მოქათური
მოქათური — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო და დიდი ზომისაა, კვერცხისებრი ფორმის, სამნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე თხელ აბლაბუდისებრად სუსტადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან მეჩხერი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი წითელი, თითქმის შავი. თხელკანიანია. რბილობი წვნიანი აქვს, წვენი — შეუფერავი.
მოქათური საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 160 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში შედის. ერთი მტევნის წონა 105 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 15-17%-ს, ხოლო მჟავიანობა — 11-12 გ/ლ-ს.
გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო დაბალი ხარისხისაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 245