ახალგაზრდული საქმიანობა

რედაქტირება

ახალგაზრდული საქმიანობა საგანმანათლებლო საქმიანობაა, რომელიც ფარავს ყველა ტიპის სოციალურ, კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობას, რომელიც ხორციელდება ახალგაზრდებისათვის, ახალგაზრდებთან ერთად და ახალგაზრდების მიერ. ახალგაზრდული საქმიანობა დაფუძნებულია არაფორმალურ და ინფორმალურ განათლებაზე, რომელშიც ახალაგზრდები თავიანთი ინტერესებისა და საჭიროებების მიხედვით ნებაყოფლობით არიან ჩართულები. ახალგაზრდული საქმიანობა სოციალური პრაქტიკაა, რომელიც ხელს უწყობს ახალაგზრდების სრული პოტენციალის განვითარებას, მათ კეთილდღეობასა და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

ახალგაზრდული საქმიანობის ისტორია

რედაქტირება

ახალგაზრდული საქმიანობის შექმნა მნიშნელოვნად განაპირობა სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში მეცხრამეტე საუკუნეში არსებულმა რეალობამ, რომელიც ძირითადად ინდუსტრიალიზაციის პროცესებიდან გამომდინარეობდა. ახალგაზრდები გადადიოდნენ დიდ ქალაქებში საცხოვრებლად, რათა ეპოვათ უკეთესი სამსახური. როდესაც ვსაუბრობთ დიდ ქალაქებში არსებულ უკეთეს სამსახურზე ვგულისხმობთ მხოლოდ ორ ალტერნატიულ გზას - ჯარი ან ფიზიკური შრომა. აღნიშნულმა რეალობამ კი, განაპირობა პოტენციურად დასაქმებული ახალგაზრდების რამდენიმე კატეგორიის შექმნა:

  • ახალგაზრდა რომელიც დარჩა თავის საცხოვრებელ ადგილას და დასაქმდა;
  • ახალგაზრდა რომელიც გადავიდა ქალაქში საცხოვრებლად და დაიწყო მუშაობა ქარხანაში - ან ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში, რომელიც ფიზიკურად შრომას მოითხოვდა;
  • ახალგაზრდა რომელიც წავიდა ჯარში;
  • ახალგაზრდა რომელმაც ცხოვრება დაუკავშირა სულიერ ზრდას და აქტიურად ჩაერთო რელიგიურ პროცესებში.

აღნიშნულ ოთხ კატეგორიაში შემავალი ახალაგზრდები ყველაზე ნაკლებად იყვნენ ცხოვრებისეული დაბნეულობისათვის განწირულნი, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა იყო ისეთი, რომელიც სამწუხაროდ ამ ოთხიდან ვერცერთ კატეგორიაში ვერ ჯდებოდა - ეს ახალგაზრდები კი ძალიან ხშირ შემთხვევაში უსიამოვნებებში ეხვეოდნენ და დროის უდიდეს ნაწილს ქუჩაში ატარებდნენ. ყოფა რომელიც ინდუსტრიალიზაციის პერიოდში არსებობდა განსაკუთრებით დამღუპველი იყო ბევრი ახალგაზრდასთვის, მაგრამ საბედნიეროდ აღნიშულმა განაპირობა ერთის მხრივ როგორც ახალგაზრდული საქმიანობის შექმნა, ასევე ახალგაზრდული სივრცეებისა და სერვისების ჩამოყალიბება სხვადასხვა კონტექსტებსა თუ რეალობებში.

ახალგაზრდული საქმიანობის შექმნას ძირითადად რამდენიმე ადამიანსა და ორგანზიაციას უკავშირებენ: 'კურსივის ტექსტი'

დონ ბოსკო

რედაქტირება

დონ ბოსკო (ჯოვანი ბოსკო, Giovanni Bosco) 1815 წელს დაიბადა იტალიაში, ტურინთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ბეჩიში. იგი იყო კათოლიკე მღვდელი, რომელიც ახალგაზრდების განვითარებას მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მისიად მიიჩნევდა. დონ ბოსკომ 1843 წელს დაარსა პირველი ახალგაზრდული ცენტრი „ორატორიუმი“, სადაც თავს იყრიდნენ მზრუნველობას მოკლებული მოზარდები და ახალგაზრდები. სულ მალე პირველ „ორატორიუმს“ სხვა სივრცეები მოჰყვა - სტუდენტების პანსიონი, მუშა ახლგაზრდების დახმარების საზოგადოება, სემინარია მღვდლობის მსურველი ახალგაზრდებისთვის ხელმოკლე ოჯახებიდან, ტიპოგრაფია და ექვსი სხვადასხვა ტიპის სახელოსნო. ბენეფიციართა რიცხვი წლიდან წლამდე სწრაფად იზრდებოდა და 1854 წელს დონ ბოსკომ, ახალგაზრდებთან მუშაობის გაფართოების მიზნით, თანამოაზრეებთან ერთად დააარსა საზოგადოება „დონ ბოსკოს სილეზიელები“. მართალია, დონ ბოსკო მხოლოდ ბიჭებთან მუშაობდა, თუმცა, მალევე, 1872 წელს მერი მაცარელოს მიერ (რომელიც დღეს წმინდანადაა შერაცხული) დაარსდა „დონ ბოსკოს სილეზიელი დების“ გაერთიანება, რომელმაც იგივე მიზნებით და ფასეულობებით გადაწყვიტა გოგონებთან მუშაობა, რათა მათი გაძლიერებისთვის შეეწყოთ ხელი. დონ ბოსკო გარდაიცვალა 1888 წელს. 47 წლის დაუღალავი მოღვაწეობის განმავლობაში მან თავის თანამოაზრეებთან ერთად შეძლო ეზრუნა 100 000-მდე ახალგაზრდის განვითარებასა და კეთილდღეობაზე.

სერ ჯორჯ უილიამსი

რედაქტირება

ჯორჯ უილიამსი (Sir George Williams) იყო ბრიტანელი საზოგადო მოღვაწე, ფილანტროპი და განმანათლებელი. იგი 1821 წელს დაიბადა დელვერტონში, სომერსეტი. უილიამსების რამდენიმე თაობა ფერმერობას ეწეოდა და ჯორჯიც 13 წლიდან ამ საქმიანობით დაკავდა, თუმცა სულ მალე ოჯახმა ის ბრიჯუოტერსში გააგზავნა ქსოვილების მაღაზიის მფლობელის შეგირდად. რამდენიმე წელში უილიამსი ლონდონშო სამუშაოდ ერთ-ერთ ცნობილ ქსოვილებით მოვაჭრესთან - ჯორჯ ჰიჩკოკთან გადავიდა, მალევე მის ქალიშვილზე დაქორწინდა, ხოლო ჰიჩკოკის გარდაცვალების შემდეგ კომპანიის მფლობელი გახდა.

ჯორჯ უილიამსი, გარდა ალღოიანი და საქმიანი მეწარმის, მაღალი მორალური და რელიგიური ფასეულობების ადამიანიც იყო და, დედაქალაქში საცხოვრებლად გადასული, ძლიერ წუხდა, როდესაც ხედავდა, თუ როგორ გაუსაძლის პირობებში უწევდათ შრომა ახალგაზრდებს და რამდენად რთული გამოწვევების წინაშე იდგნენ ისინი - თავის გამოსაკვებად ქურდობა და ძალადობა მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. ამ რეალობის შესაცვლელად და ახალგაზრდებისთვის მინიმალური, საბაზისო საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით 1844 წელს უილიამსმა თავის 11 კოლეგა/თანამოაზრესთან ერთად დააფუძნა„ახალგაზრდა ქრისტიან მამაკაცთა ასოციაცია“ (Young Men's Christian Association- YYMCA). შეკრების სივრცეში იგეგმებოდა სხვადასხვა ღონისძიებები, სადაც თავს იყრიდნენ დასაქმებული ახალგაზრდები და უსაფრთხო და მშვიდ, არაფორმალურ გარემოში ურთიერთობდნენ. ამ დროისთვის ფაბრიკა-ქარხნებში ძირითადად მამრობითი სქესის ახალგაზრდები იყვნენ დასაქმებულნი. მძიმე სამუშაოს გამო, მათი საზრუნავი და სალაპარაკო თემები მკვეთრად განსხვავდებოდა მათი თანატოლი ახალგაზრდა ქალების პრიორიტეტებისაგან, რის გამოც ერთმანეთის მიმართ დიდ გაუცხოებას განიცდიდნენ, შესაბამისად, ერთმანეთთან ურთიერთობაც სტრესის გამომწვევი უფრო იყო, ვიდრე სასიამოვნო ემოციების. ჯორჯ უილიამსის მიერ შექმნილი სივრცე კი ორივე სქესის ახალგაზრდებს აძლევდა საშუალებას „ახალგაზრდულ გარემოში თავისუფალი დროის გასატარებლად, რომელსაც თან ახლდა უფროსების მხრიდან კეთილგანწყობილი და მზრუნველობითი მხარდაჭერა“. მის მიერ დაარსებული ორგანიზაცია „ახალგაზრდა ქრისტიან მამაკაცთა ასოციაცია“ (Young Men's Christian Association- YYMCA) დღესაც ფუნქციონირებს და ითვლება პირველ ახალგაზრდულ ორგანიზაციად.

რობერტ ბადენ-პაუელი

რედაქტირება

რობერტ ბადენ-პაუელი (Robert Baden-Powell) დაიბადა 1857 წელს ლონდონში. მამამისი იყო ანგლიკანური ეკლესიის მოძღვარი და, იმავდროულად თეოლოგიის და გეომეტრიის პრფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში, დედა კი - ჰენრიეტა გრეისი, ბრიტანელი ადმირალის ქალიშვილი. ჰენრიეტა იყო ძლიერი და თავდაჯერებული ქალი და როგორც რობეტრი აღნიშნავდა, „ყველა ჩემი წარმატების საიდუმლო დედაჩემს ეკუთვნის“. რობერტი სწავლობდა ჩერტერჰაუზის პრესტიჟულ კერძო სკოლაში და ყოველთვის გამოირჩეოდა საბუნებისმეტყველო საგნების სიყვარულით. იგი, ასევე, იყო სკოლის საფეხბურთო გუნდის მეკარე. ამ პერიოდიდან შეარქვეს მას თანატოლებმა B-P (Baden-Powell) და სწორედ ასე მოიხსენიებდნენ და მოიხსენიებენ მსოფლიო სკაუტები მას დღესაც. საზაფხულო არდადეგებს რობერტი ყველთვის ექსპედიციებში, იალქნიანი ნავით ნაოსნობასა და ბუნებაში ატარებდა.

19 წლისამ რობერტ ბადენ-პაუელმა სამხედრო სამსახური დაიწყო დიდი ბრიტანეთის სამეფო არმიაში, ხოლო 26-სა უკვე კაპიტანი იყო. თავისი წარმატებული სამხედრო კარიერა მან გენერალ-ლეიტენანტის წოდებით დაასრულა და 1901 წელს სამშობლოში დაბრუნდა. თუმცა ამით მას აქტიური მოღვაწეობა არ დაუსრულებია. ბადენ-პაუელმა შექმნა „მზვერავის დამხმარე სახელმძღვანელო“, რომელშიც დეტალურად აღწერა ის უნარები, რომელთა განვითარებაზეც უნდა ეზრუნა მზვერავს. სულ მალე ეს წიგნი სკაუტინგის პირველ სახელმძღვანელოდ იქცა, რადგან სწორად მასში აღწერილი უნარების განვითარება გახდა ბიჭი სკაუტების მიზანი.

1906 წელს ბადენ-პაუელი სიღრმისეულად გაეცნო პესტალოცის და სხვათა ნაშრომებს აღზრდის საკითებთან დაკავშირებით - მისთვის ეს იყო მოსამზადებელი სამუშაოები წიგნზე - "სკაუტინგი ბიჭებისთვის“ მუშაობის დასაწყებად. თუმცა სანამ წიგნი დაიბეჭდებოდა, მასში დეკლარირებული იდეების დასატესტად ბადენ-პაუელმა 1907 წელს შეკრიბა 22 ახალგაზრდისგან შემდგარი ჯგუფი და წაიყვანა ისინი კუნძულ ბრაუნსიზე საკარვე საგანმანათლებლო ბანაკში საინტერესო თავგადასავალში მონაწილეობის მისაღებად. ეს ბანაკი ითვლება პირველ სკაუტურ ღონისძიებად, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მსოფლიო სკაუტურ მოძრაობას და სადაც მოხდა სკაუტური საქმიანობის მთავარი სქემის ფორმირებას.

რას ანვითარებს ახალგაზრდული საქმიანობა

რედაქტირება

ახალგაზრდული საქმიანობა ახალგაზრდებს უქმნის მრავალი კომპეტენციის განვითარების შესაძლებლობას, რომლებიც პიროვნული განვითარების გარდა წაადგება თანამედროვე საზოგადოებას.

ახალგაზრდული საქმიანობა ახალგაზრდებში ანვითარებს 9 ძირითად კომპეტენციას, რომელიც ახალგაზრდებს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებაში ეხმარება. ეს კომპეტენციებია:

მოქალაქეობრივი კომპეტენცია: განუვითაროს ახალგაზრდას კომპეტენცია, რომელიც მას დაეხმარება სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად მოქმედებაში, ასევე კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების აღიარებასა და დაცვაში;

გარემოსდაცვითი კომპეტენცია: განუვითაროს ახალგაზრდას კომპეტენცია, რომელიც განაპირობებს მის მიერ ბუნებრივი გარემოს დაცვისა და შენარჩუნებისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელებას;

ანალიტიკური, ტექნოლოგიური, ინფორმაციული და სამეცნიერო კომპეტენცია: განუვითაროს ახალგაზრდას კომპეტენცია, რომელიც მას დაეხმარება ინფორმაციის მოპოვებასა და ანალიზში, ასევე ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების ეფექტურ გამოყენებაში პირადი, პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრების საკეთილდღეოდ;

სამეწარმეო და ინიციატივის კომპეტენცია: განუვითაროს ახალგაზრდას კომპეტენცია, რომელიც უზრუნველყოფს მის მიერ საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად წარმართვას, იდეების გენერირებასა და განხორციელებას, პრობლემების ანალიზსა და მათ ეფექტიან გადაწყვეტას როგორც საქმიან, ასევე პირად სივრცეში და დაეხმაროს მას, რათა იდეა აქციოს საქმედ;

შემოქმედებითობისა და კრიტიკული აზროვნების კომპეტენცია: განუვითაროს ახალგაზრდას კომპეტენცია, რომელიც დაეხმარება უკვე არსებული გამოცდილების და მიღწევების გამოყენებაში ახალი მატერიალური, ინტელექტუალური და სულიერი ღირებულებების შესაქმნელად;

დამოუკიდებლად სწავლის კომპეტენცია: განუვითაროს ახალგაზრდას კომპეტენცია, რათა მან შეძლოს საკუთარი სასწავლო საჭიროებების განსაზღვრა, საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვა და წარმართვა, საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში;

ურთიერთობის კომპეტენცია: განუვითაროს ახალგაზრდას კომპეტენცია ინდივიდებსა და ჯგუფებთან თანამშრომლობითი ურთიერთობების დასამყარებლად როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;

კულტურული გამოხატვის და კულტურათშორისი ურთიერთობის კომპეტენცია: განუვითაროს ახალგაზრდას კომპეტენცია, რომელიც მას დაეხმარება კულტურულ გამოხატვაში, კულტურული მრავალფეროვნების პოზიტიურ აღქმაში, დაფასებაში, დაცვასა და განვითარებაში;

ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების კომპეტენცია: განუვითაროს ახალგაზრდას კომპეტენცია, რომელიც მას საშუალებას მისცემს, იზრუნოს საკუთარ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

ახალგაზრდული საქმიანობის ტიპები და სახეები

რედაქტირება

ახალგაზრდული საქმიანობის კლასიფიცირება ბევრი კრიტერიუმით არის შესაძლებელი. შეგვიძლია გამოვყოთ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიასთან, სხვადასხვა სოციალურ და კულტურულ ჯგუფთან მუშაობისათვის შესაფერისი საქმიანობის ტიპები და ფორმები, რომელთა შერჩევაც კონკრეტული ინტერვენციის მიზნობრივი ჯგუფის განსაზღვრის შემდეგ არის მიზანშეწონილი, თუმცა, ამ სახელმძღვანელოში გვინდა მიმოვიხილოთ ახალგაზრდული საქმიანობის ყველაზე ხშირად გავრცელებული ტიპები და სახეები.

ახალგაზრდულ საქმიანობაში ჩართული ორგანიზაციები და ინდივიდები გამოყოფენ ახალგაზრდული საქმიანობის შემდეგ ტიპებს:

ახალგაზრდული საქმიანობა (Youth Work)

რედაქტირება

ახალგაზრდული საქმიანობა საგანმანათლებლო საქმიანობაა, რომელიც ფარავს ყველა ტიპის სოციალურ, კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობას, რომელიც ხორციელდება ახალგაზრდებისათვის, ახალგაზრდებთან ერთად და ახალგაზრდების მიერ. ახალგაზრდული საქმიანობა დაფუძნებულია არაფორმალურ და ინფორმალურ განათლებაზე, რომელშიც ახალაგზრდები თავიანთი ინტერესებისა და საჭიროებების მიხედვით ნებაყოფლობით არიან ჩართულები. ახალგაზრდული საქმიანობა სოციალური პრაქტიკაა, რომელიც ხელს უწყობს ახალაგზრდების სრული პოტენციალის განვითარებას, მათ კეთილდღეობასა და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

მობილური ახალგაზრდული საქმიანობა (Mobile Youth Work)

რედაქტირება

მობილური ახალგაზრდული საქმიანობა ახალგაზრდული საქმიანობის ფორმაა, რომელიც, ძირითადად, ხორციელდება იქ, სადაც ახალგაზრდული საქმიანობის სერვისები და ინფრასტრუქტურა არ არის განვითარებული. მობილური ახალგაზრდული საქმიანობა სრულიად იზიარებს ახალგაზრდული საქმიანობის ღირებულებებსა და პრინციპებს, დაფუძნებულია ახალგაზრდების ინტერესებსა და საჭიროებებზე და ხორციელდება ახალგაზრდისთვის ჩვეულ გარემოში.

ციფრული ახალგაზრდული საქმიანობა (Digital Youth Work)

რედაქტირება

ციფრული ახალგაზრდული საქმიანობა ახალაგზრდულ საქმიანობაში მედიისა და ტექნოლოგიების პროაქტიულად გამოყენებას გულისხმობს და სრულიად ემყარება ახალგაზრდული საქმიანობის ეთიკას, ფასეულობებსა და პრინციპებს. ციფრული ახალგაზრდული საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს როგორც პირისპირ სიტუაციებში, ასევე, ვირტუალურ გარემოში, ან ამ ორივეში ერთად. ციფრული მედია და ტექნოლოგიები კი არის ინსტრუმენტი, თვით საქმიანობა ან შინაარსი ახალგაზრდულ საქმიანობაში.

მოზიდვაზე ორიენტირებული ახალგაზრდული საქმიანობა (Outreach Youth Work)

რედაქტირება

მოზიდვაზე ორიენტირებული ახალგაზრდული საქმიანობა ახალგაზრდული საქმიანობის ფორმაა, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდებზე მორგებული ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებას. აღნიშნული აქტივობები ხორციელდება იქ სადაც ახალგაზრდები იკრიბებიან და მიზნად ისახავს მათ მოზიდვას და ჩართვას ახალგაზრდულ საქმიანობასა და სერვისებში.

საველე ახალგაზრდული საქმიანობა (Detached Youth Work)

რედაქტირება

საველე ახალგაზრდული საქმიანობა ახალგაზრდული საქმიანობის ფორმაა და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ფიზიკური, სოციალური, პიროვნული განვითარების ხელშეწყობას. ამ შემთხვევაში, ახალგაზრდებთან საქმიანობა, მათსავე ტერიტორიაზე, არაფორმალური შეკრების ადგილებში (ქუჩები, პარკები, კაფეები, ღია სივრცეები) ხორციელდება და უმეტესწილად მორგებულია მოცემულ მომენტში მათი განვითარების საფეხურზე, მათ ღირებულებებზე, დამოკიდებულებებზე, გამოწვევებსა და ამბიციებზე. გამომდინარე იქიდან, რომ საქმიანობა საველე პირობებში მიმდინარეობს, მისი განხორციელების თავისებურებები ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ მუშაკს შორის მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს.

სასკოლო ახალგაზრდული საქმიანობა (School based Youth Work)

რედაქტირება

ახალგაზრდული საქმიანობა რომლის ფარგლებშიც ახალაგზრდული მუშაკი საქმიანობას ახორციელებს სკოლებში. სასკოლო ახალგაზრდული საქმიანობა ხელს უწყობს სკოლებსა და ახალგაზრდულ სერვისებს შორის კავშირის გაუმჯობესებას და ემსახურება ახალგაზრდების სრული პოტენციალის განვითარებას, მათ კეთილდღეობასა და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

ახალგაზრდული ცენტრის ახალგაზრდული საქმიანობა (Youth Centre based Youth Work)

რედაქტირება

ახალგაზრდული საქმიანობა რომლის ფარგლებშიც ახალაგზრდული მუშაკი საქმიანობას ახორციელებს ახალგაზრდულ ცენტრში. ახალგაზრდული ცენტრის ახალგაზრდული საქმიანობა ხელს უწყობს ცენტრის ბენეფიციარ ახალაგზრდებსა და ახალგაზრდულ სერვისებს შორის კავშირის გაუმჯობესებას და ემსახურება ახალგაზრდების სრული პოტენციალის განვითარებას, მათ კეთილდღეობასა და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

ღია ახალგაზრდული საქმიანობა (Open Youth Work)

რედაქტირება

ახალგაზრდული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ღია ახალაგზრდულ ცენტრში. აღნიშნულ საქმიანობას არ გააჩნია წინასწარ მკაცრად განსაზღვრული კურიკულუმი და იგი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს აქტიურად შექმნან და ჩაერთონ სხვასხვა სასწავლო, სამოქალაქო და რეკრეაციულ ღონისძიებებში.

წყარო: საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია