მნის წმინდა მარიამის ეკლესია
მნის წმინდა მარიამის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ მნის ზემოთ 0,5 კილომეტრში. მდინარე მნაისისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ძველ სასაფლაოზე. თარიღდება X-XI საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (8,5x6 მ.), ნაგებია მოზრდილი ზომის, უსწორმასწორო მოხაზულობის ქვიშაქვით (ზოგიერთის სიგრძე 2 მ-ია). შეკეთების დროს (XIX საუკუნეში) უხეშად შელესილი და შეთეთრებული კედლები, შეფიცრული ბრტყელი ჭერი შეუძლებელს ხდის ინტერიერის თავდაპირველი არქიტექტურის - სივრცობრივი გადაწყვეტის გარკვევას. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი შიგნით და გარედან ბრტყლადაა გადახურული. საკურთხევლის ქვედა ნაწილი (1,3 მ სიმაღლეზე) გეგმით სწორკუთხაა, ზემოთა კი (კუთხეების თანდათანობით შევსებით) ნალისებრი მოხაზულობის. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილ ვიწრო სარკმელს ბრტყელი გადახურვა და ოდნავ დაქანებული რაფა აქვს. სარკმლის გვერდებზე თითო პატარა სწორკუთხა ნიშია. ერთი, შედარებით მოზრდილი ნიში დასავლეთ კედელშია. საკურთხევლის სამხრეთ კედელში დიდი ოთხკუთხა სარკმელია (გაჭრილია შეკეთების დროს), დარბაზის დასავლეთის ორივე კუთხეში - ორსაფეხურიანი პილასტრები, რომელთაც დასავლეთ კედლის ორსაფეხურიანი საბჯენი თაღი ეყრდნობა. პილასტრის მცირე ნაწილია შემორჩენილი ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში - საკურთხევლის ჩრდილოეთის მხართან. ფასადები მობათქაშებულია. შემოსასვლელის არქიტრავზე თაღოვანი თავსართია ამოღარული. შენობას ამჟამად ხის ნივნივებზე გამართული თუნუქის ორფერდა სახურავი აქვს. სამხრეთიდან ეკლესიას გვიანდელი მინაშენი ეკვრის. შემორჩენილია მისი დასავლეთ ნაწილი. აქ, სამხრეთ კედელში, გაჭრილ განიერ ღიობში XIX საუკუნის რუსული ზარია ჩამოკიდებული. ეკლესიის სამხრეთ კედელთან ახლოს ორ მოზრდილ ქვაზე დადგმულია მთლიანი ქვისგან გამოთლილი ორნამენტირებული ჯვარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 466.