მარია ვიქტორია დელ პოცო

მარია ვიქტორია დელ პოცო (იტალ. Maria Vittoria Dal Pozzo, ესპ. María Victoria del Pozzo; დ. 9 აგვისტო 1847, პარიზი, საფრანგეთი — გ. 8 ნოემბერი 1876, სანრემო, იტალია) — წარმოშობით იტალიელი დიდგვაროვანი ქალი. დაქორწინდა იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე II-ის უმცროს ვაჟ ამადეოზე. 1870-73 წლებში იყო ესპანეთის დედოფალი, ქმრის ჩამოგდებამდე. მას შემდეგ გახდა აოსტას ჰერცოგინია და გარდა ამისა იყო იტალიის სამეფო ტახტის რიგით მეორე მემკვიდრე.

მარია ვიქტორია დელ პოცო
ესპანეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 16 ნოემბერი 1870
მმართ. დასასრული: 11 თებერვალი 1873
წინამორბედი: ფრანსისკო დე ასის დე ბურბონი
მემკვიდრე: მერსედეს ორლეანელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 9 აგვისტო 1847
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 8 ნოემბერი 1876, (29 წლის)
გარდ. ადგილი: სანრემო, იტალია
დაკრძ. ადგილი: სუპერგის ბაზილიკა, ტურინი, იტალია
მეუღლე: ამადეო I, ესპანეთის მეფე
შვილები: 1. ამადეო ფილიბერტო, აოსტას ჰერცოგი
2. ვიტორიო ემანუელე, ტურინის გრაფი
3. ლუიჯი ამადეო, აბრუცის ჰერცოგი
სრული სახელი: მარია ვიქტორია კარლოტა ენრიკეტა დელ პოცო
მამა: კარლო ემანუელე დელ პოცო, დელა კირნეტას პრინცი
დედა: ლუიზა დე მეროდე
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარია ვიქტორია იყო კირნეტას პრინც კარლო ემანუელე დელ პოცოსა და მისი ცოლის, ლუიზა დე მეროდეს უფროსი ქალიშვილი. 1864 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ, როგორც მის მემკვიდრეს (რადგან მას მხოლოდ ერთი უმცროსი და ჰყავდა) მარია ვიქტორიას მიენიჭა მთელი რიგი ტიტულებისა რომელსაც მამამისი ატარებდა და რაც მთავარია თავისუფლება, ანუ თავად გადაწყვეტდა ვის გაჰყვებოდა ცოლად და საერთოდ გათხოვდებოდა თუ არა.

1867 წლის 30 მაისს მარია ვიქტორია ტურინში დაქორწინდა იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე II-ის უმცროს ვაჟზე, აოსტას ჰერცოგ ამადეო სავოიელზე. როგორც იმ დროის პრესა წერდა, ამადეოსა და მარია ვიქტორიას ქორწინება სიყვარულით იყო სავსე და ის საოცრად პომპეზურად აიღნიშნა.

1870 წელს ესპანეთის ტახტიდან ჩამოაგდეს დედოფალი ისაბელ II. ამავე წლის 16 ნოემბერს ესპანელებმა თავიანთ მეფედ სწორედ მარია ვიქტორიას ქმარი, ამადეო I აირჩიეს. მარია ვიქტორია, როგორც დედოფალი, მხოლოდ საქველმოქმედო საქმიანობებში იყენებდა თავის ძალაუფლებას. 1873 წლის 11 თებერვალს ამადეო ტახტიდან გადადგა და ცოლ-შვილთან ერთად იტალიაში დაბრუნდა. გამგზავრების დროს მარია ვიქტორიას მშობიარობა დაეწყო, რამაც საგრძნობლად შეარყია მისი ჯანმრთელობა. იტალიაში ჩასვლიდან რამდენიმე წელში მას იმ დროის განუკურნებელი დაავადება — ტუბერკულოზი დაუდგინდა, რამაც შეიწირა კიდეც იგი 1876 წლის 8 ნოემბერს, 29 წლის ასაკში. მისი გარდაცვალებიდან მალევე ამადეომ მეორე ცოლი შეირთო - მარია ლეტიცია ბონაპარტე.

  1. ემანუელე ფილიბერტო (დ. 13 იანვარი 1869 - გ. 4 ივლისი 1931), აოსტას ჰერცოგი, იტალიის მარშალი, იქორწინა პრინცესა ჰელენა ორლეანელზე და შეეძინა ორი ვაჟი;
  2. ვიტორიო ემანუელე (დ. 24 ნოემბერი 1870 - გ. 10 ოქტომბერი 1946), ტურინის გრაფი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
  3. ლუიჯი ამადეო (დ. 29 იანვარი 1873 - გ. 18 მარტი 1933), აბრუცის ჰერცოგი, იტალიის სამეფო ფლოტილიის ვიცე ადმირალი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • de Badts de Cugnac, Chantal. Coutant de Saisseval, Guy. ‘’Le Petit Gotha’’. Nouvelle Imprimerie Laballery, Paris 2002, p. 612 (French) ISBN 2-9507974-3-1