მიზეზობრივი კავშირი
მიზეზობრივი კავშირი, მიზეზობრიობა, ასევე კაუზალობა სამართალში ეწოდება მიზეზშედეგობრივ დამოკიდებულებას პირის რაიმე ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მიზეზობრივი კავშირის დადგენა ხშირად აუცილებელი პირობაა სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის. მაგალითად, სისხლის სამართალში შედეგიანი ან საფრთხის შემქმნელ დელიქტების დროს დანაშაულებრივი ქმედების დასადასტურებლად აუცილებელი წინაპირობა მიზეზობრივი კავშირის დადგენა პირის ქმედებასა და დანაშაულებრივ შედეგს ან შექმნილ კონკრეტულ საფრთხეს შორის.
მიზეზობრივი კავშირი სისხლის სამართალში
რედაქტირებასისხლის სამართალში მიზეზობრივი კავშირი განიხილება იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც შედეგი დადგება ან შეიქმნება კონკრეტული საფრთხე; აღნიშნული ეხება როგორც განზრახ, ისე გაუფრთხილებელ დანაშაულებს[1]. მიზეზობრივი კავშირი დანაშაულის სამსაფეხურიან სისტემაში ქმედების შემადგენლობის, კერძოდ ობიექტური შემადგენლობის ეტაპზე განიხილება; თუკი მიზეზობრივი კავშირი ვერ დადგინდა, გამოირიცხება ქმედების შემადგენლობა (პირს არ ჩაუდენია სისხლის სამართლით დასჯადი ქმედება), შესაბამისად აღარაა აქტუალური და აღარ განიხილება პირის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ინდივიდუალური ბრალი.
სისხლის სამართალში მიზეზობრივი კავშირის რამდენიმე თეორია არსებობს, მათ შორის ყველაზე გავრცელებული და გაბატონებულია ეკვივალენტურობის ანუ პირობათა თეორია, რომელსაც აგრეთვე condition-sine-qua-non-ფორმულის სახელით იცნობენ. ეკვივალენტურობის თეორიის თანახმად, ნებისმიერი პირობა მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან და შედეგისათვის თანაბარმნიშვნელოვანს (ეკვივალენტურს) წარმოადგენს, თუკი დადგინდება, რომ ამ პირობის გარეშე შედეგი თავისი კონკრეტული ფორმით არ დადგებოდა. ეკვივალენტურობის თეორიას საკანონმდებლო დონეზე აღიარებს ქართული სისხლის სამართალი, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლი მიზეზობრივი კავშირის განმარტებას სწორედ condition-sine-qua-non-ფორმულის მიხედვით იძლევა[2][3].
ეკვივალენტურობის თეორია მიზეზობრიობის წრეს საკმაოდ ფართოდ განიხილავს, ამგვარად ატიპური პირობებიც მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან. მაგალითად, დამნაშავის მშობლის ქმედება — შვილის გაჩენა — მიზეზობრივ კავშირში იქნება მისი შვილის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგთან (დამნაშავე რომ არ დაბადებულიყო, შედეგი არ დადგებოდა). ეკვივალენტურობის თეორიის ამგვარი ფართო საზღვრები სხვადასხვაგვარად იზღუდება; ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა მოძღვრება ობიექტური შერაცხვის შესახებ, რომლის თანახმადაც, მიუხედავად მიზეზობრივი კავშირის არსებობისა, პირის შედეგი ობიექტურად შეერაცხება, თუ მან ამ ქმედებით შექმნა ან აამაღლა სამართლებრივად დასაზრახი რისკი[4].
ეკვივალენტურობის თეორიის ასეთი ფართო საზღვრების გამოსწორებას შეეცადა რელევანტურობის თეორია, რომლის მიხედვითაც, მიზეზობრივი კავშირის დასადგენად საკმარისი არაა მხოლოდ იმისი გარკვევა, მოცემული პირობა გამოიწვევდა თუ არა შედეგს კონკრეტული ფორმით; დამატებით უნდა გაირკვეს, რელევანტურია თუ არა ქმედება სისხლის სამართლებრივად; ამგვარად, ეკვივალენტურობის თეორიისაგან განსხვავებით, რელევანტურობის თეორიის მიხედვით, ობიექტური შერაცხვა მიზეზობრიობის ნაწილია[5].
კანონზომიერი პირობის შესახებ მოძღვრების მიხედვით, პირობა მხოლოდ მაშინაა მიზეზობრივი, როდესაც იგი მოვლენათა განვითარების კანონზომიერ საფუძველს წარმოადგენს, რომელიც კონკრეტულ შედეგში ფაქტობრივად იქნა განხორციელებული. ადეკვატურობის თეორია კი მიზეზობრიობას მხოლოდ მაშინ აღიარებს, როდესაც ქმედება შემადგენლობის ადეკვატურია, ე. ი. მნიშვნელობას ანიჭებს იმას, ქმედების ჩადენისას შედეგის გამოწვევა სავარაუდებელი იყო თუ არა[6].
გარდა აღნიშნულისა სისხლის სამართლის მეცნიერებაში აგრეთვე ცნობილია გენერალური მიზეზობრიობის თეორია. სისხლის სამართლის დოგმატიკა აგრეთვე განასხვავებს მიზეზობრიობის სხვადასხვა სახეებს, როგორიცაა ალტერნატიული ანუ ორმაგი, კუმულაციური, ჰიპოთეტიური და სხვაგვარი მიზეზობრიობები[7].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მერაბ ტურავა, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მეცხრე გამოცემა, თბილისი, 2013, გვ. 89 და შემდგომნი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მერაბ ტურავა, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მეცხრე გამოცემა, თბილისი, 2013, გვ. 89
- ↑ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 8.
- ↑ განმარტებითი იურიდიული ლექსიკონი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-08-30.
- ↑ მერაბ ტურავა, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მეცხრე გამოცემა, თბილისი, 2013, გვ. 91-94
- ↑ მერაბ ტურავა, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მეცხრე გამოცემა, თბილისი, 2013, გვ. 96-97
- ↑ მერაბ ტურავა, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მეცხრე გამოცემა, თბილისი, 2013, გვ. 94-95
- ↑ მერაბ ტურავა, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მეცხრე გამოცემა, თბილისი, 2013, გვ. 97-105