მგალობლიშვილი (ვაზის ჯიში)
მგალობლიშვილი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.
ჯიში გამავრცელებლის სახელს ატარებს.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდია, მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ან ცილინდრული ფორმის, კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მუქი წითელი. საკმაოდ სქელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანი აქვს, ტკბილი გემოთი.
ვაზი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 185-190 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის საშუალო წონა 170-200 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა 7.0-8.0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 21-28%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.5-8.5 გ/ლ-ს.
მგალობლიშვილისგან დაყენებული ღვინო მცირედაა შეფერილი, შინაარსიანია და ნაკლებ სხეულიანი, ამიტომ მას ოცხანურ საფერესთან ერთად აკუპაჟებენ და იღებენ ინტენსიურად შეფერილ ხალისიან წითელ სუფრის მშრალ ღვინოს. ეს ჯიში ძირითადად პერსპექტიულია საბრენდე სპირტის მისაღებად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 233