ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები? ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები? ვინ მოგვითხრას მათი საქმე უთვალავი, საგმირონი, და ან მათზე გადმოსული მადლი ღვთისა და მირონი? ნაშთი ძველი დიდებისა არ გამქრალა ჯერაც ყველა... დღესაც მისის შარავანდით ნიშანს გვაძლევს ცისარტყელა!.. შვიდ სამთავროს მოგვაგონებს მოელვარე ის შვიდფერი და გვამღერებს: „არ მომკვდარა, გაიღვიძებს ისევ ერი!“ ამ იმედით ფრთა შესხმული ჩვენი გული სიამით ძგერს და ოცნებაც ლაჟვარდ-ფერად წარმოგვიდგენს ქართლისა ერს. წარსულ-ნერგზედ ახალ-ნამყნის ველოდებით შეხორცებას! მით ვიქარვებთ აწმყო ნაღველს და ვეძლევით აღტაცებას.