მხარგრძელი ყვითელი
მხარგრძელი ყვითელი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.
მხარგრძელი ყვითელი ძალიან ახლოს დგას სხვა კახურ ჯიშებთან ფოთლის დანაკვთვით, შებუსვით და მტევნის სიდიდით. მარცვლის ფორმით იგი ძალიან წააგავს ჩვეულებრივ მხარგრძელს, რომლისგანაც ძირითადად მარცვლის მოქარვისფრო-მოყვითალო შეფერვითა და ყვავილის ტიპით განსხვავდება.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი გრძელია (12-დან 26 სანტიმეტრამდე), კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის და მხრიანი, მეჩხერი, ზოგჯერ ძალიან მეჩხერი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ შეზნექილი, ყვითელი, სიმწიფეში მოქარვისფრო და ღია ვარდისფერი იერი დაhკრავს. სქელკანიანია, კარგად შესამჩნევი ცვილისებრი ფიფქით დაფარული. რბილობი წვნიანია, გემო ნაზი და სასიამოვნო აქვს, ოდნავ შესამჩნევი ჯიშური არომატით.
ყვითელი მხარგრძელის სავეგეტაციო პერიოდი 131-დან 152 დღემდე მერყეობს. მტევნის წონა 100-200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 5.0-6.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6-8 გ/ლ-ს.
ყვითელი მხარგრძელი გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო ჩალისფერია, კარგად გამოხატული ჯიშური არომატით, საშუალო სხეულითა და ჰარმონიული გემოთი. ასევე გამოიყენება სასუფრე ყურძნად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 274-275