დედამიწა მზის სისტემაში მზიდან დაშორების მიხედვით მესამე პლანეტაა. ჩვენი პლანეტა დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი-მთვარე. დედამიწის სფერულობის შესახებ პირველი მოსაზრება ძველ ბერძენ მეცნიერს, არისტოტელეს (ძვ.წ. 384-322 წწ.) ეკუთვნის. დედამიწის სფერულობას მთელი რიგი ფაქტები ადასტურებს: ზღვის ნაპირიდან ჯერ გემის ანძა მოჩანს, შემდეგ კი გემის კორპუსი.სიმაღლეზე ასვლისას ჰორიზონტის ხაზი ფართოვდება და ხედვის არე იზრდება. დედამიწას იდეალური სფეროს ფორმა არ აქვს-პოლუსებთან შებრტყელებულია,ხოლო ეკვატორთან-გამოზნექილი. დედამიწა ელიფსოიდს უფრო წააგავს, ვიდრე სფეროს.