მაგელანის ღრუბელი (რომანი)
„მაგელანის ღრუბელი“ (პოლ. Obłok Magellana) — პოლონელი მწერლის, სამეცნიერო ფანტასტის და ფუტუროლოგი ესეისტის სტანისლავ ლემის 1954-60 წლის რომანი, სადაც აღწერილია ადამიანური ცივილიზაციის მიერ გიგანტური ხომალდის გაგზავნა კოსმოსის კვლევის და შეძლებისდაგვარად, უცხო ცივილიზაციებთან კონტაქტის დამყარების მიზნით. რომანი ითვლება სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკად.
სიუჟეტი
რედაქტირებარომანის მოქმედება ვითარდება XXXII საუკუნეში. დედამიწაზე კომუნიზმი და იდეალური სოციალური წესრიგი მეფობს. შედეგად, საწარმოო ძალების გიგანტურმა გამონთავისუფლებამ არა მხოლოდ სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი დააჩქარა, არამედ თავად დედამიწის კლიმატიც კი შეცვალა. რომანის მთავარი გმირი იბადება გრენლანდიაზე პოლარული წრის მახლობლად, „კუნძულის იმ მხარეში, სადაც ტროპიკულ კლიმატს ზომიერი ცვლის და პალმიანი ჭალების გვერდით ტანაყრილი ფოთლოვანი ტყეებია.“ თუმცა ადამიანს ჯერჯერობით მხოლოდ მზის სისტემა აქვს ათვისებული და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის კვალდაკვალ საშუალება ჩნდება ერთი თაობის სიცოცხლეში მივაღწიოთ მზიდან უახლოეს ვარსკვლავს, ცენტავრის ალფას. მთავარი გმირი თავისი ენერგიული მისწრაფებით და კიბერნეტიკის, ასტრონავტიკის, მედიცინის მიზანმიმართული შესწავლით და ოლიმპიადაში გამარჯვებით იხდენს სანუკვარ ოცნებას და ეწერება ხომალდ „გეას“ 227 კაციან ეკიპაჟში, რომლის დანიშნულებაა სტარტის აღება ალფა ცენტავრისკენ 3114 წელს.
მრავალწლიანი მგზავრობის მანძილზე ხომალდის ბორტზე უამრავი პრობლემა იბადება. მათგან ყველაზე საშიშია მთელი ეკიპაჟის დეპრესიის მდგომარეობაში ნერვული შოკის ზღვარზე ყოფნა. მიზანთან მიახლოებისას შემთხვევით ეკიპაჟი აღმოაჩენს წარსული პერიოდის საბრძოლო ხომალდს, ე.წ. „ატლანტების“ ბლოკიდან, რომელიც კომუნისტური სამყაროს საწინააღმდეგო ბანაკი იყო. ატომური და ბაქტერიოლოგიური იარაღით დატვირთული ეს ხომალდი, რომელმაც ათასი წლის მანძილზე დრეიფით მოაღწია ცენტავრის ალფას, ეკიპაჟის გადაწყვეტილებით ფეთქდება-ფორმალურად საშიში ტვირთის გასანადგურებლად, რეალურად კი წარსულიდან გაქცევის მიზნით. ეკიპაჟის ეს ნაბიჯი ძალზე ტრაგიკული აღმოჩნდება.
ცენტავრის ალფასთან მიახლოებისდა კვალდაკვალ „გეა“ იჭერს სიგნალს ვარსკვლავის ერთ-ერთი პლანეტიდან. სიგნალის ხასიათი, მისი რეგულარულობა, გავრცელების არეალი და ორგანიზებულობა არავითარ ეჭვს არ ბადებს და ცალსახად ამტკიცებს მის ხელოვნურობას. „გეა“ დაუყოვნებლივ ცვლის კურსს და პლანეტისკენ მიემართება. ხომალდის ნებისმიერ მცდელობას დაამყაროს კონტაქტი პლანეტასთან, შედეგი არ მოჰყვება, თუმცა თავად პლანეტის სიგნალი უფრო და უფრო ძლიერდება. დაკვირვებები, მათ შორის ოპტიკური დამზერითი სამუშაოები აშკარად მიუთითებს პლანეტაზე გონიერი სიცოცხლის არსებობას. მეტიც, ეს სიცოცხლე არეგულირებს პლანეტის ორბიტულ და ღერძულ გარემოქცევებს. პლანეტაზე დესანტის გადასხმისას მოულოდნელად ატმოსფეროში რაკეტები ფეთქდება და 10 ასტრონავტი იღუპება. თავზარდაცემული ხომალდი არ ჩქარობს პასუხის გაცემას, თუმცა მას აქვს საშუალება პლანეტის მყისიერი აორთქლებისა; დაუყოვნებლივ ტრიალდება უკან და მთელი სისწრაფით უკან იხევს. ხომალდის საბჭოზე აღიარებულ მეცნიერს დოქტორ გოობარს გამოაქვს დასკვნა რომ პლანეტის მცხოვრებთა საქციელი დიდწილად ხომალდის ქმედებით იყო განპირობებული ატლანტელთა ხომალდის აფეთქებისას და მშვიდობიანი კონტაქტის მცდელობა უნდა გაგრძელდეს. ამასობაში მთავარი გმირი მეწყვილესთან ერთად იგზავნება ასტეროიდზე, რომელიც შემდგომში უნდა გახდეს პლანეტის და დედამიწის ტრანზიტული პუნქტი, თავისებური ნეიტრალური ზონა, სადაც ორივე ცივილიზაცია მეგობრულ კონტაქტს დაამყარებს ერთმანეთთან. ბაზის მშენებლობისას მეტეორული წვიმის შედეგად კავშირი იკარგება „გეასთან.“ კავშირის აღდგენის მცდელობისას მთავარი გმირის მეწყვილე რადიაციის სასიკვდილო დოზას იღებს. მთავარი გმირი იძულებულია მოატყუოს მეწყვილე რომ „გეასთან“ კავშირი აღდგა და უყვება მის მიერ შეთხზულ ინფორმაციებს პლანეტის მაღალგანვითარებულ და ჰუმანურ ცივილიზაციასთან კონტაქტის შესახებ. თუ როგორ შეძრწუნდა პლანეტა, როცა გააცნობიერა რომ სინამდვილეში მეგობრები ამოხოცა და არა მტრის დივერსანტები. მეწყვილე აცნობიერებს ტყუილს და სიკვდილის პირას მთავარ გმირს ამცნობს რამდენად ამსუბუქებს მომაკვდავ ადამიანის ბედს შეთხზული ბედნიერი დასასრული. მთავარი გმირი იტანჯება ტყუილზე წასწრებით და ამასობაში მეწყვილე იღუპება.
აგონიაში მყოფი მთავარი გმირი ინსტინქტურად იწყებს მოქმედებას. იგი მეგობარს ემშვიდობება და მხოლოდ უკანასკნელ წამს ირკვევა რომ არ ტყუოდა და სრულ სიმართლეს ეუბნებოდა მეგობარს, ისე რომ თავადაც არ იცოდა ამის შესახებ. უკანასკნელი თავის და ამდენად, მთელი რომანის ტრაგიკული და ამავ დროს ჰეროიკული ფინალი ერთ-ერთ შედევრად ითვლება სამეცნიერო-ფანტასტიკურ ლიტერატურაში.
გავლენა
რედაქტირება1963 წელს იმდროინდელ ჩეხოსლოვაკიაში ინდრჟიჰ პოლაკის რეჟისორობით გადაიღეს ფილმი „Ikarie XB 1“ რომანის მოტივებზე.
ავტორის პოზიცია
რედაქტირებაითვლება, რომ „მაგელანის ღრუბელი“ არ მიეკუთვნება ლემის საუკეთესო ნაწარმოებთა რიცხვს და მისი მხატვრული ღირებულებები შედარებით მცირეა გვიანდელ კლასიკურ ნამუშევრებთან შედარებით. მაგრამ მიუხედავად ამისა, ნაწარმოები დღემდე რჩება სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთ ქრესტომათიულ მაგალითად. თავად ლემი მოგვიანებით საკმაოდ კრიტიკულად უდგებოდა ნამუშევარს, მიიჩნევდა მას სუსტად და კომუნიზმის აპოლოგიად. ამ მიზნით ლემმა აკრძალა ნაწარმოების იაპონურად თარგმნა, რადგან „იაპონიამ არ იცოდა კომუნისტური რეჟიმი და თუ ჩემი რომანი კომუნიზმში თუნდაც ერთადერთ იაპონელს მაინც მოაქცევდა, მე ჯოჯოხეთის ცეცხლში დავიწვებოდი.“[1][2]
თარგმანები
რედაქტირებარომანი თარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. მათ შორის ქართულად ნორა ქართველიშვილის მიერ და გამოცემულია გამომცემლობა „ნაკადულის“ მიერ 1970 წელს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Станислав Лем. Интервью «Общей газете». — 20.01.2000.
- ↑ Станислав Лем. Молох. «АСТ», გვ. 373-381. ISBN 5-17-025968-9.