მთხრობელი
მთხრობელი — ძველ საქართველოში ბოროტმოქმედების თვითმხილველი პირი, რომელიც გასამრჯელოს მიღების მიზნით აცნობებდა დაზარალებულს დამნაშავის ვინაობას და აუცილებლობის შემთხვევაში („თუ გასჭირდეს“) სასამართლო პროცესშიც მონაწილეობდა როგორც ბრალდების მოწმე. ვახტანგ VI-ის სამართლის მიხედვით (მუხლი 236), „მთხრობელი იმას ქვიან, რომელსაც უნახავს თვალითა, როგორც მოუპარავს ან დაუმალავს. ყველა უამბოს როდესაც ქურდი მოსამართლესთან მოიყვანონ; და არ გატყდეს, პირს წამოუდგეს და მთხრობელმა გასტეხოს“. თუ მთხრობელი დამნაშავეს „გატეხდა“, მას ჯილდოდ „სამთხრობლო“ ერგებოდა. ცრუ მთხრობელს იმავე სასჯელს მიუყენებდნენ, „რაც იმის ენით მართალს კაცს ედებოდა“, ზოგჯერ მას სცემდნენ, ჯარიმას გადაახდევინებდნენ და ისე გააგდებდნენ. მთხრობელს უპირატესად ქურდებისა და ტყვეებით მოვაჭრეთა წინააღმდეგ იყენებდნენ. მთხრობელობას კანონმდებელი სავალდებულოდ მიიჩნევდა „საღმრთოს წანაჴედისა და ჴელმწიფის ორგულობის“ შემთხვევაში ჩვეულებრივ კი იგი მორალურად გამართლებულად არ იყო მიჩნეული და ცოდვად ითვლებოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვაჩეიშვილი ა., ნარკვევები ქართული სამართლის ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1948;
- თარხნიშვილი გ., სასამართლოს წარმოება საქართველოში ვახტანგ Vი-ის კანონების წიგნის მიხედვით, „კრებული პეტროგრადის ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრისა“, ივ. ჯავახიშვილის რედ., ტფ., 1915, გვ. 118-130;
- ნადარეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 675.