მიხეილ ხუნდაძე

ქართველი იურისტი

მიხეილ ხუნდაძე (დ. 1898, თბილისი — გ. 31 იანვარი, 1983, ლევილი, საფრანგეთი) — ქართველი იურისტი, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის სოციალისტური ფრთის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. იგი თავისუფლად საუბრობდა ყველა დიდ ევროპულ ენაზე. თავის მეუღლე პეგისთან ერთად ცხოვრობდა ვიროფლეში, ქალაქში სადაც ირაკლი წერეთელიც ცხოვრობდა დის ოჯახთან ერთად. გარდაიცვალა პარიზში, 1983 წლის 31 იანვარს. დაკრძალულია ლევილის ქართველთა საძმო სასაფლაოზე.

მიხეილ ხუნდაძე
დაბადების თარიღი 1898
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაცვალების თარიღი 31 იანვარი, 1983
გარდაცვალების ადგილი ლევილი, საფრანგეთი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 საფრანგეთი
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიხეილ ხუნდაძე დაიადა თბილისში, 1898 წელს. 1915 წელს შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1919 წლიდან ბერლინისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტებში სწავლობდა პოლიტეკონომიას. გერმანიაშივე მან კარლ დიელის ხელმძღვანელობით, დაიცვა დისერტაცია მარქსიზმის თეორიაში. მოგვიანებით, ბერლინში გახდა ვერნერ სომბარის მოწაფე.

ახალგაზრდა ხუნდაძე, ქართველი ახალგაზრდების სახელით, მონაწილეობდა ევროპის სოციალ–დემოკრატთა კონგრესში.

სახელით, მონაწილეობდა ევროპის სოციალ–დემოკრატთა კონგრესში.

1924 წელს, სამშობლოდან განდევნილმა მიხეილ ხუნდაძემ საფრანგეთს შეაფარა თავი. აქ იგი მალე ხდება პარიზის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი და კარიერას იკეთებს ფრანგული მრეწველობის გიგანტში – სიტროენის ქარხანაში. ამავე დროს აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. აქვეყნებს წერილებს ქართულ ემიგრანტულ პრესაში, კერძოდ, სოციალ–დემოკრატიულ ჟურნალ–გაზეთებში. მისი გახმაურებული წიგნი – „1917 წლის თებერვლის რევოლუცია: (სოციალ–დემოკრატია ბოლშევიზმის წინააღმდეგ – ირაკლი წერეთელი ლენინის წინააღმდეგ)“ – გამოიცა 1988 წელს, პარიზში, ფრანგულ ენაზე, მაშინ, როცა ავტორი უკვე გარდაცვლილი იყო.

მოგონებები

რედაქტირება

გრიგოლ წერეთლის დახასიათებით, – „მიხეილ ხუნდაძე არის დიდი კულტურის, ცოდნის, ნამდვილი ევროპული ღირსებების მატარებელი. კარგი ორატორი, კარგი მწერალი, ღირსეული ოჯახის პატრონი. ჩვენ უპატიებელ ცოდვად ვუთვლით, ემიგრაციიდან მოშორებით ყოფნას“ (წერეთელი გრ. ქართული ემიგრაცია და ადამიანები. პარიზი, 1971. გვ. 110). ეს საყვედური მიხეილ ხუნდაძემ მოგვიანებით დაიმსახურა, რადგან 1920–30–იან წლებში ხშირად ესწრებოდა უცხოეთში გამართულ ახალგაზრდათა სოციალისტურ კონგრესებსა და კონფერენციებს და როგორც კ. გვარჯალაძე იუწყება, – „აცნობდა მათ საქართველოს ამბებს და ჩვენი ხალხის მდგომარეობას. ამ ყრილობებს არაერთხელ გამოუტანია რეზოლიუციები ჩვენში ბოლშევიკების საქმიანობის დასაგმობად და საქართველოს თავისუფლების აღდგენის სასარგებლოდ“ (გვარჯალაძე კ. საქართველოს სოც.–დემ. მუშათა პარტიის მუშაობა საზღვარგარეთ. პარიზი, 1936, გვ. 66). ამასვე ადასტურებს შალვა აბდუშელის მეუღლის – ლუბა ჩაჩიბაია–აბდუშელის გამოსამშვიდებელი სიტყვა–მოგონება, წარმოთქმული მიხეილ ხუნდაძის დაკრძალვის დღეს, 1983 წლის 3 თებერვალს, ლევილში: „მე პირადად მიშა ხუნდაძე პირველად გავიცანი 1923 წელს, ქ. ჰამბურგში, სადაც იმ დროს მიმდინარეობდა მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის კონგრესი. ბერლინიდან წავედით დასასწრებლად: ელჩი ლადო ახმეტელი, ვლასა მგელაძე, შალვა (ჩემი მეუღლე) და მე. ამინდი იყო საუცხოო. აუარებელ ხალხს თავი მოეყარა ცის ქვეშ. შუა ცენტრში ტრიბუნაზე ადის ერთი მშვენიერი მაღალი ახალგაზრდა, რომელმაც საუცხოო გერმანულ ენაზე საქართველოს შესახებ ილაპარაკა ნახევარი საათი და დიდი მოწონებით და ოვაციებით დაჯილდოვებული ტრიბუნიდან ჩამოსვლისას გადაეხვია ჯერ შალვას და მერე მე. ეს ოქროპირი ორატორი გახლდათ მიშა ხუნდაძე... მიშა იყო დიდად განათლებული და ღრმა კულტურის მფლობელი ადამიანი. კარგად უძღვებოდა ოჯახს და სამსახურში მიაღწია კარგ მდგომარეობას. ის იყო დიდი ქარხნის – სიტროენის პერსონალის უფროსი და როცა მიშა პენსიაზე გავიდა, ქარხანამ ის თავის წარმომადგენლად დანიშნა მთელ ამერიკაში. დროის უქონლობის გამო, მიშა ხშირად არ იყო ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ ის მუდამ ერთგული გუშაგი იყო საქართველოსი, მისთვის იბრძოდა მუდამ და მას ემსახურებოდა“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გურამ შარაძე. „ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია“. ტ 7. – თბ., 2005. – გვ. 361–362

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება