მეტეხის მაცხოვრის ეკლესია
მეტეხის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
მდინარე ფრონეს მარჯვენა ნაპირზე მდებარე ეკლესია მოყვითალო ქვიშაქვის დიდი კვადრებითაა ნაგები. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვით.
დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია მაღალი, თაღოვანი სარკმელი. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ღრმა ნიშია. სფერული კონქი ამოყვანილია ქვის რადიალური რიგებით - სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. აბსიდის იატაკის დონე ერთი საფეხურით მაღალია დარბაზის იატაკთან შედარებით.
ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი იმპოსტებს ეყრდნობა. დარბაზი განათებულია სამხრეთის და დასავლეთის თაღოვანი სარკმლებით. დასავლეთი სარკმლის ჭრილი ირიბია. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ორივე კარი შიგნით თაღოვანი, გარედან არქიტრავულია. ჩრდილოეთი შესასვლელი გვიანდელ მინაშენს უკავშირდება. ამჟამად კარი ამოქოლილია. მინაშენი გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით იკითხება ნახევარწრიული აბსიდის ნაწილი. მინაშენის კედლების სიმაღლე 1 მეტრს აღწევს.
ეკლესიას მარტივპროფილიანი კარნიზი აქვს. ეკლესიის კედლები დაბზარულია, სარკმლები დაზიანებული, კარნიზი ბევრგან ჩამოცვენილია; აყრილია საბურავი.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004