მდაბიო, მდაბიური, მდაბური — „დაბის“ (უმცირესი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისა და დასახლებული ადგილის) მკვიდრი. რადგან — „დაბა“ (თავდაპირველად გვაროვნული-თემური ერთეული უნდა ყოფილიყო) ადრინდელ ფეოდალურ ხანაში სასოფლო-სამეზობლო თემს წარმოადგენდა, „მდაბიო“ ამ დროს სოციალური ტერმინი იყო და ამ „დაბაში“ მცხოვრებ მეთემეს აღნიშნავდა. ტერმინი „მდაბიო“ ჩვენამდე მოღწეულ ძეგლთაგან პირველად გვხვდება „ ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“ „მდაბურის“ ფორმით და აღნიშნავს საქალაქო ეთნიკურ-რელიგიური თემის წევრს (გიორგი მელიქიშვილი).

მდაბიო დრინდელ ფეოდალურ ხანაში მატერიალური დოვლათის ძირითადი მწარმოებელი იყო, იგი ემსახურებოდა „დაბების“ მფლობელ ფეოდალს. მდაბიოთა უმთავრესი მოვალეობა იყო აგრეთვე ლაშქრობა. ამ ნიშნით სამეცნიერო ლიტერატურაში იხმარება ტერმინი მდაბიორ-მოლაშქრენი (ნიკოლოზ ბერძენიშვილი) მსუბუქად შეიარაღებულ ქვეით მეომართა აღსანიშნავად, რომლებიც მძიმედ შეჭურვილ თავიანთ „უფლებს“ ახლდნენ. VIII-IX საუკუნეებში „დაბების“ ანუ სასოფლო-სამეზობლო თემების ადგილს იკავებს მთლიანად ფეოდალების მიწათმფლობელობასა და ექსპლუატაციაში შესული „სოფლები“. ამ პროცესის შესაბამისად მდაბიოთა სოციალურმა ფენამ გაქრობა იწყო და მისი ადგილი თანდათანობით „გლეხმა“ დაიჭირა, როგორც ამ სახეცვლილი გაერთიანების მკვიდრმა და თემის გარეშე მდგომმა არათავისუფალმა მწარმოებელმა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1-2, თბ., 1970-1973;