ლუი დე ბურბონი (1667-1683)
ლუი დე ბურბონი (ფრანგ. Louis de Bourbon; დ. 2 ოქტომბერი, 1667 — გ. 18 ნოემბერი, 1683) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი საყვარლის, ლუიზა დე ლა ვალიერის ვაჟი. შემდგომში იგი სცნეს კანონიერ შვილად და მიანიჭეს ვერმანდუას გრაფის წოდება. გარდაიცვალა 16 წლის ასაკში, უცოლო და უშვილო.
ლუი დე ბურბონი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
2 ოქტომბერი, 1667 პარიზი, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
18 ნოემბერი, 1683, (16 წლის) კუტრე, ფლანდრია |
ეროვნება | ფრანგები |
წოდება | ვერმანდუას გრაფი |
რელიგია | კათოლიციზმი |
მშობლები |
მამა: ლუი XIV, საფრანგეთის მეფე დედა: ლუიზა დე ლა ვალიერი |
ბიოგრაფია
რედაქტირებალუი დაიბადა 1667 წლის 2 ოქტომბერს საფრანგეთში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი საყვარლის, ლუიზა დე ლა ვალიერის უკანასკნელი საერთო შვილი, რომელსაც სახელი მამამისის პატივსაცემად დაარქვეს. ლუის მხოლოდ ერთი ღვიძლი და ჰყავდა, მარი ანა დე ბურბონის სახით, რომელთანაც საოცრად თბილი ურთიერთობა ჰქონდა.
1669 წელს მოხდა ლუის ლეგიტიმაცია, რის შემდეგაც მას ვერმანდუას გრაფობა უბოძეს, რამდენიმე წელიწადში კი იგი საფრანგეთის ადმირალიც ხდება.
1674 წელს ლუის დედამ, ლუიზა დე ლა ვალიერმა დატოვა სამეფო კარი და მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა, შვილები კი აღსაზრდელად თავის მეგობარს, ლუიზ დე ლა მიზერიკორდს დაუტოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ მამის მხრიდან ლუის უამრავი ნახევარ-და-ძმა ჰყავდა.
მას შემდეგ, რაც იგი დედამ დატოვა, იგი თავის ბიძასთან, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-თან და მის ცოლთან, ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელთან იზრდებოდა. ცნობილია, რომ ასევე მათთან იზრდებოდნენ ლუი XIV-ის სხვა ბასტარდები.
სწორედ ამ პერიოდში დაუახლოვდა იგი თავისი ბისექსუალი ბიძის საყვარელ შევალიერ დე ლორენს. სულ მალე შევალიერი და ლუი ძალიან დაახლოვდნენ და რომანიც კი გააბეს, რომლის გასაჯაროვებასაც სამეფო კარზე დიდი სკანდალი მოჰყვა. როდესაც ეს ამბავი ლუის საცოლემ, კონტის პრინცესა ანა ლუიზა ბენედიტამ შეიტყო, დაუყოვნებლივ ჩაშალა ნიშნობა.
1682 წლის ივნისში ლუი XIV-მ გრაფი დე ვერმანდუა ნორმანდიაში გააძევა. ლუის მალევე დაეხმარა მისი ბიცოლა ელიზაბეთ შარლოტა, რომელიც მას დაეხმარა ფლანდრიაში წასულიყო და თავისუფლად ეცხოვრა, როგორც ჯარისკაცს. თუმცა 1683 წლის 18 ნოემბერს ქალაქ კუტრეს ალყის დროს ლუი მოკლეს, 16 წლის ასაკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Neill, James (2011). The Origins and Role of Same-Sex Relations in Human Societies. McFarland. ISBN 978-0786469260.
- Riley, Philip F. (2001). A Lust for Virtue: Louis XIV's Attack on Sin in Seventeenth-century France. Greenwood Publishing.
- Rowlands, Guy (2002). The Dynastic State and the Army under Louis XIV: Royal Service and Private Interest, 1661-1701. Cambridge University Press.