მურმან ალექსანდრეს-ძე ლომთათიძე (დ. 2 დეკემბერი, 1929, ქუთაისი, საქართველოს სსრ — გ. 27 სექტემბერი, 2006, საქართველო) — საბჭოთა და ქართველი მოცეკვავე და ქორეოგრაფი. საქართველოს სახალხო არტისტი (1980).

მურმან ლომთათიძე
დაბადების თარიღი 2 დეკემბერი, 1929
ქუთაისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 27 სექტემბერი, 2006 (76 წლის)
საქართველო
ეროვნება ქართველი
საქმიანობა მოცეკვავე, ქორეოგრაფი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1945-1949 წლებში ქუთაისის ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში, ხოლო 1949-1955 წლებში კი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში გამოდიოდა როგორც სოლისტი-მოცეკვავე. 1955-1962 წლებში იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ლენინური კომკავშირის სახელობის ქუთაისის ახალგაზრდობის ხალხური ცეკვის ანსამბლს. 1962-1968 წლებში იყო თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატის, „საბჭოთა საქართველოს“ ქორეოგრაფიულ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1968-1974 წლებში თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „სინათლის“ მთავარი ქორეოგრაფი. 1974-2000 წლებში საქართველოს პროფკავშირების კულტურის სახლის მთავარი ქორეოგრაფი და სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლ „თბილისის“ სამხატვრო ხელმძღვანელი.

მურმან ლომთათიძეს დადგმული აქვს ცეკვები ოპერებში „დაისი“ და „ქეთო და კოტე“ (ქუთაისის ოპერის თეატრი), „მინდია“ (მინსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი და ტარტუს „ვანემუინეს“ აკადემიურ თეატრი), მულტფილმებში „საზამთრო“, „კომბლე“ და სხვა. ასევე დადგმული აქვს ერთმოქმედებიანი სპექტაკლი-კონცერტი „საგალობელი თბილისს“.

მის ანსამბლებს, სხვადასხვა დროს, მიღებული აქვთ მონაწილეობა მრავალ ქართულ მხატვრულ ფილმებში. თვითონ მურმან ლომთათიძე, როგორც მსახიობი გადაღებულია ლერი სიხარულიძის ორ მხატვრულ ფილმში - „უსასრულობა“ (1971) და „ინდი-მინდი“ (1977)[1].

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის შექმნის დღიდან მის გარდაცვალებამდე იყო ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე.

მურმან ლომთათიძე 2006 წლის 27 სექტემბერს გარდაიცვალა. 2016 წელს, ქუთაისში, მისი საცხოვრებელი სახლის კედელზე მემორიალური დაფა გაიხსნა[2].

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება