მრეწველობის ნაციონალიზაცია
მრეწველობის ნაციონალიზაცია — სამრეწველო საწარმოთა და დაწესებულებათა გადასვლა კერძო საკუთრებიდან სახელმწიფო საკუთრებაზე. ნაციონალიზაციას, იმის მიხედვით თუ ვის მიერ, რომელი კლასის სასარგებლოდ და რომელ ისტორიულ ეპოქაში ხორციელდება, სხვადასხვა ეკონომიკური და პოლიტიკური შინაარსი აქვს. მაგალითად, ბურჟუაზიული მრეწველობის ნაციონალიზაცია, ცალკეულ კაპიტალისტთა კერძო საკუთრებაში მყოფი გარკვეული რაოდენობის საწარმოთა კაპიტალის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლაა, იგი თვით კაპიტალისტთა კლასის სასარგებლოდ ხორციელდება. საწარმოო ძალებისა და წარმოებითი ურთიერთობის კაპიტალის ხასიათი უცვლელი რჩება. სოციალური ნაციონალიზაცია კი მოასწავებს კერძო კაპიტალისტთა საკუთრებაში მყოფი წარმოების საშუალებების, მშრომელი ხალხის ინტერესების დამცველი, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლას. ასეთი ღონისძიებების გატარებით კაპიტალისტებს ხელიდან ეცლებათ, მათი ბატონობის ეკონომიკური საფუძველი და ნაციონალიზებული საწარმოები მთელი მშრომელი ხალხის საერთო კუთვნილებად იქცევა. სოციალური ნაციონალიზაციის აუცილებელი წანამძღვარია მშრომელი ხალხის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების ხელში აღება, ესეიგი პროლეტარიატის დიქტატურის დამყარება. მრეწველობის ნაციონალიზაცია ხორციელდება ორი ძირითადი გზით:
კონფისკაცია
რედაქტირებამრეწველობის ნაციონალიზაციის კონფისკაციის გზა – კერძო საკუთრების ძალდატანებით გადაქცევა სახელმწიფო საკუთრებად ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.
რეკვიზიცია
რედაქტირებამრეწველობის ნაციონალიზაციის რიკვიზიციის გზა – კერძო საკუთრების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა, როდესაც მის კერძო მესაკუთრეს ამ საკუთრების ღირებულება ან მისი ნაწილი აუნაზღაურდება.
მრეწველობის ცალკეულ საწარმოთა და დარგთა ბურჟუაზიული ნაციონალიზაცია, როგორც წესი, ხშირად თვით მათი, კერძო მესაკუთრეთა, ნება-სურვილის შესაბამისად, რეკვიზიციის მეთოდით ხორციელდება. ასეთი ნაციონალიზაციით სახელმწიფო ხელს უწყობს მათ ადრინდელ მესაკუთრეებს თავიანთი კაპიტალი ნაკლებ მომგებიანი დარგებიდან მომგებიანს გადააბანდონ. სსრკ-ში მრეწველობის ნაციონალიზაცია კონფისკაციის მეთოდით განხორციელდა. აქ ნაციონალიზაციის პირველ ეტაპზე (1917 წლის ნოემბრიდან — 1918 წილს თებერვლამდე) კაპიტალისტებს აუნაზღაურებლად ჩამოერთვათ და სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა 836 სამრეწველო საწარმო. მეორე ეტაპზე (1918 წლის მარტიდან აპრილამდე) სახელმწიფო საკუთრებად გადაიქცა კაპიტალისტთა 1222 საწარმო. ხოლო ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა ნაციონალიზააციის მესამე ეტაპზე 1918—1919 წლებში.
მრეწველობის სოციალური ნაციონალიზაცია გარკვეულ კონკრეტულ სოციალისტურ პირობებში არ გამორიცხავს რეკვიზიციის მეთოდის გამოყენების შემთვევებსაც. ნაციონალიზაციის ასეთ მეთოდს იყენებდნენ ევროპის და აზიის ქვეყნებში სოციალური რევოლუციის მიმდინარეობის დროს. მრეწველობის სოციალურმა ნაციონალიზაციამ, როგორც სსრკ-ში, ისე სოციალურ სამყაროს სხვა ქვეყნებში უდიდესი როლი შეასრულა ექსპლუატატორთა კლასების ლიკვიდაციისა და სოციალური ეკონომიკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 172.