ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მენჯის ციხე — არქეოლოგიური ძეგლი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯში.

ციხის კომპლექსი მდებარეობს ქალაქ სენაკის ცენტრიდან დასავლეთით 4 კმ-ში, გზის პირა უნაგირა მთაზე. სწორედ უნაგირა მთის ამ სამხრეთ დაბოლოებაზეა აღმართული მენჯის ციხე. კომპლექსს სამხრეთ და დასავლეთ მხრიდან ციცაბო ფერდობი შემოფარგლავს, ხოლო ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ მხრიდან უნაგირა მთის კალთები ეკვრის. კომპლექსი შედგება კლდის ქვით ნაგები 1 მეტრი სისქის გალავნისაგან მასში ჩადგმული მართკუთხა კოშკისგან, ციხის ეზოში, აღმოსავლეთ ნაწილში მდგარი მცირე დარბაზული ეკლესიისგან და გალავნებს დასავლეთ და აღმოსავლეთ მხრიდან შემოვლებული 4 მეტრი სიგანის ხელოვნური თხრილისგან. ციხის ჭიშკარი გაჭრილი უნდა ყოფილიყო დასავლეთ გალავანში, კოშკის სამხრეთით, თუმცა მისი ზომები და ფორმები ზედაპირული დაზვერვით არ დგინდება. ციხის ჩრდილოეთ პერიმეტრზე გალავნის კვალი არ ჩანს. სავარაუდოდ გალავნის ადგილას იკვეთება 0,5 მ სიმაღლის ბორცვი, რომელიც დასავლეთით კოშკს უერთდება. ციხის სამხრეთ პერიმეტრზე გალავნების ხაზი სრულად ფიქსირდება, საშუალოდ 2 მეტრის სიმაღლეზე, მას შიგნიდან მთელ პერიმეტრზე შემოუყვება გამოწეული ბაზისი, სავარაუდოდ კოშკს შესასვლელი უნდა ჰქონოდა აღმოსავლეთ მხრიდან. ნაგებია კარგად გათლილი სწორკუთხა კლდის ქვით, რიგების დაცვით. ციხის ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ეკლესიის დარბაზი, აფსიდიანად მოქცეულია გარე სწორკუთხედში. 2005 წლიდან ტაძარში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რის გამოც ძველი სამშენებლო ფენები სრულად არ იკვეთება. შემორჩენილი ნაწილების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ტაძარი ნაშენი იყო კლდის კარგად გათლილი ქვებით, ასევე ჩანს მოგვიანო X-XII საუკუნეების გადაკეთებების კვალი, რის თქმის საფუძველსაც გვაძლევს ტაძრის გარშემო გამოვლენილი ფრესკის ანაბეჭდიანი ბათქაშები და განვითარებული შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ორნამენტიანი საპირე ქვის ფრაგმენტები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5146
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მენჯის_ციხე“-დან