მარია ვალევსკა
მარია ვალევსკა (პოლ. Maria Walewska; დ. 7 დეკემბერი, 1786, ლოვიჩის ახლოს, პოლონეთი — გ. 11 დეკემბერი, 1817, პარიზი) — პოლონელი არისტოკრატი, გრაფინია, ნაპოლეონ ბონაპარტის საყვარელი, ნაპოლეონის ქორწინებისგარეშე ვაჟის, გრაფ ალექსანდრე ვალევსკის დედა.
პირველი ქორწინება
რედაქტირებამარია ლაჩინსკა (პოლ. Maria Łączyńska) ლაჩინსკების არისტოკრატიული პოლონური ოჯახის კიერნოზიას სასახლეში დაიბადა და გაიზარდა. სწავლობდა ვარშავის კათოლიკურ სამონასტრო სკოლაში. მისი ერთ-ერთი მასწავლებელი ფრედერიკ შოპენის მამა, მიკოლაი შოპენი იყო. 1804 წელს მარია ლაჩინსკა ცოლად გაჰყვა გრაფ ატანასიუშ კოლონა-ვალევსკის, პოლონეთის უკანასკნელი მეფის, სტანისლავ აუგუსტ პონიატოვსკის კამერგერს, რომელიც მარიაზე ბევრად უფროსი იყო. 1805 წელს მათ ვაჟი, ანტონი შეეძინათ.
ამ პერიოდის პოლონეთი რუსეთს, ავსტრიასა და პრუსიას ჰქონდათ გადანაწილებული. მარია ვალევსკა აქტიურად ჩაება პოლონეთის გამათავისუფლებელ მოძრაობაში. პოლონელთა იმედი ნაპოლეონს დაუკავშირდა. მხოლოდ ნაპოლეონს შეეძლო ავსტრიის, პრუსიისა და რუსეთის დამარცხება. ოცი ათასი პოლონელი საფრანგეთის არმიაში ირიცხებოდა და პოლონურ საჯარისო ერთეულებს ქმნიდა. ამ საჯარისო ერთეულებში იბრძოდა მარიას უფროსი ძმა, იუზეფ ბენედიქტ ლაჩინსკიც.
სასიყვარულო ურთიერთობა ნაპოლეონთან
რედაქტირებანაპოლეონ ბონაპარტი და მარია ვალევსკა ერთმანეთს პირველად 1807 წლის 1 იანვარს შეხვდნენ პატარა ქალაქ ბლონიში ვარშავის ახლოს. ნაპოლეონი ეტლით ვარშავისკენ მიემართებოდა. ბლონის სადგურთან შეჩერებულ ეტლს პოლონელთა დიდი ჯგუფი შემოეხვია მისასალმებლად. მარია ვალევსკამ ნაპოლეონის თანმხლებ გენერალ დუროს სთხოვა, წარედგინათ იმ ადამიანისთვის, რომელმაც მათ პოლონეთის გათავისუფლება აღუთქვა. როგორც მარია თავის მემუარებში წერს, ეტლში ფანჯარასთან მჯდომმა ნაპოლეონმა ქუდი მოიხადა, მისკენ დაიხარა და რაღაც უთხრა, მაგრამ მარიამ მისი ნათქვამი ვერ გაიგონა, ისე იყო მოწადინებული, თავისი განცდები გამოეთქვა. ნაპოლეონმა ყვავილების თაიგული აიღო, ეტლში რომ იდო, მარიას მისცა და უთხრა, შეინახეთ ეს თაიგული ნიშნად ჩემი კეთილგანწყობისა. იმედი მაქვს, ვარშავაში კიდევ შევხვდებით ერთმანეთსო.
მარიამ გადაწყვიტა არავისთვის გაემხილა იმპერატორთან შეხვედრის ამბავი, მაგრამ ერთ დღეს მას პრინცი იუზეფ პონიატოვსკი, მეფე სტანისლავ აუგუსტ პონიატოვსკის ძმისწული, ეწვია, ღიმილით უთხრა, რომ ყველაფერი იცოდა და მარია მეჯლისზე მიიწვია, რომელსაც იმპერატორის პატივსაცემად მართავდა ვარშავაში. მარია და ნაპოლეონი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ვარშავაში გამართულ მეჯლისზე. შინ დაბრუნებულს მოახლემ ნაპოლეონის სასიყვარულო წერილი გადასცა, რომელსაც, მიუხედავად პრინც პონიატოვსკის თხოვნისა, მარიამ არ უპასუხა.
პრინც პონიატოვსკის, პოლონეთის არისტოკრატიის, დროებით მთავრობასა და ნაციის ცნობილ წარმომადგენლებს მიაჩნდათ, რომ მარია, თუ ნაპოლეონის სიყვარულს უპასუხებდა, შეძლებდა ზეგავლენა მოეხდინა იმპერატორზე, რომ მას მხარი დაეჭირა პოლონეთისთვის თავისუფლების მოპოვებაში. მათ წერილობითაც მიმართეს მარიას, ქალს ყველა დროში დიდი გავლენა ჰქონდა პოლიტიკაზეო. ნაპოლეონი თავის წერილებში არწმუნებდა, თუ ჩემთან მოხვალთ, თქვენი ქვეყანა ჩემთვის უფრო ძვირფასი გახდება, თქვენზეა დამოკიდებული, რომ პოლონეთი აღდგეს და გაერთიანდესო. მარიაც, მიუხედავად იმისა, რომ ღრმად მორწმუნე კათოლიკე იყო და ცოლ-ქმრული ერთგულების ფიცის ღალატი დაუშვებლად მიაჩნდა, იძულებული გახდა დაჰყოლოდა ერთი მხრივ, ნაპოლეონის, ხოლო მეორე მხრივ, პოლონელი ნაციონალისტების დაჟინებულ თხოვნას. როგორც თავის მემუარებში წერს, თავიდან მხოლოდ პატრიოტული მოსაზრებით გადაწყვიტა, ნაპოლეონთან სასიყვარულო ურთიერთობა გაება. პოლონეთის არისტოკრატია ზეიმობდა: თავმდაბალი და უანგარო მარია, რომელსაც მხოლოდ სამშობლოსადმი მგზნებარე სიყვარული ასულდგმულებდა, ნაპოლეონისთვის ერთი შემთხვევითი საყვარელი კი არ იქნებოდა, არამედ მისი „პოლონელი ცოლი“ გახდებოდა და შეძლებდა უფრო მეტად დაეფიქრებინა იმპერატორი პოლონეთის ბედზე.
ნაპოლეონისა და მარიას ურთიერთობა გასაიდუმლოებული იყო, თუმცა ამ თემაზე ბევრს საუბრობდნენ ვარშავის მაღალ წრეებში. მარია მხოლოდ ღამღამობით სტუმრობდა ნაპოლეონს ვარშავის სამეფო სასახლეში. მაგრამ ნაპოლეონმა მოითხოვა, რომ მარია ყველა იმ წვეულებასა და საზეიმო მიღებას დასწრებოდა, სადაც თავად იქნებოდა.
1807 წლის ივლისში, ავსტრიისა და პრუსიის დამარცხების შემდეგ, ნაპოლეონმა გათავისუფლებული პოლონური ტერიტორიებისგან ვარშავის საჰერცოგო ჩამოაყალიბა და მისი კონსტიტუცია გამოაცხადა. იმპერატორმა დახმარება გაუწია პოლონელებს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებასა და არმიის რეორგანიზებაში და აღდგენილ პოლონურ არმიას პრინცი პონიატოვსკი ჩაუყენა სათავეში.
ნაპოლეონი, რომელსაც ქალთან პოლიტიკაზე მსჯელობა დაუშვებლად მიაჩნდა, გამუდმებით უბრუნდებოდა პოლონეთის თემას მარიასთან საუბარში. მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორმა გულახდილად აღიარა მარიასთან, რომ მისთვის უპირველესი საფრანგეთის ინტერესები იყო და რომ ის ვერ დაღვრიდა ფრანგების სისხლს მათთვის უცხო საქმისთვის, მისთვის დამახასიათებელმა მაგნეტიზმმა თავისი ჰქნა - მარიას თავდავიწყებით შეუყვარდა ნაპოლეონი და მის მიმართ გრძნობა სიცოცხლის ბოლომდე არ განელებია. ნაპოლეონი საოცრად თბილი და მოსიყვარულე აღმოჩნდა. ის ყოველთვის ცდილობდა, მარიასთან საუბარში მისთვის ჩვეული მბრძანებლური ტონი არ შეპარვოდა. სათნო და კეთილი მარიაც დამამშვიდებლად მოქმედებდა ბობოქარ იმპერატორზე. მარიასთან ურთიერთობა მისი სულის ფაქიზ სიმებს ეხებოდა. მარია აღმოჩნდა ის ქალი, ვის პოვნასაც ასე ცდილობდა ნაპოლეონი: მოყვარული, ყურადღებიანი, მორიდებული, რომელიც მთლიანად მას ეკუთვნოდა და თავისთვის არაფერს ითხოვდა.
მარია თან გაჰყვა ნაპოლეონს, როცა ის აღმოსავლეთ პრუსიის ფინკენშტაინის სასახლეში განლაგებულ შტაბ-ბინაში გადავიდა. ფინკენშტაინში მშვიდი გარემო იყო. მარია კითხვითა და ხელსაქმით ირთობდა თავს და ფანჯრის მიხურული დარაბებიდან ადევნებდა თვალს აღლუმებს.
1808 წლის დასაწყისში მარია ვალევსკა ნაპოლეონის თხოვნით პარიზში ჩავიდა, სადაც მაშინ იმპერატორი იმყოფებოდა. 1809 წელს ის თან ახლდა ნაპოლეონს ვენაშიც და შიორნბურგის რეზიდენციასთან ახლოს ცხოვრობდა. მარია სწორედ ვენაში დაფეხმძიმდა. ელეონორ დენუელის შემდეგ, რომელსაც 1806 წელს იმპერატორისგან ვაჟი, შარლ ლეონი შეეძინა, მარია იყო ერთადერთი ქალი, რომლის შვილის მამობაში ნაპოლეონს ეჭვი არ ეპარებოდა. ალექსანდრე ვალევსკი 1810 წელს დაიბადა ვალევიცეში, ვალევსკების საგვარეულო სასახლეში, ვარშავის ახლოს. მარიას მეუღლემ, გრაფმა ვალევსკიმ ის თავის კანონიერ შვილად აღიარა და გრაფის ტიტული მისცა. ვაჟის დაბადების ამბავი რომ შეიტყო, ნაპოლეონმა პარიზში მიიწვია მარია. 1810 წლის ბოლოს მარია პატარა ალექსანდრესთან ერთად პარიზში ჩავიდა. იმპერატორმა ალექსანდრე ვალევსკი თავის ქორწინებიგარეშე შვილად აღიარა და იმპერიის გრაფის ტიტული უბოძა.
დამარცხებული იმპერატორისთვის მძიმე დღეებში მარია ფონტენებლოში ჩავიდა და მთელი ღამე მისაღებში გაატარა, ნაპოლეონმა კი მაშინ მოიკითხა, როცა ის უკვე წასული იყო. ”გრძნობებმა, თქვენ რომ გამოძრავებთ, ძალიან ამაღელვა. ისინი თქვენი მშვენიერი სულისა და კეთილი გულის შესაფერისია. დიდი სიამოვნებით გინახულებთ თქვენც და თქვენს ვაჟსაც, რომლის მიმართ ჩემი გრძნობები მუდამ უცვლელი იქნება. იყავით ჯანმრთელი, სიყვარულით მომიგონეთ და არასოდეს შეგეპაროთ ეჭვი ჩემში. N“ ,- მისწერა მან მარიას.[1]
1814 წლის იანვარში მარია ვაჟთან ერთად ჩავიდა კუნძულ ელბაზე და და ნაპოლეონს მასთან ერთად გადასახლებაში დარჩენა შესთავაზა, მაგრამ ნაპოლეონი იმედოვნებდა, რომ მარია-ლუიზა გადასახლებაში მყოფ მეუღლესთან ცხოვრებას მოისურვებდა.
1815 წელს, ნაპოლეონის პარიზში დაბრუნების შესახებ რომ შეიტყო, მარია საჩქაროდ ჩავიდა პარიზში - მისმა ერთგულებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას ნაპოლეონი იმპერატორული დიდების გარეშეც უყვარდა.
მეორე ქორწინება
რედაქტირება1816 წელს მარია ვალევსკა ცოლად გაყვა გრაფ ფილიპ ანტუან დ’ორნანოს, ნაპოლეონის არმიის გენერალს, რომელიც, იმპერატორივით კორსიკელი, ნაპოლეონის გარე ბიძაშვილი იყო. მათ ლიეჟში იქორწინეს, სადაც გრაფი დ’ორნანო ცხოვრობდა საფრანგეთის ხელისუფლებაში ბურბონების დაბრუნების შემდეგ. 1817 წელს მათ ვაჟი, როდოლფი შეეძინათ. იმავე წელს მარია თირკმლების დაავადებით გარდაიცვალა. პოლონელი ნათესავების თხოვნით მარია ვალევსკა პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოდან კიერნოზიას საგვარეულო აკლდამაში გადაასვენეს.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მარია ვალევსკა“ ვიკისაწყობში.
- Countess Walewska relates how she met the Emperor.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Фредерик Массон, Наполеон и женщины, ISBN 5-8189-0814-3; 2007 г.
- ↑ ქეთი ტოროტაძე, ნაპოლეონის პოლონური სიყვარული - მარია ვალევსკა, ჟურნალი ისტორიანი, N8, 2012