მარცვალსაფქვავი წისქვილი
წისქვილი (მარცვალსაფქვავი) — მარცვალსაფქვავი მრეწველობის საწარმო, სადაც მარცვალს ფქვილად გადაამუშავებენ. თანამედროვე მარცვალსაფქვავ წისქვილში საავტომობილო, რკინიგზის, წყლის ტრანსპორტს განტვირთავენ მექანიკური და პნევმატური დანადგარებით. მარცვალს ათავსებენ ელევატორებში. მარცვალსაწმენდ განყოფილებაში მარცვალს მინარევებისგან წმენდენ სეპარატორებით, ტრიერებით და მაგნიტური აპარატებით. შემდეგ მარცვლის ზედაპირს წმენდენ მშრალი ან სველი ხერხით და საფქვავად მომზადებული მარცვლეული კულტურების სხვადასხვა ტიპს საფქვავი პარტიის მისაღებად ერთმანეთში აურევენ.
საფქვავ განყოფილებაში მიმდინარეობს სამი ძირითადი ოპერაცია: 1) მარცვლის პირველადი დაქუცმაცება; 2) მიღებული პიპკის გამდიდრება; და 3) გამდიდრებული პიპკებისგან ფქვილის მიღება. მარცვალს აქუცმაცებენ ვალცებიან დანადგარზე. პიპკების ვალცებიან დანადგარზე დაქუცმაცებით იღებენ შუალედურ პროდუქტს, შემდეგ კი ფქვილს. დაფქვის ასეთი ხერხი ფქვილის მაქსიმალურ გამოსავალს იძლევა. მიღებული ფქვილი ტომრებში იყრება და ავტომატურად იწონება. საწარმოო პროცესში, რომელიც მექანიზებული და უწყვეტია, 30-მდე ტიპის მანქანა მონაწილეობს. თანამედროვე წისქვილები აღჭურვილია მარცვლისა და შუალედური პროდუქტების გადასაადგილებელი პნევმატური ტრანსპორტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ოჩიაური თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 333.