მოღნისის წმინდა გიორგის ეკლესია

(გადამისამართდა გვერდიდან მოღნინი)

მოღნისის წმინდა გიორგის ეკლესია (ცნობილია აგრეთვე როგორც: მოღნის წმინდა გიორგის ეკლესია) — წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესია[1], რომელიც მდებარეობს თბილისში, ქვემო კალაში, ჯვარის მამის ეკლესიის ზევით. ტაძარი ჯვარგუმბათოვანია, ნაშენია აგურით. ამჟამად დანგრეულია, ჩამოქცეულია გუმბათი.

მოღნისის წმინდა გიორგის ეკლესია

მოღნისის წმინდა გიორგის ეკლესია 2016 წლის მარტის მდგომარეობით

მოღნისის წმინდა გიორგის ეკლესია — საქართველო
მოღნისის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°41′25″ ჩ. გ. 44°48′15″ ა. გ. / 41.69028° ჩ. გ. 44.80417° ა. გ. / 41.69028; 44.80417
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ჯვარგუმბათოვანი
თარიღდება XIII-XIV სს.
დეტალები

1800 წლის ტფილისის რუკაზე დატანილია მოღნისის ორი — დიდი და მცირე ეკლესიები

ისტორია რედაქტირება

თბილისში, პურის მოედნის სიახლოვეს იდგა მოღნის ორი ეკლესია. ჩვენამდე მხოლოდ ერთმა - ღვთისმშობლის დიდმა ეკლესიამ მოაღწია. ამ ორი ეკლესიის კუთვნილების და აშენების თარიღის შესახებ სხვადასხვა ვარაუდი არსებობს.

XVII საუკუნის სომეხი ისტორიკოსის ზაქარია ქანაქერცის „ქრონიკაში“ არის ლეგენდა წმინდა გიორგის წმინდა ნაწილების საქართველოში გადმობრძანების შესახებ. ამ ნაშრომის მიხედვით, წმინდა ნაწილები, რომლებსაც სასწაულმოქმედი ძალა ჰქონდათ, დასვენებული იყო სომხეთის კარიბის ოლქში — ჰოვჰანავანქის მონასტერში. „ქრონიკაში“ ვკითხულობთ, რომ XIII-XIV საუკუნეებში, როდესაც კარიბის ოლქი ქართველ მეფეთა გამგებლობაში იმყოფებოდა, უფლისწულს — მეფე დათოს ძეს შეეყარა კანის უკურნებელი სნეულება. მის გადასარჩენად მეფემ ბრძანა წმინდა ნაწილების გადმოსვენება თბილისში, რასაც ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. მეფე იძულებული გახდა საქართველოდან მძევლებად გაეგზავნა დიდებულთა ბავშვები, რომლებიც დატოვებულ იქნენ სომხეთში. ამ მძევლების შთამომავალი იყო თვით ისტორიკოსი ზაქარია ქანაქერციც. მისი გადმოცემით, კარბელებმა წმინდანის ნეშტიდან მხოლოდ „კბილების ნაწილები და სისხლი“ დაიტოვეს, ხოლო სხვა დარჩენილი წმინდა ნაწილები თბილისში გადმოასვენეს. უფლისწული წმინდა ნაწილების ჩამოსვენებამდე გარდაცვლილა. განრისხებულმა მეფემ დაიტოვა წმინდა ნაწილები და მათთვის თბილისში წმინდა გიორგის ეკლესია ააშენა.

„ქრონიკაში“ აღწერილ მოვლენას ისტორიკოსები სხვადასხვა თარიღს და მეფეს უსადაგებენ: 1247-1269 წლებს და დავით ულუს მეფობას, 1298-1311 წლებს და დავით VIII-ის მეფობას, 1505-1525 წლებს და დავით X-ის მეფობას ან ამ მოვლენასთან დაკავშირებულია საქართველოს მეფე დავით VIII, დემეტრე II-ს ძე, რადგან მისი მეფობის პერიოდში კარბის ოლქი ქართლის სამეფოში შედიოდა, რასაც ადასტურებს თვით ჰოვჰანავანქის მონასტრის ეგვტერის სომხურენოვანი წარწერა.

ეკლესიის დღევანდელი სახელი „მოღნი“ დაკავშირებულია ერევანთან ახლოს მდებარე ამავე სახელის სოფელთან, სადაც ინახებოდა წმინდა გიორგის თავის ქალა, რომელიც შემდგომ პერიოდში მოღნიდან თბილისში გადმოუსვენებიათ. ჟან შარდენის ნაშრომში „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ ვკითხულობთ, რომ ეს წმინდა ნაწილები უკვე არსებულ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაუბრძანებიათ. დავით ნინიძის აზრით, ეს მოვლენა XV საუკუნის II ნახევარში უნდა მომხდარიყო და თბილისში გადმოიტანეს სომხეთში დარჩენილი კბილები და სისხლის ნაწილი.

რა პერიოდში და რა მიზეზით გადადის მოღნის ეკლესიები სომხური ეკლესიის ხელში უცნობია. პლატონ იოსელიანის აზრით, მცირე წმინდა გიორგის ეკლესია საფუძვლიანად გადაკეთდა 1754 წელს, თუმცა იგი დასძენს, რომ ტაძარი „ძველის შთაბეჭდილებას ტოვებს“ და წმინდა ნაწილები მისი განახლების დროს იქ იყო დაბრძანებული. ცნობა ეკლესიის „საფუძლვლიანად გადაკეთების“ შესახებ გვაფიქრებინებს, რომ ზუსტად ამ პერიოდში გადადის იგი სომხების ხელში.

მოღნის წმინდა გიორგის მცირე ეკლესიის გვერდით იდგა უფრო დიდი ზომის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია. 1837 წლით დათარიღებულ ეგნატე იოსელიანის მიერ შედგენილ კატალოგში „მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში“ მოღნის ეკლესიების შესახებ ვკითხულობთ:

 
„მახლობელ თავადთა ბებუდოვთა სასახლეთა არს ეკკლესია გუმბათიანი სახელსა ზედა წმინდისა გევორქისა, მოღნინად წოდებული, დგომარე ოთხსა სვეტსა ზედა, გარდა დიდისა. ამის ეკკლესიისა გუმბათისა სამსა მხარესა, ზედა კუთხესა გარედამ ადგს სამი მოწვრილო გუმბათი. ამათ მწვრილთა გუმბათთაგანი ერთი არს ზარებისათვის და ორი ცარიელ, ამას ეკკლესიასა შინა ასვენია ნაწილი წმინდისა გევორქისა. ესე აღშენებულ არს წელსა 1532 სა მოქალაქეთა მანდენოვთა, ბასტაბოვთა და ბაშინჯაღელოვთაგან. შინაგან ფრიად მშვენიერ სახილველი ვიდრე გარეგან… ამავე ეკკლესიისა გალავანსა შინა მახლობელ ხუთსა საჟენისა არს სხვა მეორე ეკკლესია წმინდისავე გევორქისა, იგიცა წოდებული პატარა მოღნინად, გუმბათიანი, ქვით-კირით აღშენებული ძველადვე ტერ-შიმოვანოვთაგან, რომელნიცა იწოდებიან თავადად აბიმელიქოვად. და ესე არს ზედმიწერილი დიდსა მოღნინსა ზედა“

ეგნატე იოსელიანს ორივე ეკლესია წმინდა გიორგის სახელით აქვს მოხსენიებული. პლატონ იოსელიანი 1835 წელს თბილისის სიძველეთა ჩამონათვალში მოღნის ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ წერს: „…ეჩმიაძინის ეკლესიის ნიმუშით 1751 წელს აუშენებიათ“.

ძველ თბილისში მოღნის ეკლესია სომხური მოსახლეობისათვის თავისებურ კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. 1795 წელს ეკლესია დაარბიეს სპარსელებმა, მაგრამ ამავე ეკლესიის მღვდლის ტერ-გრიგორის მეშვეობით მოხერხდა ნაწილი წიგნებისა და ხელნაწერების გადარჩენა. მათ შორის ყველაზე ძველი 1447 წელს გადაწერილი სახარება ყოფილა, რომელიც დღეს ერევანში, მესროპ მაშტოცის სახელობის უძველეს ხელნაწერთა ინსტიტუტში — მატენადარანში ინახება.

1852 წელს ეკლესია უკვე დაზიანებული იყო და მის აღსადგენად საჭირო იყო დაახლოებით 4500 მანეთი ვერცხლით. 1854 წლიდან 1869 წლამდე გევორქ მანდენიანცმა შეძლო განეხორციელებინა მხოლოდ წინა სარესტავრაციო სამუშაოები. ცნობილია, რომ 1893 წელს ძირითადი აღდგენითი სამუშაოებისათვის შექმნილი იყო საბჭო.

საბჭოთა ეპოქაში ორივე ეკლესია დაიხურა და მასში შეწყდა ღვთისმსახურება. მცირე მოღნის ეკლესიის შენობა სატრანსფორმატორო ჯიხურად გადააკეთეს. მის ადგილზე დღესაც ტრანსფორმატორი დგას. მოღნის ღვთისმშობლის დიდ ეკლესიაში 1980 წლამდე მოქმედებდა ხალხური ხელოვნების მუზეუმი. პირველი სერიოზული ბზარები ეკლესიას 1980 წელს გაუჩნდა, ხოლო 1990 წლიდან შენობა ავარიულად ითვლება. 2009 წლის 19 ნოემბერს ჩამოიქცა დაზიანებული შენობის გუმბათი და კედლების დიდი ნაწილი. ქალაქ თბილისის მერიის მიერ მალევე მოხდა ძეგლის ნანგრევებისგან გაწმენდა, რის შემდეგაც უკვე 2010 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულმა შპს „არქიტექსმა“ შეასრულა საპროექტო სამუშაოები. ძეგლის შემდგომი ნგრევის თავიდან აცილების მიზნით, მისი ძლიერ დაძრული აღმოსავლეთი ნაწილი ლითონის მჭიმებით შეიკრა.[2]

2010 წელს მოღნისის წმინდა გიორგის ეკლესიაში არქეოლოგიური ექსპედიცია ჩატარდა. როგორც ექსპედიციის წევრმა გურამ მირცხულავამ „ჯი-ეიჩ-ენს“ აცნობა, მოღნისის წმინდა გიორგის ეკლესიის წარმომავლობა დიდი ხნის განმავლობაში იყო დავის საგანი, მაგრამ 2010 წელს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დაამტკიცა ამ ეკლესიის ქართული წარმომავლობა.[3]

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ნაწ. I, 2000.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება