მიწისქვეშეთის შვიდი მეფე

მიწისქვეშეთის შვიდი მეფე (რუს. Семь подземных королей) — მწერალ ალექსანდრე ვოლკოვის მიერ ჯადოსნური ქვეყნის შესახებ დაწერილი რომანების სერიის მესამე ტომი.

„მიწისქვეშეთის შვიდი მეფე“
Семь подземных королей

წიგნის გარეკანი, მხატვარი - ლეონიდ ვლადიმირსკი
ავტორი ალექსანდრე ვოლკოვი
ილუსტრატორი ლეონიდ ვლადიმირსკი
გარეკანის მხატვარი ლეონიდ ვლადიმირსკი
ქვეყანა სსრკ
ენა რუსული
თემა თავგადასავლები
ჟანრი ზღაპარი
გამოცემის თარიღი 1964
წინამორბედი ურფინ ჯუსი და მისი ხის ჯარისკაცები
მომდევნო მარანების ცეცხლოვანი ღმერთი

წიგნს იწყებს შესავალი, რომელშიც წარმოდგენილია ჯადოსნური ქვეყნის შექმნის ისტორია. ყველაფერი დაიწყო მიწისქვეშეთში ხალხის დასახლებით და რომანის სათაურში ნახსენები შვიდი მეფე სწორედ აქედან მომდინარეობს. ვინაიდან ხალხს არ სურს შვიდივე მეფის ერთდროული მმართველობა, კანონის მიხედვით, ყველა, გარდა ერთი მეფისა იძინებს ჯადოსნური წყლის დალევის შემდეგ, მოგვიანებით კი ესა თუ ის მეფე თავის წინამორბედს ენაცვლება და ასე გრძელდება წლების მანძილზე. მაგრამ ზურმუხტის ქალაქიდან გაქცეული მოღალატე რუფ ბილანი შემთხვევით ანადგურებს ჯადოსნური წყლის წყაროს, რასაც მოჰყვება კრიზისი - შვიდივე მეფე ერთდროულად ცდილობს ქვეყნის მართვას.

დიდ სამყაროში დაბრუნებული გოგონა ელი აიოვას შტატში მიემგზავრება, სადაც გაიცნობს ბიძაშვილ ფრედს. ეს უკანასკნელი თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებს მის ისტორიებს ჯადოსნური ქვეყნის შესახებ, მაგრამ მოგვიანებით ორივე აღმოჩნდება გამოქვაბულში, რომელიც იკეტება ქვების ჩამონგრევის შედეგად. ფრედი, ელი და ძაღლი სახელად ტოტო მოგზაურობენ მიწისქვეშა ლაბირინთებში და აღმოჩნდებიან შვიდი მეფის წინაშე. რუფ ბილანი, რომელიც ამასობაში მათი მსახური ხდება, არწმუნებს მეფეებს, რომ ელი დიდი ჯადოქარია, რომელსაც შეუძლია წყაროს აღდგენა. ელი, ასე თუ ისე, მათი მძევალი აღმოჩნდება. მაგრამ მისი მეგობრები ზურმუხტის ქალაქიდან ყველაფერს შეიტყობენ და მიწისქვეშეთს ეწვევა ზედა სამყაროს მთელი დელეგაცია. წყარო აღდგენილია მექანიკური საშუალებებით, მაგრამ ხალხის გადაწყვეტილებით, უქმდება სამეფო რეჟიმი - ეს ადვილია, რადგან ახლადგამოღვიძებული პიროვნება იქცევა ბავშვივით და არ ახსოვს, თუ რას აკეთებდა ჩაძინებამდე. თაგვების დედოფალი რამინა ეუბნება ელის, რომ იგი ჯადოსნურ ქვეყანაში აღარ დაბრუნდება. ელი და ფრედი დრაკონ ოიხხოს დახმარებით ბრუნდებიან შინ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება