მიქაელი (XII-XIII სს.)
მიქაელი — XII-XIII საუკუნეების ქართველი მინიატიურისტი, ე. წ. ჯრუჭის II სახარების ერთ-ერთი დამსურათებელი.
სახარება (ხელნაწერთა ინსტიტუტი, H-1667) XII-XIII საუკუნეების ქართული ხელოვნების შესანიშნავი ძეგლია. იგი შემკულია 334 მინიატურით. ხელნაწერის დასურათებაზე რამდენიმე მხატვარს უმუშავია. უმეტესობის ვინაობა უცნობია, მაგრამ ერთ-ერთ ფურცელზე (გვერდი 180) ამოიკითეს (ს. ბარნაველი) მხატვრის სახელი "მიქაელ". მას რამდენიმე მინიატიურას აკუთვნებენ. მიქაელი ამ ხელნაწერის დამსურათებლებს შორის საუკეთესო ოსტატია. იგი სხვა მხატვრებისაგან გამოირჩევა ნათელი, მხიარული, ფერადოვანი გამით. კოლორიტი სუფთა და გამჭვირვალეა (შეფარდებები ოქრო - შავთან ან შოკოლადისფერთან, მკრთალი ოქროსფერი - წაბლისფერთან). კოლორიტის აქცენტს ქმნის სინგურის ოდნავ მოვარდისფრო ლაქა. მინიატიურების ფონი ოქროსფერია, ნიადაგი - მომწვანო-ცისფერი, ბალახი გადმოცემულია პატარა ბუჩქების სახით. მხატვარი დიდი ოსტატია ორნამენტისა, რომელიც გამოირჩევა არა მარტო ხაზების სილამაზით, არამედ ფერების დახვეწილი ჰარმონიით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 24.