მეტივიშვილების სახლი

მეტივიშვილების სახლი — კულტურული მეკვიდრეობის ძეგლი საქართველოში, ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ სამწვერისში. სახლი ორსართულიანია. ნაგებია ქვითა და აგურით. ფორმით მართკუთხედია ჩრდ-სამხრეთის ღერძზე დამხრობილი. სახლი ეზოსკენ - ჩრდილოეთისკენაა პირით შექცეული, ამ მხრიდან აქვს სახლს ორივე სართულზე ღია აივანი. პირველი სართული ქვითაა ნაგები და მოიცავს ორ არათანაბარი ზომის დარბაზს, რომელშიც ჭერი საყრდენ სვეტებსა და თაღოვან ღიობებს უჭირავს. პირველ სართულზე მთავარი შესასვლელი ჩრდილოეთიდან არის. კარი ალაყაფისებურია. ამავე მხრიდან პირველი სართულის აივანი აგურით ნაგები ოთხი მძლავრი ბურჯითაა ეზოსგან გამოყოფილი და იატაკად სოხანე აქვს. ამ ბურჯებს მეორე სართულის აივანი ეყრდნობა. მცირე კარი აქვს პირველ სართულს სამხრეთის კედელშიც. დანარჩენ კედლებში სარკმლებია გაჭრილი. მეორე სართულის ყველა კედელი დანაწევრებულია სარკმლებითა და კართა ღიობებით, რომლებიც ლეკალური აგურითაა გამოყვანილი და თაღოვანი ფორმისაა. ღიობების ზედა ნაწილი აგურითვეა ამოშენებული ტიმპანისებურად, ხოლო ქვემოთ აგურის წყობის დადაბლებით მართკუთხედების ორნამენტებია მოცემული. ოთახები ერთმანეთში გამავალი კარებითაა დაკავშირებული. ერთი ოთახის კედელში ამ ეპოქისთვის მახასიათებელი ბუხარია ჩაშენებული. სახლი სახენაცვალია, თუმცა მაინც აქვს შერჩენილი ძველი და მოხდენილი იერი. სახლი მე19 საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებისთვის მახასიათებელი (თბილისი, თელავი, სიღნაღი) ქალაქური საცხოვრისის ერთადერთი ნიმუშია ბოლნისში, რითიც ის განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

1. https://memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?id=40430