მელაათ ხიმშიაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხიმშიაშვილი.

მელაათ ხიმშიაშვილი (დ. 14 ივნისი, 1922, დაბა ხულო — გ. 5 მაისი, 2015, სტამბოლი) — შერიფ ხიმშიაშვილის შვილიშვილი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

მამა, ჰაჯი ალი სეიდიშვილი, დედა — მინირე ხიმშიაშვილი (შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილისა და დანიის მეფის ქრისტიან IX-ის (1818-1906) ძმის შვილის — ნადეჟდა დაგმარას შვილი). იგი ხულოში ცხოვრობდა 1935 წლამდე, სადაც მან მიიღო დაწყებითი განათლება.

საბჭოთა პერიოდში რუსეთის იმპერიაში მაღალი წრის წარმომადგენლები განსაკუთრებით დევნის ობიექტს წარმოადგენდნენ. 1931 წლის 15 ივნისს, ხულოში მცხოვრებ ალი სეითზადე ხიმშიევის ოჯახიდან კონფისკაციით გაუტანიათ ძვირფასი ნივთები – ბეჭდები, გულსაბნევები, სამაჯურები, რუსული ფული და სხვა სახის საგნები. მათ შორის ირიცხება ძვირფასი მარმარილოს პირსაბანი და აბანო. ესენიც მოუხსნიათ და წაუღიათ. ... ვინ იცის, შეიძლება დღემდე ამშვენებს ეს ნივთები მავანისა და მავანის ოჯახებს... ჩამორთმეულ ნივთებს შორის დასახელებულია შერიფ ხიმშიაშვილის ოქროს სამხრეები (თურქულად წერია „ჩივთი აპოლეტი“, ანუ წყვილი სამხრე) – გენერალ-მაიორის დამადასტურებელი ნიშნები.

მელაათის მშობლები იძულებული გახდნენ 1935 წელს დაეტოვებინათ აჭარა და ყარსში გადასულიყვნენ. გზათ მათ მოინახულეს ტაო–კლარჯეთში მცხოვრები ხიმშიაშვილები, ამ მხარეების გამგებლები. ყველანი – ოლთისში, ტაოსკარში, შავშეთში, არტაანში, არტანუჯში, ფოცხოვში მცხოვრები ხიმშიაშვილები – ამ მხარეების ყოფილი გამგებლები – მძიმე პირობებში იმყოფებოდნენ. მალე თურქეთის მთავრობამ ისინი გადაასახლა შიდა თურქეთში და გაფანტა. შემდეგ წლებში ნელ-ნელა წელში გაიმართნენ და სტამბოლში, ანკარაში, ბურსაში გადმოსახლდნენ, რათა შვილებისათვის მიეღებინებინათ შესაბამისი განათლება.

მელაათ ხიმშიაშვილმა დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის პედაგოგიკის ფაკულტეტი. მიიღო დაწყებითი სკოლის მასწავლებლის სპეციალობა. პენსიაზე გასვლამდე მასწავლებლობდა. ძალიან უყვარდა ბავშვები. თავის ენერგიას უანგაროდ ახმარდა მომავალი თაობის აღზრდა–განათლების საქმეს. ნათესავების ბავშვებს ასწავლიდა ქართულ ენას, ქართულ წერა-კითხვას, საქართველოს ისტორიას. სელიმ ხიმშიაშვილის შთამომავლებში აღვივებდა ისტორიული სამშობოლოს სიყვარულს. მთავრობისაგან მიღებული ჰქონდა სიგელები და ჯილდოები. სიკვდილამდე იღებდა დამსახურებული პედაგოგის პენსიას.

სარფის საზღვრის გახსნის შემდეგ, 1990 წლის შემოდგომაზე, ძმის შვილიშვილთან, ენვერ ხიმშიაშვილთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდა საქართველოში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება