მანუჩარ შარვაშიძე (სამურზაყანო)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შარვაშიძე.

მანუჩარ (მანჩა) შარვაშიძე (? — გ. 1813) — სამურზაყანოს მფლობელი. სოლომონ (სოლომა) შარვაშიძის ძე და ხუტუნია შარვაშიძის შვილიშვილი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1804 წლის 26 ნოემბერს მანუჩარ შარვაშიძე (ქართული ტექსტით) თხოვნით მიმართავს პავლე ციციანოვს რუსეთის მფარველობაში შესვლის თაობაზე[კ 1], რაზეც 1805 წლის 31 მარტს ციციანოვმა მადლობა გადაუხადა და აწგარდაცვლილ გრიგოლ დადიანთან არსებული კავშირის მეტი ახსნა მოსთხოვა[1].

1813 წელს მანუჩარ შარვაშიძე მოიკლა ბედიაში. აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს: ისტორიკოს ნ. დადიანის აზრით ლევან შერვაშიძის შვილ ხუტუნიასა და მანუჩარ შარვაშიძეს შორის არსებობდა ურთიერთშუღლი. იმ ღამეს, როცა ბედიაში იყვნენ, ხუტუნიამ მანუჩარს კაცი მიუგზავნა, რომელმაც იგი ღამით მძინარე მოკლა[2]; ხალხური გადმოცემით, მანუჩარი ძალიან სასტიკად ეპყრობოდა თავის ქვეშევრდომებს და მონაწილეობას იღებდა ტყვეთა გაყიდვაში. შ. დ. ინალ-იფას სიტყვებით, მანუჩარი მოიკლა გლეხის მიერ იმის გამო რომ მან ისარგებლა „პირველი ღამის უფლებით“[3]; დ. კრაევიჩის აზრით, მანუჩარი მოიკლა ბედიაში 1813 წელს, ბედიელი შარვაშიძეების ცნობით, ვინმე მეგრელი მაჯემ კვარაცხელიას მიერ, მისთვის მიყენებული შეურაცხყოფისათვის[4].

მანუჩარ შარვაშიძე დაქორწინებული იყო გრიგოლ დადიანის ქალიშვილ ქეთევანზე, რომლისაგანაც შეეძინა ორი ვაჟი ალექსანდრე და დიმიტრი. მანუჩარის გარდაცვალების შემდეგ მისი მცირეწლოვან შვილებზე მეურვეობა მათმა მკვიდრმა ბიძამ სამეგრელოს მთავარმა ლევან დადიანმა იკისრა და უფროსი ვაჟის ალექსანდრეს სახელით ახორციელებდა რეგიონის მართვას. მას შემდეგ რაც მანუჩარის ორივე შვილი სხვადასხვა ვითარებაში (ალექსანდრე 1829 წელს, ხოლო დიმიტრი — 1832 წელს) გარდაიცვალა, ლევან დადიანი გახდა სამურზაყანოს მფლობელიც[5].

კომენტარები

რედაქტირება
  1.  
    „ადრითგანვე უფლის დადიანის გრიგოლის დამორჩილებული ვიყავ და ბრძანებითა მისითა პუნკტსა თქვენ მიერ წარმოდგენილსა ჴელი მოვაწერე უფლის მაინოვისგან თქვენ მიერ წარმოვლენილსა და მწადს, სადაცა უფალი დადიანი გრიგოლ საფარველსა უმაღლესსა შინა შევიდა, თქვენ ძალით მეცა ვიყო მასვე მფარველობასა ქვეშე. ვინაითგან ქვეყანა ჩვენი იყო ზედ-მოკიდებულ დადიანისა კერძო ვიდრე აშლილობისა ჟამამდე და არა აქვნდა უფლება, არცა უწინარეს და არცა ამას ჟამსა, არცა პორტსა ათმანსა და არცა ქელაშ-ბეგსა, და მაქვს წადილი, რათა ქვეყანა ჩვენი დავამორჩილო თქვენსა ბრძანებასა, თანა დადიანისა სამფლობელოსა, და ამის ძლით ვითხოვ თქვენისა უღრმესისა კაცთ-მოყვარებისაგან, რათა პატივ-მცე მე მფარველობითა შენითა, და მაქვნდეს იმედი თქვენისა უღმესისა განმგებლობისა აღნიშვნითა ყოვლად-უმოწყალესისა ჴელმწიფისა მოწყალებისა ნიშნითა, რომელსაცა ჰაზრი ჩემი გამოუცხადე მე უფალს სტაცკი სოვეტნიკს პეტრე მაქსიმოვიჩს და მითვე გვარითა ვითხოვ, რათა თქუჱნ მიერ შეწყალებულ ვიქმნე.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. II, №1048, Тифлис, 1868, ст. 537
  2. Дадиани Н. История Грузии. Тб., 1962, с. 95.
  3. Ш. Д. Инал-ипа. Абхазы. – Сух., 1965, с. 469
  4. Краевич П. Д. Очерк устройства общественно-политического быта Абхазии и Самурзакани. 1869, ст. 321
  5. Очерк устроиства Абхазии и Самурзакани, «Сборник сведений о кавказских горцах». Вып., III, Тифлис, 1870, ст. 23-24
წინამორბედი:
ლევან შარვაშიძე
   სამურზაყანოს მფლობელი    
XVIII საუკუნის II ნახევარი — 1813
შემდეგი:
ალექსანდრე შარვაშიძე