მამადავითობადავით გარეჯელის სახელობის დღესასწაული, რომელიც იმართება ამაღლების პირველ ხუთშაბათს, თბილისში, მთაწმინდაზე. დავით გარეჯელს დაუარსებია ქრისტიანული სამლოცველო, რომელიც დღესაც მამა დავითის ეკლესიის სახელითაა ცნობილი. მამა დავითის თბილისში მოღვაწეობის ხანა მრავალ ლეგენდაშია ასახული, სადაც შემორჩენილია ცნობები „ქაშვეთის“ დაარსებაზე, დავითის ცხარე შეტაკებებზე სპარსელ მოგვებთან, რომლებიც ცეცხლთაყვანიცემის დანერგვას ცდილობდნენ. დავითის მოღვაწეობას დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია თანამედროვეებსა და შემდგომ თაობებზე, ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა, ასევე შეიქმნა მისი ხალხური კულტიც, რომელმაც ბევრი რამ შეითვისა არქაული ხალხური წარმოდგენებიდან. ხალხური წარმოდგენების თანახმად, დავითი მინდვრის „ყარაული და წმინდა ელიას ძმაა“ (წითელი წყარო). დღესასწაულზე მას სწორედ მინდვრის დაცვას ევედრებიან. მთაწმინდის მამადავითობაში ნათლად შეიმჩნევა ნაყოფიერების კულტისა და სქესთა ურთიერთობის ამსახველი აქცენტები. აქ თავს იყრიდნენ მლოცველები თბილისიდან და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მლოცველები ღამეს ათევდნენ, იმართებოდა პურობა, ლხინი. სწირავდნენ საკლავს, ეკლესიაში აკურთხებინებდნენ ყვავილებსა და მწვანე ბალახს და შემდგომ ნაკურთხი მწვანით ამკობდნენ რიტუალურ სუფრას. რიტუალის ბუნება, მისი გამართვის დრო მიგვანიშნებს, რომ მამადავითობა იმ წინაქრისტიანული საგაზაფხულო დღესასწაულის მემკვიდრე ყოფილა, სადაც თაყვანისცემოდა ბუნების აღორძინებისა და ხორციელი სიყვარულის მფარველი ღვთაება. მოგვიანებით ეს წარმოდგენები წმინდა მამა დავითს დაუკავშირდა და ძველი წინაწრისტიანული ღვთაების ადგილი დაიჭირა. ამიტომ არის, რომ მას თაყვანს სცემენ არა როგორც მხოლოდ ქრისტიანულ წმინდანს, არამედ, როგორც ხატს. ქრისტიანული მოღვაწეების ასეთი გაღმერთება ჩვეულებრივი მოვლენა იყო ძველ საქართველოში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სურგულაძე ირ., ქსე, ტ. 6, გვ. 393, თბ., 1983