მისუძუ კანეკო (იაპონ. 金子 みすゞ; დ. 11 აპრილი, 1903 — გ. 10 მარტი, 1930) — იაპონელი პოეტი.

მისუძუ კანეკო
იაპონ. 金子みすゞ
დაბადების თარიღი 11 აპრილი, 1903(1903-04-11)[1]
დაბადების ადგილი ნაგატო
გარდაცვალების თარიღი 10 მარტი, 1930(1930-03-10)[1] (26 წლის)
გარდაცვალების ადგილი იაპონია
საქმიანობა პოეტი, მწერალი და კომპოზიტორი
ენა იაპონური ენა
მოქალაქეობა იაპონია
ალმა-მატერი Q11467048?

დაიბადა მეთევზეთა სოფელ სენძაკიში, რომელიც ამჟამად იამაგატუს პრეფექტურის ქალაქ ნაგატოს ნაწილია. კანეკოს მშობლიური სოფლის არსებობა ზღვის ნობათზე იყო დამოკიდებული, განსაკუთრებით კი იაპონური ქაშაყზე. ამიტომაცაა, რომ ზღვისა და თევზაობის სცენები ხშირად გვხვდება მის პოეზიაში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

კანეკოს, როგორც საბავშვო ლექსების ავტორის კარიერა რეალურად 20 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მან მუშაობა დაიწყო წიგნის მაღაზიაში. მაღაზია იმდენად პატარა იყო, რომ კანეკო მისი ერთადერთ გამყიდველი და მენეჯერი იყო. მაღაზია მდებარეობდა ქალაქ სიმონოსეკში, კუნძულ ჰონშიუს უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. კანეკომ აქ აღმოაჩინა, რომ რამდენიმე ცნობილი საბავშვო ლიტერატურული ჟურნალი თავის მკითხველებს სთხოვდა, გაეგზავნათ რედაქციაში საკუთარი ლექსები და მოთხრობები. კანეკომ რედაქციაში რამდენიმე ლექსი გაგზავნა, საიდანაც ხუთი მათგანი ერთდროულად ოთხ ჟურნალში დაუბეჭდეს 1923 წლის სექტემბერში. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კანეკომ კიდევ 51 ლექსი გამოაქვეყნა.

1926 წელს მშობლებმა კანეკო ძალდატანებით გაათხოვეს ადამიანზე, რომელიც მას არ უყვარდა. ქმარმა აუკრძალა კანეკოს პუბლიკაცია. ამავე დროს ის ცოლს გამუდმებით ღალატობდა ისე, რომ ქალიშვილის დაბადებამაც ვერ გამოასწორა.[2] მალე ქმარი ვენერიული სენით დაავადდა და ცოლიც დააინფიცირა. კანეკომ ეს უკვე ვეღარ აიტანა და 1930 წელს განქორწინება მოითხოვა. თავდაპირველად, ყოფილმა მეუღლემ ნება დართო კანეკოს, ქალიშვილი დამოუკიდებლად აღეზარდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა და მოინდომა შვილზე მზუნველობა საკუთარ თავზე აეღო.[2] პროტესტის ნიშნად, კანეკომ თავი მოიკლა, მაგრამ სიკვდილის წინ დაწერა წერილი, სადაც ითხოვდა, რომ მისი შვილი ბებიას, კანეკოს დედას გაეზარდა.

კანეკოს გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში იაპონიაში მილიტარიზმის ეპოქა დადგა და ლიტერატურის ტალანტები დავიწყებას მიეცა. თუმცა, გავიდა წლები და კანეკოს ერთმა ლექსმა საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა იაპონელ პოეტ სეცუო იაძიკიზე და მან გადაწყვიტა მოეძებნა კანეკოს ნათესავები. 1982 წელს, 16 წლიანი ძებნის შემდეგ მან ტოკიოში იპოვა კანეკოს ძმა, რომელსაც შენახული ჰქონდა თავისი დის 512 ხელნაწერი ლექსი, სამ რვეულში ჩაწერილი. მთელი ეს კოლექცია ექვს ტომად გამოსცა 1984 წელს, რამაც კანეკოს დიდი პოპულარობა მოუტანა იაპონიაში.[2] პოეტ სეცუო იაძიკის დამსახურებით და დიდი ძალისხმევით ქალაქ ნაგატოში, გაიხსნა მუზეუმი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს, ხოლო კანეკოს ნაწარმოებები მსოფლიო კულტურის ნაწილი გახდა. მისი ლექსები 14 ენაზეა თარგმნილი.[3]

აღიარება

რედაქტირება

2009 წლის 10 მარტს იუნესკომ მოაწყო მრგვალი მაგიდა, სადაც განიხილეს იაპონელი ქალების პრობლემები და მიღწევები ქვეყნის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში. იაპონელ ქალთა პოეზია წარდგენილი იყო კანეკოს ლექსებით.[4]

შემოქმედების მაგალითი

რედაქტირება

წარმოგიდგენთ მისუძუ კანეკოს ერთ ლექსს, რომელიც იასუჰირო კოჯიმას პწკარედული თარგმანის მიხედვით მხატვრულად თარგმნა მარიამ წიკლაურმა.

„ჩიტი, ზანზალაკი და მე“
ხელები რომც ავიქნიო,
ვერ ავფრინდები მაღლა.
ცაში ჩიტი ფრენს, მე მინდვრად
დავრბივარ მასზე სწრაფად.
ნიავზე ტანიც ვარხიო,
ხმას ვერ გამოვცემ ზარის.
ის ჩემს სიმღერებს ვერ იტყვის,
თუმც კი, წკრიალებს ქარით.
ჩვენ - ზანზალაკი, ჩიტი, მე - განსხვავებულნი ბევრად,
ერთმანეთს როდი ვუწუნებთ ხასიათსა და ენას?!
ორიგინალი ტექსტი (იაპონური)

わたしと小鳥とすずと
わたしが両手をひろげても、
お空はちっともとべないが、
とべる小鳥はわたしのように、
地面をはやくは走れない。
わたしがからだをゆすっても、
きれいな音はでないけど、
あの鳴るすずはわたしのように
たくさんなうたは知らないよ。
すずと、小鳥と、それからわたし、
みんなちがって、みんないい。

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 (ინგლისური) Misuzu Kaneko დაარქივებული 2014-01-07 საიტზე Wayback Machine. , — www.pref.yamaguchi.lg.jp
  3. Gross, Annise (2016). "Chin Music Press Translates Japanese Children's Poet for US Market. ციტირების თარიღი: 2020-11-17
  4. International Women’s Day (8 March) დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. // UNESCO portal