პელე (პორტ. Pelé), ნამდვილი სახელი ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ (პორტ. Edson Arantes do Nascimento; დ. 23 ოქტომბერი, 1940, ტრეშ-კორასოინსი, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც მრავალი სპეციალისტის, ფეხბურთელისა და გულშემატკივრის მიერ მიჩნეულია მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. 1999 წელს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახელა „საუკუნის ფეხბურთელად“. იმავე წელს ფრანგულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა „France Football-მა“ საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხა ოქროს ბურთის მფლობელები; პირველ ადგილზე გავიდა პელე. 1999 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და სააგენტო „Reuters-მა“, ხოლო 2001 წელს გაზეთმა „L'Équipe-მა“ პელე საუკუნის სპორტსმენად დაასახელა. თავისი საფეხბურთო კარიერის დროს, ის ყველაზე მაღალ-ანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო.

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის თანახმად, პელე საუკეთესო საჩემპიონატო ბომბარდირია, 541 გატანილი ბურთით. სულ, მას 1281 გოლი აქვს გატანილი 1363 მატჩში. ფეხბურთში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, თავის მშობლიურ ბრაზილიაში, პელე ეროვნულ გმირად მიიჩნევა. აქტიურად მონაწილეობს სოციალური ვითარების გაუმჯობესების კამპანიებში (თავისი მე-1000 გოლი ბრაზილიის ღარიბ ბავშვებს მიუძღვნა). მოიხსენიებენ როგორც „შავ მარგალიტს“ (Pérola Negra), „ფეხბურთის მეფეს“.