მელიკუდა ქართლის
მელიკუდა ქართლის, მელიკუდი, მელაკუდა, ჭვარტალა, ფართალა, პარტალა თეთრი, მუშკამბალი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.
ამ ჯიშის სახელწოდება მისი მტევნის ფორმის მელიის კუდთან მსგავსებამ წარმოშვა.
ასეთივე სახელწოდების ჯიშებს ვხვდებით სომხეთში „მლინკუტ“ და თურქმენეთში „ტულკი ყუირუღ“. პლინიუსის ცნობით, საბერძნეთში ცნობილი ყოფილა ჯიში „ალოპეც“ (მელიის კუდი), საბერძნეთიდან გადაუტანიათ იტალიაში, სადაც უწოდებდნენ „Caude vulpe“, რაც ასევე მელიის კუდს ნიშნავს. ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით, სახელწოდება „მელიის კუდი“ მეზობელ ქვეყნებში საქართველოდან იქნა გატანილი და არა პირიქით.
საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული მელიკუდა ადგილობრივი ჯიშია, მელიკუდა პატარ-პატარა ჯგუფებადაა გავრცელებული ქართლში — მცხეთის, კასპის და ბოლნისის ვენახებში.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი დიდი ზომის და მომრგვალო ან უკუკვერცხისებრი ფორმისაა, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სუსტადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი და გრძელია, კონუსური ფორმის, წამახვილებული წვერით, ზოგჯერ ფრთიანი, საშუალო სიკუმსის, იშვიათად მეჩხერი. მარცვალი არის საშუალო ზომის, მომრგვალო ან ოვალური, ზოგჯერ ასიმეტრიული, მომწვანო-მოყვითალო ელფერით. კანი თხელი აქვს, მაგრამ მკვრივი, ცვილისებრი ფიფქით სქლადაა დაფარული. რბილობი მკვრივია, კნატუნა, ჰარმონიული გემოთი.
მელიკუდა ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე საშუალოდ 168-172 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 250-300 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 10.8-17.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5-8 გ/ლ-ს.
მიიღება ჩალისფერი, ხალისიანი, ნაკლებსხეულიანი და დაბალალკოჰოლიანი სუფრის თეთრი მშრალი ღვინო, მომეტებული მჟავიანობით.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 236