მთავარი სახალხო სასწავლებლები

მთავარი სახალხო სასწავლებლები (რუს. Главные народные училища) — მაღალი ტიპის დაწყებითი სკოლები რუსეთის იმპერიაში მოსახლეობის ყველა თავისუფალი წოდებისათვის. 1786 წლის წესდების საფუძველზე შეიქმნა 25 საგუბერნიო ქალაქში. ინახავდნენ საზოგადო მზრუნველობის უწყების სახსრებით. სწავლება უფასო იყო. მასწავლებლები მომზადებული იყვნენ სანქტ-პეტერბურგის მთავარ სახალხო სასწავლებელში (შეიქმნა 1783 წელს; დირექტორი — თედორე იანკოვიჩ დე მირიევო). არსებობდა 4 კლასი სწავლების 5-წლიანი კურსით. I საფეხური (I–II კლასები) შეესაბამებოდა მცირე სახალხო სასწავლებლის კურსს, II საფეხურზე (III–IV კლასები) მიმდინარეობდა მასწავლებელთა მომზადება; ასწავლიდნენ ისტორიას, გეოგრაფიას, მათემატიკას, მექანიკას, ფიზიკას, ბუნების ისტორიას, სამოქალაქო არქიტექტურას, რუსულ და უცხოურ ენებს, „სწავლების ხერხებს“ (სწავლების მეთოდიკა), გიმნაზიაში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის — ლათინურ ენას. 1804 წლის წესდების საფუძველზე გადაკეთდნენ გიმნაზიებად.[1]

  1. Главные народные училища // Большая российская энциклопедия. т. 7. — М., 2007. — стр. 203.