მურადოული
მურადოული — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა. თირკმლისებური, ზოგჯერ მომრგვალო, თითქმის მთლიანი ან სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი საშუალო ან დიდი ზომისაა, ფართოდ კონუსური, მხრიანი, საშუალო სიკუმსის, თხელი და მეტად თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა. მომრგვალო, მომწვანო-მოყვითალო ელფერიიი. კანი უხეში აქვს, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული, რბილობი მდნარია.
მურადოული საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 162-164 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის წონა საშუალოდ 150 გრამია. თელავში საჰექტარო მოსავლიანობა 6.0 ტონაა, ხოლო იმერეთში — 13.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9-11 გ/ლ-ს.
ღვინოს ცალკე იშვიათად ამზადებენ, ძირითადად ადგილობრივ ჯიშებთან, კუნძასთან და იმერულ მწვანესთან ერთად გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 253