოგიურია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ოქროპირიძე ნ., ნარეკვავის სამაროვანი, «ივ. ჯავახიშვილის სახელოის ისტორიის ინსტიტუტის შრომები», 1964, ტ. 7;
- მისივე, მუხრანის ველის არქეოლოგიური ძეგლები ძვ. წ. XVII-VII სს., «მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის», 1965, ტ. 4;
- გოგაძე ე., ქსე, ტ. 7, გვ. 318-319, თბ., 1984