მინა, ერმოგენი და ევგრაფი
მინა, ერმოგენი და ევგრაფი - მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები, ხსენების დღე არის ძველი სტილით 10 დეკემბერი, ახალი სტილით - 23 დეკემბერი.
წმინდანები IV საუკუნეში ეწამნენ ქრისტესთვის. მოციქულთასწორმა კონსტანტინემ (306-337) რომის იმპერიის დასავლეთ ნაწილში მართლმადიდებლობა განამტკიცა, მაგრამ აღმოსავლეთში წმინდა ეკლესია კიდევ დიდხანს იდევნებოდა. მოშურნე წარმართი - იმპერატორი მაქსიმიანე გალერიუსი (305-311) ცდილობდა, მის განმგებლობაში მყოფ ყველა ოლქში ძირფესვიანად ამოეძირკვა ქრისტიანობა. ამ მიზნით მან ალექსანდრიაში წარჩინებული კარისკაცი - მინა გაგზავნა. მინა მაცხოვრის მსასოებელი იყო, მაგრამ თავის სარწმუნოებას ფარულად იმარხავდა.
ალექსანდრიაში ჩასულმა წმინდანმა აშკარად აღიარა ქრისტე და წარმართთა შორის მართლმადიდებლობის ქადაგება დაიწყო. ამასთან ლოცვითა და ცხოველმყოფელი ჯვრის ნიშით იგი მრავალ სასწაულებრივ კურნებას აღასრულებდა. როდესაც იმპერატორმა მაქსიმიანემ თავისი კარისკაცის მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, საშინლად განრისხდა. ამჯერად მან სხვა დიდებული - ერმოგენი გაგზავნა ალექსანდრიაში და დაავალა, წარმართობაზე მოექცია, ან დაეხოცა მინა და სხვა ქრისტიანები.
სამსჯავროზე მინამ ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მაშინ ერმოგენის ბრძანებით მას ფეხები მოჰკვეთეს, თვალები დათხარეს, ენა ამოგლიჯეს და, სულთმობრძავი, საპყრობილეში ჩააგდეს. ღამით ნეტარ მოწამეს იესო ქრისტე გამოეცხადა და ხორციელ წყლულებათაგან განკურნა. ამასობაში ერმოგენი, რომელიც ბუნებით კეთილი ადამიანი იყო, სინანულში ჩავარდა თავისი სისასტიკის გამო. მან დილით წმინდა მინა სრულიად განკურნებული რომ იხილა, გაოცებამ და სიხარულმა მოიცვა და ირწმუნა ქრისტე. მასთან ერთად მრავალმა ალექსანდრიელმა აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და ნათელიღო.
რამდენიმე დღეში ერმოგენი ალექსანდრიის ეპისკოპოსად დაადგინეს. მან მთელი ქონება გლახაკებს განუყო, მოკლე ხანში შემუსრა მთელი ქალაქის საკერპოები, მათ ნაცვლად ეკლესიები ააგო და ქრისტიანობაზე მოქცეული ბევრი წარმართი მონათლა. უფლის სახელის მოხმობითა და ჯვრის ნიშით ნეტარი ყოველგვარ სნეულებას კურნავდა და ეშმაკებს განასხამდა.
იმპერატორი მაქსიმიანე თავად ჩავიდა ალექსანდრიაში ათი ათასიანი მხედრობით. იმპერატორის ბრძანებით ერმოგენს ხელ-ფეხი მოჰკვეთეს. მოჭრილი ასოები სახალხოდ ცეცხლში დაწვეს, თავად წმინდანი კი მახვილით განგმირეს და მდინარეში მოისროლეს. ჯალათებმა მინაც სიკვდილის პირას მიიყვანეს წამებით, მაგრამ უფალმა ორივე მოწამე სასწაულებრივ განკურნა: დილით უფლის რჩეულები ქალაქის მოედანზე თავმოყრილი ხალხის წინაშე გამოცხადდნენ: „ჭეშმარიტად დიდ არს ღმერთი - ღმერთი ქრისტიანეთა!“ - ყვიროდა ამ სასწაულით გაოცებული ხალხი.
ერთმა ქრისტიანმა ჭაბუკმა, ევგრაფმა პირჯვარი გადაისახა და ახოვნად აღიარა იესო ქრისტე. მეფე გამძვინვარდა, ნეტარი მარტვილი მახვილით აჩეხა, შემდეგ კი ბრძანა, ერმოგენისა და მინასთვის თავები მოეკვეთათ. წმინდა მოწამეთა ნეტარი სულები სასუფეველს შეერთვნენ.
მაქსიმიანეს სურდა, უფლის რჩეულთა ცხედრები ზღვაში დაენთქა, მაგრამ რკინის ლუსკუმა წმინდა ნაწილებითურთ წყალში არ ჩაიძირა. ბიზანტიონის ნაპირებთან მიცურებული სიწმიდე ეპისკოპოსმა ნაპირზე გადმოაბრძანა და ქალაქის კედლებთან დაფლა. იმპერატორმა იუსტინიანემ წმინდა მინა ალექსანდრიელის სახელობის ტაძარი ააგო, წმიდა იოსებ ტკბილადმგალობელმა (ხს. 17 აპრილს) კი წმინდა მარტვილთა სადიდებელი კანონი შექმნა.
ლიტერატურა
რედაქტირება„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.