მთვარე და ექვსპენიანი

მთვარე და ექვსპენიანი (ინგლ. The Moon and Sixpence) — უილიამ სომერსეტ მოემის რომანი, პირველად გამოქვეყნდა 1919 წელს.[1] ნაწარმოები მოგვითხრობს შუახნის ინგლისელი ბროკერის, ჩარლზ სტრიკლენდის შესახებ, რომელიც გადაწყვეტს, ოჯახი მიატოვოს, რათა მხატვრობას მიუძღვნას სიცოცხლე. რომანის დაწერა ავტორს მხატვარი პოლ გოგენის ცხოვრებამ შთააგონა.[2]

„მთვარე და ექვსპენიანი“
The Moon and Sixpence

ერთ-ერთი ინგლისურენოვანი გამოცემის გარეკანი
ავტორი უილიამ სომერსეტ მოემი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ჟანრი ბიოგრაფიული რომანი
გამომცემელი William Heinemann
გამოცემის თარიღი 1919
მედია ბეჭდური
გვერდი 263
oclc 22207227
წინამორბედი Of Human Bondage

სათაური რედაქტირება

მრავალი ლიტერატურათმცოდნის თქმით, სათაური, რომლის არსიც ცალსახად არ არის გამოვლენილი უშუალოდ ნაწარმოებში, აღებულია მოემის წინა ნაწარმოებიდან, სახელწოდებით 一 ადამიანურ მონობაზე (Of Human Bondage) 一 რომელშიც რომანის მთავარი გმირი, ფილიპ კერი აღწერილია, როგორც „ისეთი გატაცებული მთვარის ცქერით, რომ საკუთარ ფეხებთან ექვსპენიანს ვერ ამჩნევს“.[3] თავად მოემი 1956 წლის წერილში წერს: „თუ გამუდმებით ქვევით იხედებით და ექვსპენიანს დაეძებთ, თქვენ მთვარეს დაკარგავთ“. სათაური, ასევე, ეხმიანება პოლ გოგენის დახასიათებას მისი თანამედროვის 一 იულიუს მაიერ-გრაფის 一 მიერ: „გოგენი შეიძლება დაადანაშაულონ იმაში, რომ მას მუდამ განსხვავებული სურდა“.[4]

სიუჟეტი რედაქტირება

მხატვარი ჩარლზ სტრიკლენდი გარდაცვალების შემდეგ გენიოსად აღიარეს და, როგორც ეს ადამიანებს სჩვევიათ, ყველას, ვისაც ერთხელ მაინც შემთხვევით ენახა შემოქმედი, სურვილი გაუჩნდა, მასზე მემუარები თუ არა, მოგონებები მაინც გამოექვეყნებინა, საზოგადოებისთვის გაეზიარებინა სტრიკლენდის სამყაროს ხედვა. ერთნი სტრიკლენდს აღიქვამდნენ, როგორც მიამიტ და კეთილმოსურნე მეოჯახეს, მზრუნველ მეუღლესა და მოსიყვარულე მამას, მეორენი მხატვარში ნამდვილ ამორალურ ურჩხულს ხედავდნენ და დიდი რუდუნებით აგროვებდნენ წვრილმანებს მის ცხოვრებაზე, რომლებიც ბრბოს ინტერესსს გააცხოველებდა. ავტორი გრძნობს, რომ იგი ვალდებულია დაწეროს სტრიკლენდზე წიგნი, რომელშიც იოტისოდენი სიცრუეც კი არ იქნება ჩაქსოვილი, ვინაიდან მას მხატვართან გულწრფელი ურთიერთობები აკავშირებდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა მის სახელს არავინ იცნობდა. ავტორი ყურადღებიტ ადევნებდა თვალს სტრიკლენდის ცხოვრებას და მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება 一 მხატვრის პიროვნება რაც შეიძლება სრულად ეჩვენებინა თავის თხზულებაში, ვინაიდან ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ყველაფერზე საინტერესო ხელოვნებაში 一 ეს სწორედ შემოქმედის პიროვნებაა.

რომანში მოქმედება XX საუკუნის დასაწყისში ვითარდება. ახალბედა მწერალს მისმა ნაწარმოებმა საზოგადოების დიდი აღიარება მოუტანა. მისის სტრიკლენდმა, რომელიც ნამდვილი ბურჟუა იყო, ახალგაზრდა საუზმეზე მიიპატიჟა, ვინაიდან ბურჟუები რაღაც სისუსტეს განიცდიან ხელოვნების მიმართ: მათ თავმოყვარეობას ესალბუნება იმის შეგრძნება, რომ ახლოს არიან არტისტულ წრეებთან. მისი ქმარი, ბირჟის მაკლერი, ცოლის თხოვნით წვეულებებზე ცხვირსაც არ ყოფდა, ვინაიდან მეუღლეს იგი ყველასათვის არასაინტერესო, მომაბეზრებელ და უმნიშვნელო ადამიანად მიაჩნდა.

მოულოდნელად მისის სტრიკლენდმა შეწყვიტა თავის სახლში მოდურ შემოქმედთა მიწვევა. ყველა გაოცებული დარჩა ჩარლზ სტრიკლენდის მოულოდნელი საქციელით: მუყაითმა მაკლერმა მიატოვა საკმაოდ სარფიანი სამსახური, ოჯახი და პარიზს გაემგზავრა. ცოლი დარწმუნებული იყო, რომ ქმარმა იგი დატოვა ვიღაც უგვანი მომღერალი ქალის გამო და ახლა ფეშენებელურ სასტუმროებსა და ძვირადღირებულ რესტორნებში ატარებს დროს თავის საყვარელთან ერთად. იგი ემუდარება ახალგაზრდა მწერალს, დასდოს პატივი, მონახოს მისი მოღალატე ქმარი პარიზში და დაითანხმოს ოჯახში დაბრუნებაზე.

პარიზში აშკარა ხდება, რომ სტრიკლენდს არავითარი საყვარელი არ ჰყავს, არც აღვირახსნილ დროსტარებაშია ჩაფლული. იგი ცხოვრობს მარტოდმარტო უბადრუკი სასტუმროს ყველაზე იაფფასიან ნომერში. სტრიკლენდი თვითონ აფასებს საკუთარ საქციელს, როგორც საშინელს, მაგრამ გულწრფელად აღიარებს, რომ ცოლ-შვილის ბედი მას არ ანაღვლებს. მისთვის სულერთია ისიც, რას ფიქრობს მის შესახებ საზოგადოება. სტრიკლენდს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, სიცოცხლის დარჩენილი წლები ოჯახს კი არ შესწიროს, არამედ საკუთარი სურვილის ხორცშესხმას შეალიოს: მას სურს, გახდეს მხატვარი. სტრიკლენდი მწერალს გამოუტყდება, რომ ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს იგი შეიპყრო რაღაც უძლიერესმა, გადაულახავმა მისწრაფებამ მხატვრობისადმი და მას არავითარი ღონე არ გააჩნია, ამ მისწრაფებას წინ აღუდგეს.

მისის სტრიკლენდი, თავს რომ დებდა 一 ხელოვნებას ვაღმერთებო, გაცილებით უფრო შეურაცხყოფილია იმით, რომ მეუღლემ იგი ფერწერის სიყვარულისა და არა ქალის გამო მიატოვა. მისტვის უფრო იოლი ასატანი და გასაგები იქნებოდა, ვინმე ლამაზმანი რომ გამოსჩენოდა მეტოქედ. ამიტომაა, რომ მისის სტრიკლენდი დაჟინებით ავრცელებს ჭორებს საკუთარი მეუღლის რომანზე ვიღაც ფრანგ მოცეკვავესთან.

ამ ამბებიდან ხუთი წელი გავიდა 一 ავტორი კვლავ ხვდება პარიზში, სადაც შემთხვევით გადაეყარა თავის სიყრმის მეგობარს 一 დირკ სტრევს. დირკი დაბალი, ჩაპუტკუნებული, სასაცილო გარეგნობის ჰოლანდიელია, რომელიც ადამიანებს ხიბლავს თავისი ზღვარგადასული სიკეთითა და უანგარობით. მისი დაშაქრული იტალიური ჩანახატები დიდი მოწონებით სარგებლობს ხელოვნებაში ვითომ გარკვეულ საზოგადოებაში და კარგადაც იყიდება. თუმცა დირკისთვის ღმერთს ჭეშმარიტი მხატვრის ნიჭი არ მიუმადლებია, ჰოლანდიელი უზადო გემოვნებითაა დაჯილდოებული და არა მარტო მშვენივრად ერკვევა ხელოვნებაში, არამედ გულწრფელად ცდილობს, ემსახუროს მას. ირკვევა, რომ დირკი იცნობს სტრიკლედს, მისი ნამუშევრებიც უნახავს, თუმცა ამას ბევრი ვერ დაიკვეხნის, და მიაჩნია, რომ სტრიკლენდი გენიოსი მხატვარია. ამიტომაა, რომ დირკი ეხმარება სტრიკლენდს, ხშირად აძლევს ფულს, თუმცა კარგად იცის, რომ მხატვარი ვერც ვალს დაუბრუნებს და არც მოუბოდიშებს ამის გამო. სტრიკლენდი მართლაც ხშირადაა მშიერ-მწყურვალი, მაგრამ საკუთარ სიღატაკეს ვერც კი ამჩნევს. იგი მონუსხულივით განაგრძობს თავისი ტილოების წერას და არაფრად აგდებს არც პოპულარობას, არც სიმდიდრეს, არც ადამიანებს შორის ურთიერთობის საყოველთაოდ აღიარებულ წესებს. დაამთავრებს თუ არა მორიგ ტილოზე მუშაობას, სტრიკლენდი მის მიმართ ყოველგვარ ინტერესს კარგავს: არც გამოფენაზე გააქვს, არც ყიდის და უფრო ხშირად საერთოდ არავის აჩვენებს.

ავტორის თვალწინ თამაშდება დირკ სტრეკის დრამა. როცა სტრიკლენდი ავად გახდა და სიკვდილს ებრძოდა, დირკმა იგი იხსნა დაღუპვისგან, საკუთარ ოჯახში გადაიყვანა და ცოლთან ერთად რუდუნებით უვლიდა მხატვარს, სანამ ფეხზე არ დააყენა. სტრიკლენდმა კი იმით გადაუხადა მადლობა, რომ აცდუნა მისი მეუღლე ბლანში, რომელიც ჰოლანდიელს მთელ ქვეყანას ერჩივნა. ბლანში სტრიკლენდთან გადადის, დირკი სრულიად განადგურებულია.

ასეთი საქციელი სტრიკლენდისთვის საერთოდ არის დამახასიათებელი, იგი არ ცნობს ნორმალურ ურთიერთობებს. სტრიკლენდი, ერთი მხრივ, სიყვარულზე მაღლა დგას, მეორე მხრივ, ღირსიც არ არის, რომ შეიყვარონ.

გავა რამდენიმე თვე და ბლანში თავს იკლავს. მას მართლა უყვარდა სტრიკლენდი, მხატვარში კი გაცოფებას იწვევდა ქალების მისწრაფება, მას გვერდში ამოსდგომოდნენ, როგორც ცხოვრების დასაყრდენი, მეგობარი ან, უბრალოდ, ამხანაგი. როგორც კი მობეზრდა შიშველი ბლანშის ხატვა, სტრიკლენდმა იგი მიატოვა. ბლანშმა ვერც ყოფილ მეუღლესთან გაბედა დაბრუნება: მან ხომ საშინელი უმადურება გამოიჩინა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც იგი საშინელი სირცხვილისგან იხსნა. სტრიკლენდი გესლიანად შენიშნავს, რომ ბლანშმა ვერ აპატია დირკს ის დიდი მსხვერპლი, რომელიც მან ბლანშის გამო გაიღო. ბლანში მდიდარ ოჯახში მუშაობდა გუვერნანტად. იგი პატრონის ვაჟმა შეაცდინა და, როცა გაირკვა, რომ ქალი დაფეხმძიმდა, ბლანში შეუბრალებლად გააძევეს სამუშაოდან. ქალს, თავის მოკვლის გარდა, არაფერი დარჩენოდა, როცა დირკმა იგი შეიფარა და მასზე დაქორწინდა. ბლანშის თვითმკვლელობამ დირკ სტრეკი სრულიად გატეხა, მან მიატოვა პარიზი და სამუდამოდ გადასახლდა ჰოლანდიაში.

ბოლოს და ბოლოს სტრიკლენდმა ავტორს აჩვენა თავისი ნახატები. ავტორი გააოგნა ამ ტილოების უცნაურმა, შთამბეჭდავმა და მომნუსხველმა ძალამ. მათში იგრძნობოდა დაუოკებელი სურვილი რაღაცა ისეთის გადმოცემისა, რომელიც გაათავისუფლებდა მხატვარს იმ ძალისგან, სრულიად რომ დაუფლებოდა მის პიროვნებას და თავის ტყვეობაში მოექცია. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს მხატვარმა შეიცნო სამყაროს სული და თავს ვალდებულად გრძნობს, ასახოს იგი თავის ტილოებში.

ბედისწერის ბორბალმა ავტორი მიიყვანა კუნძულ ტაიტზე, სადაც სტრიკლენდმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. ავტორი ცდილობს, რაიმე ცნობები მოიპოვოს სტრიკლენდის შესახებ და ეძებს ადამიანებს, რომლებმაც რაღაც მაინც იციან მხატვრის სიცოცხლის უკანასკნელ წლებზე. მას უყვებიან, რომ უსახსროდ დარჩენილი, უმუშევარი, დღენიადაგ მშიერი სტრიკლენდი მარსელის უსახლკაროთა თავშესაფარს მიეკედლა. ყალბი საბუთებით მოახერხა ავსტრალიაში მიმავალ გემზე სამუშაოს შოვნა, ვინაიდან მარსელში მასზე შურისძიებას აპირებდა ვინმე ანჩხლი ბილი. ასე მოხვდა ტაიტზე და პლანტაციაში ზედამხედველად მუშაობას მიჰყო ხელი. კუნძულის მცხოვრებნი, რომლებსაც სტრიკლენდი ჩვეულებრივ მაწანწალად მიაჩნდათ და რომლებიც არაფრად აგდებდნენ მის „ნაჯღაბნებს“, ახლა ძალიან ნანობდნენ, რომ ხელიდან გაუშვეს შესაძლებლობა, კაპიკებით შეეძინათ ნახატები, რომლებიც თურმე არნახულად დიდი თანხისა იყო. სასტუმროს დიასახლისი, ბებერი აბორიგენი ქალი, უყვება ავტორს, როგორ შერთო სტრიკლენდს თავისი ნათესავი გოგონა ატა. ქორწილის შემდეგ ატა და სტრიკლენდი ატას კუთვნილ პატარა ნაკვეთზე დასახლდნენ. მათი საცხოვრებელი ტყეში იყო მიმალული. სამი წლის განმავლობაში სტრიკლენდი სრულიად ბედნიერად გრძნობდათავს. ატა არ აღიზიანებდა მას, თავს არ აბეზრებდა, ყველაფერს აკეთებდა, რასაც ქმარი უბრძანებდა, ბავშვს უვლიდა და ა.შ.

სტრიკლენდი კეთრით გარდაიცვალა. როდესაც მიხვდა, რა საშინელი სენით დაავადდა, უნდოდა, ტყეში განმარტოებულიყო, მაგრამ ატამ არ დაანება. ისინი მარტონი ცხოვრობდნენ და ხალხთან შეხება არ ჰქონდათ. სტრიკლენდი ხატვას თავს არ ანებებდა, სახლის კედლები სულ მოხატა. ეს სურათები მხოლოდ ექიმმა ნახა, რომელიც ავადმყოფთან მივიდა, მაგრამ მან სტრიკლენდს ცოცხალს ვეღარ მიუსწრო. ექიმი შეძრა სტრიკლენდის კედლის მხატვრობამ. იყო ამ ნამუშევრებში რაღაც დიადი, მგზნებარე ვნება, ბუნების მესაიდუმლე კაცის ნაფიქრალი და ნააზრევი, ხედვა ადამიანისა, რომელიც ჩასწვდა სამყაროს მშვენიერ და მომნუსხველ საიდუმლოს. ამ ნახატებში სტრიკლენდმა მიაღწია იმას, რასაც ესწრაფვოდა: განდევნა დემონი, წლების განმავლობაში რომ აწამებდა მის სულს. მაგრამ სიკვდილის წინ მან ატას ანდერძად დაუტოვა დაჟინებული თხოვნა 一 გადაეწვა სახლი და ქალი ვერ აღუდგა წინ მომაკვდავის უკანასკნელ სურვილს.

ლონდონში დაბრუნებული ავტორი ისევ შეხვდა მისის სტრიკლენდს. დის გარდაცვალების შემდეგ ქალმა საკმაო მემკვიდრეობა მიიღო და, დიახაც რომ, კარგად ცხოვრობდა. მის მყუდრო სასტუმროს სტრიკლენდის ნახატების ასლები ამშვენებდა. იგი ყველას ისე აჩვენებდა თავს, თითქოს მის ქმართან მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა.

მისის სტრიკლენდს რომ უსმენდა, ავტორს აგონდებოდა მხატვრისა და ატას ვაჟი. იგი თითქოს ცხადად ხედავდა ამ ახალგაზრდას მეთევზის ნავში. ვაჟის თავზე უძირო, ლაჟვარდოვანი ცა გადაშლილიყო, ვარსკვლავებით მოჭედილი, გარშემო კი წყნარი ოკეანის თვალუწვდენელი წყლის უდაბნო იყო გადაჭიმული.  

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. https://www.goodreads.com/book/show/44796.The_Moon_and_Sixpence
  2. https://www.amazon.com/Moon-Sixpence-W-Somerset-Maugham/dp/0099284766
  3. Anthony Curtis and John Whitehead, eds, W. Somerset Maugham, The Critical Heritage, Routledge, 1987, p.10.
  4. Amy Dickson, Gauguin: A very British reception in B. Thompson (ed.), Gauguin: Maker of Myth, Tate Publishing, 2010, pp. 68-9.