მტევანდიდი, აკიდოქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე-სასუფრე ვაზის ჯიში გურიიდან.

ფილოქსერას გამოჩენამდე მტევანდიდი გურიასა და აჭარაში ფართოდ იყო გავრცელებული. ადგილობრივი მოსახლეობა მტევანდიდს ჯანის ყურძენს ურევდა და ამზადებდა წითელ სუფრის ღვინოს, რომელსაც „საჯავახოს ღვინო“ ერქვა. ზემო გურიის ზოგიერთ სოფელში მტევანდიდი ცნობილია აგრეთვე აკიდოს სახელწოდებით, რაც გურიაში ორმტევნიან რქას ნიშნავს.

გავრცელება

რედაქტირება

მტევანდიდი როგორც უხვმოსავლიანი და საკმაოდ ხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში წარსულში გურიაში ფართოდ იყო გავრცელებული. განსაკუთრებით ფართოდ იყო იგი წარმოდგენილი გურიის აღმოსავლეთ ნაწილში. ვაზები კულტივირებული იყო მაღლარად და მიუხედავად მოუვლელობისა სავსებით ნორმალურად იზრდებოდა, ვითარდებოდა და უხვ მოსავალსაც იძლეოდა. მტევანდიდის მაღლარები ფართო მასივების სახით იყო წარმოდგენილი აგრეთვე მის მოსაზღვრე აჭარაშიაც, განსაკუთრებით აჭარისწყლის ხეობის მარჯვენა ზოლში. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან გავრცელებულ სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მოქმედების შედეგად მტევანდიდის მაღლარები გურიაში, მსგავსად სხვა აბორიგენული ჯიშებისა, მასობრივად განადგურდა და აქაიქ მხოლოდ თითო-ოროლა ძირი გადარჩა.

მტევანდიდის გავრცელების თანამედროვე არეალი მიუხედავად კარგი მოსავლიანობისა და პროდუქციის საკმაოდ მაღალი ღირსებისა მნიშვნელოვნად შეზღუდულია, რაც პირველყოვლისა გამოწვეულია უხვმოსავლიანი იმერული ჯიშის ცოლიკოურის ფართო გავრცელებით.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

მტევანდიდს უვითარდება საშუალო ან საშუალოზე ოდნავ დიდი მტევნები. მარცვალი მუქი ლურჯი (თითქმის შავი) ფერისა და საშუალო სიდიდისაა-სიგრძე 15.3 მმ და სიგანე 13.4 მმ უდრის. ყვავილობა იწყება მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში და 14-15 დღეში მთავრდება. ყურძენი შეთვალებას იწყებს 26-28 აგვისტოდან და მწიფდება ოქტომბრის დამლევს ან ნოემბრის პირველ დეკადაში. ფოთოლცვენას მტევანდიდი ჩვეულებრივ იწყებს ნოემბრის მეორე ნახევარში და ამთავრებს ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის პირველ რიცხვებში.

ვაზის ზრდა-განვითარება საშუალო ან საშუალოზე ძლიერია. მტევანდიდი მოსავლის პირველ ნიშანს იძლევა დარგვიდან მესამე წელს. მაღლარად ფორმირებული მტევანდიდის მოსავლიანობა მეტად ცვალებადია; დაბლარად აღზრდილი ვაზების მოსავალი ქართული წესით ფორმირების შემთხვევაში ერთი ძირიდან საშუალოდ 3 კგ არ აღემატება. მოსავლიანობის კოეფიციენტი 1.7-2 აღწევს. რქაზე ხშირად ორი მტევანია.

მტევანდიდი ფილოქსერისადმი სუსტი გამძლეობით ხასიათდება. მტევანდიდს აზიანებს ყურძნის ჭია. უფრო მეტად ეს მავნებელი ვითარდება ყვავილობისა და ყურძნის მწიფობის პერიოდში და იწვევს მოსავლის მნიშვნელოვნად შემცირებას და პროდუქციის ხარისხის გაუარესებას. ჯიში მაღალი ღირსებისაა და საღ ყურძენს იძლევა მზით უხვად განათებულ სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაქანებულ ნაკვეთებზე, სადაც ნიადაგი ნოყიერია და კალციუმის კარბონატების საკმაო რაოდენობას შეიცავს, დაბლობ და ნოყიერ ადგილებში მტევანდიდი უხვ მოსავალს იძლევა, მაგრამ პროდუქციის ხარისხი მნიშვნელოვნად დაბალია. ჯიში ადვილად ეგუება როგორც მოკლე, ისე გრძელ გასხვლას.

მტევანდიდი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 210 დღეა, ხოლო სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის საშუალო წონა 110-280 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.5-9.5 გ/ლ-ს.

მტევანდიდის ვარიაციებიდან გურიის რაიონებში გავრცელებულია ე.წ. მამალი მტევანდიდი, რომელიც როგორც ბოტანიკური ნიშნებით, ისე აგრობიოლოგიური და სამეურნეო თვისებებით მნიშვნელოვნად განსხვავდება ნამდვილ მტევანდიდისაგან.

მტევანდიდის პროდუქცია წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული, როგორც ხარისხოვანი წითელი სუფრის ღვინის დასაყენებლად, ისე ძირითად საკუპაჟე მასალად. მტევანდიდი ყურადღებას იპყრობს აგრეთვე, როგორც საჭმელი ყურძენი. მას შენახვის დიდი უნარი აქვს (ინახება მთელი ზამთრის განმავლობაში) და აგრეთვე კარგი ტრანსპორტაბელობა ახასიათებს.

მამალი მტევანდიდი ნამდვილი მტევანდიდის მცირემოსავლიანი ვარიაციაა. ვაზს ახასიათებს ძლიერი ზრდა ცალკეული რქების სიგრძე სავეგეტაციო პერიოდის დასასრულისათვის ხშირად 4-5 მ აღწევს. საშუალოზე მცირე სიდიდისა და ღრმად დანაკვთული ფოთლები აქვს. მტევანი საშუალოზე მცირეა, დატოტვილია, მეჩხერი და თითქმის უფორმო. მარცვალი საშუალოზე მცირეა და ჩვეულებრივ ტკბილი გემო აქვს. რქაზე ხშირად ერთი მტევანია, როგორც მცირემოსავლიანი ვარიაცია, იგი ინტერესს მოკლებულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 250
  • შარაშიძე გ., ექვსი საუკეთესო გურული ყურძნის ჯიშის ამპეოლოგია // „გურიის წარსულიდან“, თბილისი, 2006 [1930]. — გვ. 177-178, ISBN 99940-62-66-2.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება