მერი შერვაშიძე
მერი პროკოფის ასული შერვაშიძე-ერისთავი (დ. 1888, ბათუმი, — გ. 21 იანვარი, 1986, პარიზი) — სილამაზით განთქმული ქართველი არისტოკრატი ქალბატონი, გადმოცემით გალაკტიონ ტაბიძის „მუზა“, სტამბოლში სილამაზის მსოფლიო კონკურსის გამარჯვებული 1921 წელს, კოკო შანელის მოდელი.[1]
მერი შერვაშიძე | |
---|---|
მერი შერვაშიძე | |
დაბადების თარიღი |
1888 ბათუმი |
გარდაცვალების თარიღი |
21 იანვარი, 1986 პარიზი |
ეროვნება | ქართველი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამერის მამა, გენერალ-მაიორი პროკოფი შერვაშიძე, აფხაზეთის თავადი, შემდეგ კი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი იყო. მერი ბათუმში დაიბადა, თუმცა მამის სამსახურის გამო ოჯახი პეტერბურგში გადასახლდა, სადაც მერი იმპერატრიცას ფრეილინა გახდა.
პროკოფი შერვაშიძის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი ძირითადად ქუთაისში ცხოვრობდა. 1918 წელს მერის საქმრო გიგუშა ერისთავი (გიორგი ქსნის ერისთავი), რომელიც იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ადიუტანტი იყო, საქართველოში დაბრუნდა, რათა ცოლად შეერთო მერი. 1921 წელს, როდესაც საქართველოს ბოლშევიკების მიერ აღებამდე რამდენიმე დღე რჩებოდა, მერი ბათუმიდან გემით საფრანგეთს გაემგზავრა. გემი რამდენიმე დღით შეჩერდა სტამბოლში, სადაც მერის უკვე დევნილი ქმარიც შეუერთდა. სწორედ სტამბოლში გაიმართა მსოფლიო სილამაზის კონკურსი, რომელშიც მერიმაც მიიღო მონაწილეობა და მოიგო კიდეც.[1]
მერი იყო მაღალი, არცთუ გამხდარი, შავი, მაყვლისფერი თვალებითა და წაბლისფერი თმებით. გადმოცემით არასოდეს იცინოდა, მხოლოდ იღიმებოდა. მას ჰყავდა მეგობრების ვიწრო წრე, მაგრამ ვინც მას იცნობდა, აფასებდა მისი თავმდაბლობისათვის, უბრალოებისა და დიდსულოვნებისათვის.[1]
პარიზში მერი შერვაშიძე მე-16 უბან რიუ-დე-ლა-ტურში დასახლდა, ბულონის ტყესთან ახლოს. თავდაპირველად მერის ოჯახს ცოტა გაუჭირდა. მერის დედა, ნინო მხეიძე და მერის ტყუპი დები ელენე და თამარი მერისთან ერთად ცხოვრობდნენ. ნინომ მალე იპოვა სამუშაო კარგად ცნობილ სამკერვალო სახელოსნოში. რამდენიმე ხნის შემდეგ მათ მოახერხეს საკუთარი სახელოსნოს გახსნა. სწორედ ამ დროს ხდება მერი კოკო შანელის მოდელი. ამ საქმეში გაწაფულმა პარიზელებმა განსაკუთრებულად აღიქვეს მისი ჩაცმის სტილი და საკუთარი სილამაზის მისეული გადმოცემის ხერხი.[1]
გიგუშა ერისთავი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ისე რომ შვილი არ ჰყოლია. ხანდაზმული მერი პარიზში ლატურის ქუჩაზე სრულიად მარტო ცხოვრობდა. იშვიათად ეკონტაქტებოდა ქართველ ემიგრანტებს, იშვიათად ქართულ ეკლესიაშიც შეივლიდა ხოლმე. მერი შერვაშიძემ სიცოცხლის ბოლო წლები, მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. ეს არ იყო მიუსაფართა სახლი, მშვენიერ ქალბატონს იქ მოახლეც კი ჰყავდა. ხოლო საკუთარ ბინაში ლატურის ქუჩაზე, მეგობრებთან ერთად მიდიოდა დრო და დრო და ბანქოს თამაშობდა. როგორც მერის უახლოესი მეგობარი ბაბო დადიანი იხსენებდა, მერის სახლში სიცოცხლის ბოლომდე ეწყო ნაცნობ თუ უცნობ თაყვანისმცემელთა მიერ გამოგზავნილი ყვავილები.[1]
მერი მოხუცებულთა თავშესაფარში 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. გადმოცემით, ის სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ინარჩუნებდა სილამაზესა და მშვენიერებას. ბაბო დადიანის თხოვნით კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მერი შერვაშიძეს პანაშვიდი საქართველოში, სიონის ტაძარში გადაუხადა.[1]
„მერი“
რედაქტირებაერთ-ერთი ვერსიით 1935 წელს გალაკტიონ ტაბიძემ შემთხვევით ნახა მერი პარიზში. მერი ლუვრის წინ იჯდა და მომაჯადოებლად ლამაზად გამოიყურებოდა. მოხიბლულმა გალაკტიონმა სწორედ მას შემდეგ მიუძღვნა მერის განთქმული ლექსი.[2]
თვით გალაკტიონი მერის შესახებ ასე წერდა:
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა — ქართველები უცხოეთში
- ↑ მერი შერვაშიძე — მსოფლიო სილამაზის კონკურსის გამარჯვებული. კოკო შანელის მოდელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-18. ციტირების თარიღი: 2013-10-14.