მარია კაზიმირა ლუიზა დ’არკიენი
მარია კაზიმირა ლუიზა დ’არკიენი (ფრანგ. Marie Casimire Louise d'Arquien, პოლ. Maria Kazimiera Luiza d'Arquien; დ. 28 ივნისი, 1641 — გ. 30 იანვარი, 1716) — ფრანგი დიდგვაროვანი. პოლონეთის დედოფალი და ლიტვის დიდი მთავარი 1676-96 წლებში როგორც იან III სობესკის მეუღლე.
მარია კაზიმირა ლუიზა დ’არკიენი | |
---|---|
პოლონეთის დედოფალი და ლიტვის დიდი მთავარი | |
კორონაცია: | 2 თებერვალი, 1676 |
მმართ. დასაწყისი: | 2 თებერვალი, 1676 |
მმართ. დასასრული: | 17 ივნისი, 1696 |
წინამორბედი: | ელეანორა ავსტრიელი |
მემკვიდრე: | კრისტიანა ებერჰარდინა ბრანდენბურგ-ბაიროითელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 28 ივნისი, 1641 |
დაბ. ადგილი: | ნიევრი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 30 იანვარი, 1716, (74 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბლუა, საფრანგეთი |
მეუღლე: |
იან ზამოსკი იან III სობესკი |
შვილები: |
იაკუბ ლუდვიკი, ოლავას პრინცი ტერეზა თეოფილა ადელაიდა ლუიზა ტერეზა კუნეგუნდა, ბავარიის კურფიურსტი ალექსანდრე ბენედიქტე კონსტანტინ ვლადისლავი იანი |
მამა: | ანრი დ’არკიენი |
დედა: | ფრანსუაზ დე ლა შატრი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარია კაზიმირა ლუიზა დაიბადა 1641 წლის 28 ივნისს ნიევრში. იგი იყო გამოჩენილი ფრანგი დიდგვაროვნის, ანრი დ’არკიენისა და მისი ცოლის, ფრანსუაზ დე ლა შატრის ასული. აღსანიშნავია, რომ მისი მშობლების მრავალი შვილიდან მხოლოდ ის და მისი და გადარჩნენ. ოთხი წლის ასაკში იგი პოლონეთის დედოფალ მარია ლუიზა გონძაგას ფრეილინა ხდება, რომელიც 1645 წელს ცოლად მეფე ვლადისლავ IV-ს გაჰყვა და მისი დაღუპვის შემდეგ მალევე იქორწინა მის ძმაზე, მეფე იან II-ზე. სამეფო კარზე მან უამრავი დიდგვაროვანი გაიცნო, მათ შორის მომავალი მეფე იან სობესკი, თუმცა 1658 წელს იგი ცოლად იან ზამოსკის გაჰყვა, ასევე საკმაოდ გამოჩენილ და მდიდარ პოლონელ დიდგვაროვანს, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა, თუმცა ყველა მათგანი ჩვილობაში დაიღუპა. თავად ზამოსკი 1665 წელს გარდაიცვალა, მარია კაზიმირა კი მაშინვე დაქორწინდა იან სობესკიზე. წყვილს სულ ცამეტი შვილი გაუჩნდა, რომელთაგან მხოლოდ ოთხმა მიაღწია ზრდასრულობამდე.
1672 წელს იან სობესკი პოლონეთის მეფედ აირჩიეს. როგორც დედოფალი, მარია კაზიმირა ხალხში ძალიან მალე გახდა არაპოპულარული, როგორც საფრანგეთ-პოლონეთის ალიანსის დამაკავშირებელი ჯაჭვი. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ პოლონელები ვერ იტანდნენ საფრანგეთის იმჟამინდელ მეფე ლუი XIV-ს და მაშასადამე ვერც მის თანამემამულე ფრანგებს, ფრანგი დედოფალი მათ ტახტზე კი ცხადია უკმაყოფილებას იწვევდა.
სამეფო წყვილი ცნობილი გახდა თავიანთი სასიყვარულო წერილებით, რომელთაც ისინი 1665-1683 წლებში წერდნენ. ყოველივე ეს მაშინ ხდებოდა, როცა იანი სალაშქროდ ან დიპლომატიურ მისიებში იყო. ცხადია ადრესატამდე წერილს რამდენიმე ადამიანი კითხულობდა, რომელთაგანაც გავრცელდა მათი შინაარსი მთელ ევროპაში. ცნობილია, რომ მეფე დედოფალს მოფერებით „მარისიენკას“ ეძახდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ მარია კაზიმირა ძალიან მძიმე ხასიათის, ამპარტავანი, თვითმმართველობაზე ორიენტირებული ქალი იყო. ასევე ცნობილია, რომ ამის გამო მას თავისი შვილებიც კი ვერ იტანდნენ და როდესაც 1696 წელს იანი გარდაიცვალა, მისმა ვაჟმა მარია კაზიმირა რომში გადაასახლა. იტალიაში იგი დიდი პატივითა და პრესტიჟით სარგებლობდა, სადაც გაიცნო ასევე გადასახლებაში მყოფი შვედეთის დედოფალი კრისტინა, რომელიც მისგან განსხვავებით სათნო, თუმცა არც ისე კეთილშობილი და ინტელიგენტი იყო. მიუხედავად ამისა, ორმა დევნილმა დედოფალმა ერთმანეთს მალე გაუგო და მათ რომში დააარსეს არკადიის ხელოვნების სასწავლებელი. აღსანიშნავია, რომ მარია კაზიმირას თურქების კათოლიკობაზე მოქცევის უდიდესი ამბიცია ჰქონდა, რის გამოც მისი დაფინანსებით ასობით მისიონერული ექსპედიცია მოეწყო ოსმალეთში, თუმცა წარუმატებლად. მიუხედავად ამისა, მან შეძლო და ლუთერანი კრისტინა შვედი კათოლიკობაზე მოაქცია, რისთვისაც რომის პაპმა იგი დიდად დააჯილდოვა. ყოველივე ამ რელიგიური სულისკვეთებისთვის, მას ეკლესია გვერდში ედგა და აფინანსებდა. იგი ასევე დიდად წყალობდა და მფარველობდა ხელოვნებას, განსაკუთრებით კი მუსიკას.
იტალიაში ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ მარია კაზიმირამ მშობლიურ საფრანგეთში დაბრუნება გადაწყვიტა, სადაც იგი ჩავიდა კიდეც და ბლუას სასახლეში დასახლდა. საფრანგეთში ჩასვლიდან წელიწადნახევარში, 1716 წელს იგი გარდაიცვალა. იგი ბლუას საკათედრო ტაძარში დაკრძალეს, 1717 წელს კი პოლონეთში გადაასვენეს და მისი ქმრის გვერდით, კაპუცინების ეკლესიაში დაკრძალეს. 1733 წელს იანიც და მარია კაზიმირაც კრაკოვში გადაასვენეს.
შვილები
რედაქტირებამარია კაზიმირას თავის პირველ ქმარ იან ზამოსკთან ოთხი შვილი ჰყავდა:
- ლუდოვიკა მარია (1659), გარდაიცვალა ჩვილი;
- მკვდარშობილი ვაჟი (1660);
- კატარინა ბარბარა (1660-1662), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- გოგონა (1664), გარდაიცვალა ჩვილი;
მარია კაზიმირას თავის მეორე ქმარ იან III სობესკთან ჰყავდა ცამეტი შვილი:
- იაკუბ ლუდვიკი (1667-1737), პოლონეთის ტახტის მემკვიდრე, ცოლად შეირთო პფალცგრაფინია ჰედვიგია ელიზაბეთ ნებურგელი და შეეძინა შვილებიც;
- მკვდარშობილი ტყუპისცალი გოგონა (1669);
- მკვდარშობილი ტყუპისცალი გოგონა (1669);
- ტერეზა თეოფილა (1670), გარდაიცვალა ჩვილი;
- ადელაიდა ლუდოვიკა (1672-1677), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- მარია ტერეზა (1673-1675), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- მკვდარშობილი გოგონა (1674);
- ტერეზა კუნეგუნდა (1676-1730), ცოლად გაჰყვა ბავარიის კურფიურსტ მაქსიმილიან II ემანუელს;
- ალექსანდრე ბენედიქტე (1677-1714), გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
- მკვდარშობილი გოგონა (1678);
- კონსტანტინ ვლადისლავი (1680-1726), ცოლად შეირთო მარია იოზეფა ვესელი და შეეძინა შვილებიც;
- იანი (1682-1685), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- მკვდარშობილი გოგონა (1684);
ლიტერატურა
რედაქტირება- Antonio Bassani, Viaggio a Roma della Signora Reale Maestà di Maria Casimira, Regina di Polonia vedova dell’Invittissimo Giovanni III per il voto di visitare i Luoghi Santi et il Supremo Pastor della Chiesa Innocenzo XII, Roma 1700.
- Gaetano Platania, Due dame polacche nella Roma del Sei-Settecento, Salerno, Laveglia, 1980
- Gaetano Platania, Gli ultimi Sobieski e Roma. Fasti e miserie di una famiglia reale polacca tra Sei e Settecento (1699-1715),Roma, Vecchiarelli editore, 1990.
- Gaetano Platania, Viaggio in Italia e soggiorno romano di una dama polacca: Maria Casimira Sobieski, in Viaggiatori polacchi in Italia, n, 28, Gèneve, Slatkine, 1986, pp. 165–181.