მეზონი (ძვ. ბერძნ. μέσος [mesos] — „საშუალო, შუალედური“) — არასტაბილური ელემენტარული ნაწილაკი, რომლებიც მიეკუთვნება ძლიერად ურთიერთქმედი ნაწილაკების — ჰადრონების კლასს. ბარიონებისაგან განსხვავებით მეზონებს ბარიონული მუხტი არ გააჩნიათ. აქვთ ნულოვანი ან მთელრიცხვა სპინი (ბოზონებს წარმოადგენენ).

სახელწოდება დაკავშირებულია იმასთან, რომ პირველად აღმოჩენილი მეზონების (პი-მეზონების, კა-მეზონების) მასებს შუალედური მნიშვნელობანი აქვთ პროტონისა და ელექტრონის მასებს შორის (მიუონები, რომლებსაც პირველად მიუ-მეზონებს უწოდებდნენ, არ მიეკუთვნებიან მეზონებს, რადგან აქვთ 1/2 სპინი და არ მონაწილეობენ ძლიერ ურთიერთქმედებებში). შემდგომ აღმოაჩინეს ძალიან მცირე სიცოცხლის ხანგრძლივობის მევრი სხვა მეზონი. (ე. წ. ბოზონური რეზონანსები). ზოგიერთი მათგანის მასა აღემატება პროტონის მასას. მეზონები ბირთვული ძალების გადამტანები არიან. ისინი განსაკუთრებით ინტენსიურად წარმოიქმნებიან დიდი ენერგიის ჰიდრონების შეჯახებისას.

არსებობს ნეიტრალური და დამუხტული მეზონები (დადებითი და უარყოფითი ელემენტარული ელექტრული მუხტით), ნულოვანი (მაგ. პი-მეზონი) და არანულოვანი (მაგ. კა-მეზონი) უცნაურობით და ასე შემდეგ.

მეზონები თავდაპირველად იწინასწარმეტყველა ჰიდეკი იუკავამ 1949 წელს როგორც ძლიერი ურთიერთქმედების გადამტანი ბოზონები. თავდაპირველად იუკავამ ახალ ნაწილაკს უწოდა „მეზოტრონი“, თუმცა მოგვიანებით შეუსწორა ვერნერ ჰაიზენბერგმა (რომლის მამაც იყო ბერძნულის პროფესორი მიუნხენის უნივერსიტეტში) და უწოდა „მეზონი“.

პირველი ექსპერიმენტულად აღმოჩენილი მეზონი იყო პიონი.

ლიტერატურა რედაქტირება